პიკი გადავლილია - მოიხსნება თუ არა ვადაზე ადრე ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვები

“ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეებში ახალ კორონავირუსზე ტესტირებების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, ამის ფონზე ვირუსის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.

მაგალითად, 2 მაისს, ტესტირება 1300-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა, აქედან კოვიდ-19 მხოლოდ 16-ს აღმოაჩნდა. წინა დღეებში კი, როდესაც გაცილებით ნაკლები ტესტირება ტარდებოდა, მატება საშუალოდ 25-27 იყო, რაც, მედიკოსების ნაწილის შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი საქართველომ უკვე გადაიარა. თუმცა, მიუხედავად ინფიცირების ასეთი დაბალი მაჩვენებლისა, ინფექციონისტები მაინც ერთგვარ სიფრთხილეს იჩენენ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე გაუქმების შესაძლებლობაზე საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პიკი გადავლილია - მოიხსნება თუ არა ვადაზე ადრე ეპიდემიის გამო მოქმედი შეზღუდვები.

 

“მათი შეფასებით, უმჯობესია ჯერ ეპიდემიის დინამიკას დავაკვირდეთ და თუ კლების ტენდენცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდა, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაზე შემდეგ ვიფიქროთ. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, “გარკვეულწილად პიკი გადავიარეთ. ძალიან ნელა, უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს შეზღუდვების მოხსნა, რომ ისევ არ წამოვიდეს პიკი”. ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ასევე აღნიშნავს, რომ დღევანდელი სტატისტიკა მოწმობს პიკის გავლას და თუ დადებითი დინამიკა შენარჩუნდა, შეზღუდვების მოხსნა, როგორიცაა ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება და ჩაკეტილი ქალაქების გახსნა, შესაძლოა ვადაზე ერთი კვირით ან ათი დღით ადრე მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“სამიზნე პაციენტებში დადასტურებული შემთხვევების კლება იმაზე მიგვანიშნებს, რომ პიკი ან გადავიარეთ ან ამ ფაზაში გადავდივართ... პიკი დაახლოებით დგება შიდა გადაცემიდან მე-6 კვირას, რომელიც წინა კვირაში იყო. თეორიულად შესაძლებელია რომ პიკი გადავლილია, თუმცა, ჯობია დინამიკას ერთი კვირა დავაკვირდეთ და შემდეგი კვირის ბოლოს უფრო დაზუსტებით შევძლოთ საუბარი... უნდა მოხდეს შეზღუდვების მოხსნა ერთი კვირით ან ათი დღით ადრე, მაგრამ არ მგონია ეს ათი დღე რამეს ცვლიდეს. ამიტომ ჯობს, როგორც დაანონსებულია, სიფრთხილის გათვალისწინებით, 22 მაისს მოხდეს შეზღუდვების მოხსნა მიუხედავად იმისა, რომ მეტად დადებითი დინამიკა გვაქვს, ვიდრე სავარაუდო იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

"ჯანდაცვისა სპეციალისტი ვატო სურგულაძე “რეზონანსთან” განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს. მისი შეფასებით, ბოლო დღეების სტატისტიკა არ მოწმობს იმას, რომ ერთგვარი პიკის ფაზა უკვე გადავიარეთ, რადგან დღეს თუ ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია, ხვალ შეიძლება ორჯერ მეტი იყოს. ამასთან, საჭიროა ინფიცირების დაბალი მაჩვენებელის და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია 10-14 დღე მაინც გაგრძელდეს, რომ პიკის გადავლაზე ვისაუბროთ. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ აკრძალვებს, მისი თქმით, შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე უნდა მოიხსნას, რადგან უსარგებლოა და ვირუსის გავრცელების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. უმრავლესობის ყოფილი წევრი და სამედიცინო ექსპერტი აკაკი ზოიძეც “რეზონანსთან” გატარებული შეზღუდვების დროზე ადრე მოხსნის შესაძლებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ამა თუ იმ აკრძალვის გაუქმების პარალელურად უნდა გაგრძელდეს მონიტორინგი - რა მივიღეთ შედეგად”, - დასძენს გამოცემა.

 

“ეს პიკის გადავლას ნამდვილად არ ნიშნავს, რადგან უნდა გვქონდეს მდგრადი ცვლილება - შეიძლება ხვალ 35 იყოს,არავინ იცის. როდესაც მივიღებთ მდგრად ტენდენციას, რომ ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, ამავე დროს იკლებს აქტიური პაციენტების რაოდენობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც ეტაპი გადავლახეთ. თუმცა, შეიძლება მეორე ტალღაც წამოვიდეს და ეს მეორე ტალღა ჩვენთანაც იყოს. მუდმივად კლების ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს და როდესაც ეს ტენდენცია 10-14 დღის განმავლობაში ერთნაირი იქნება, ვიტყვით, რომ მძიმე ეტაპი გადავიარეთ... კომენდანტის საათი დღესვე უნდა გაუქმდეს. ამასთან, უნდა გაუქმდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც ხელს არ უწყობს ინფექციის გადადებას, როგორიც არის მანქანაში 3 კაცის ჯდომა, ქალაქებს შორის ტრანსპორტით გადაადგილება. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ტრანსპორტიც გავიდეს. ესპანეთში ამხელა რაოდენობა იყო და მეტრო არც გაჩერებულა, აკონტროლებდნენ. „კომენდანტის საათი არ არის ის ღონისძიება, რომელიც შეიძლება ინფექციის გადადების შანსს ამცირებდეს. ეს უბრალოდ მთავრობის “რაღაცაა”, რომ სიტუაციას აკონტროლებს. ღონისძიებები, რომელიც არ არის დაკავშირებული ინფექციის გადადებასთან, ყველა უნდა მოიხსნას არა 22 მაისს, არამედ ხვალვე და ეს არავითარ პრობლემას არ გამოიწვევს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

 

“შეზღუდვების მოხსნა აუცილებელია, მაგრამ უნდა ვისწავლოთ სიფრთხილე. რეალურად შევეჩვიეთ დისტანციის დაცვას, რომ ვირუსის გადადების ალბათობა მაქსიმალურად შევამციროთ და ალბათ ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება იმას, შეზღუდვები როგორ უნდა მოიხსნას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორ კვირაში ერთხელ შეფასდეს რამდენად არ მოყვა ამა თუ იმ შეზღუდვის მოხსნას ვირუსის გავრცელების დაჩქარება. მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სურათი და მონიტორინგი პარალელურად გაგრძელდეს. ამ შეფასების გზით შემდეგ ოპტიმალური ვარიანტი უნდა შევარჩიოთ, მაგალითად, ეს იქნება სწავლის განახლება თუ სხვა”, - თვლის გამოცემასთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

წაკითხვა 520 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 04 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.