რუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის გამო კვლავ თავს ესხმის - რას პასუხობენ თბილისში
“რუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის გამო თავს კიდევ ერთხელ ესხმის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან დააყენა ორი პირობა, ერთი - ლუგარში რუსი ექსპერტების დაშვება და მეორე - რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონაში სადამკვირვებლო მისია დაუშვას, თუ თბილისი მოსკოვს საკუთარ ტერიტორიაზე ფრენის ნებას მისცემს. საუბარია სადამკვირვებლო ფრენებზე. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს “ღია ცის” შეთანხმების დარღვევაშიც ადანაშაულებს და საქართველოს პოზიციას დესტრუქციულს უწოდებს. 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან ლუგარის ცენტრის შესაბამისობის საკითხი “კითხვებს ბადებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთი საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის გამო კვლავ თავს ესხმის - რას პასუხობენ თბილისში.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი “არ განმარტავენ, თუ რა საქმიანობას ეწევა ლაბორატორია რუსეთის საზღვრებთან ახლოს”. ოფიციალური მოსკოვი ლუგარის ცენტრში - რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საკუთრებაა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მართავს - რუსი სპეციალისტების დაშვებას მოითხოვს. მოსკოვის განცხადებით, ლუგარის ცენტრს რუსი ექსპერტები მხოლოდ იმ პირობით ესტუმრებიან, თუ მათ წვდომა ლაბორატორიის ყველა შენობაზე, “მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ სივრცეებზეც” ექნებათ. ოფიციალური მოსკოვი ასევე განმარტავს, რომ რუსეთი “ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად” აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობას კვლავაც განაგრძობს. უწყებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს “ღია ცის” ხელშეკრულებას და ცდილობს ის გამოიყენოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარებისთვის. ლუგარის ლაბორატორიას რაც შეეხება, რუსეთის ბრალდებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ უარყო. ცენტრის წინააღმდეგ განცხადებებს 1 მაისს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ “ლაბორატორიაზე თავდასხმა და ყალბი ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2018 წელს აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრი, რომელსაც სრულად საქართველოს მთავრობა მართავს და აფინანსებს, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო ვალდებულებებს გაეროს კონვენციების შესაბამისად ასრულებს. ბიოლოგიური იარაღის კონვენციის შესაბამისად (რომელსაც საქართველო 1996 წელს შეუერთდა) საქართველოს ხელისუფლებამ ლაბორატორიაში საერთაშორისო შემოწმება 2018 წლის ნოემბერში ჩაატარა, რომელსაც 17 ქვეყნიდან მოწვეულ ექსპერტთა და დამკვირვებელთა 22-კაციანი ჯგუფი დაესწრო. მაშინ რუსეთმა ამ პროცესს “პროპაგანდისტული” უწოდა და შემოწმებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. “ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ, - ეს კი ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მოწოდებაა, რომელიც მან რუსეთის საგარეო უწყების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, სპეკულაციურ აზრებს საფუძვლად უდევს პოლიტიკური სარჩული, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას უკავშირდება”, - განაგრძობს გამოცემა.
“დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწია ქვეყანას. არ მინდა, ამაზე ღია ეთერში საუბარი, იცით ხომ რა ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი მესამეა დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. პირიქით, ჩამობრძანდით, ნახეთ როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენჯერმე შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა, ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ლუგარის ცენტრის ყველა ლაბორატორია, დამალული არაფერია. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე”, - აღნიშნა გამყრელიძემ. “ლუგარის ლაბორატორიაზე ეს ახალი და პირველი არ არის. მოგეხსენებათ, რომ პერიოდულად ახსენდებათ ხოლმე ეს თემა და რაღაც თემების გადასაფარად იყენებენ ხოლმე. ასე რომ, ჩვენ მიჩვეული ვართ ამას. როცა მოვიწვიეთ, მაშინ არ მოვიდნენ. შემდეგშიც იყო ამაზე საუბარი. რამდენი ხანი შეიძლება ერთი და იგივეს ლაპარაკი?” - განაცხადა პაატა იმნაძემ. კითხვაზე, თანახმა არიან თუ არა რუსი ექსპერტების ჩამოსვლაზე იმისთვის, რომ ესტუმრონ ლუგარის ლაბორატორიას, იმნაძე ამბობს, რომ “ყველაფერი მოლაპარაკების საგანია”, - დასძენს გამოცემა.
“ახლა მითუმეტეს, როცა ძალიან ბევრმა სკეპტიკოსმა ჩვენს ქვეყანაშიც დაინახა ლაბორატორიის როლი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, უცებ გააქტიურდა ეს თემა”, - თქვა პაატა იმნაძემ. რუსეთის განცხადებას ასევე პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს საქართველოს წარმატებით გამოწვეული რეაქციაა, რაც “ოკუპანტ ქვეყანას ხშირად ჩვევია”. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძის თქმით კი რუსეთი კორონავირუსთან ბრძოლას თავს ვეღარ ართმევს, ამიტომაც მტრის ხატის შექმნას ცდილობს. “ეს არის კლასიკური, მავნებლური კრემლის პროპაგანდა... რუსეთში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა და როგორც ჩანს, დაიწყეს მტრების ძებნა. ბევრჯერ მიგვიღია სტუმრები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და ისინი ყველანი კარგად არიან ინფორმირებული იმაზე, რეალურად რა ხდება ლუგარში”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. იმავე აზრზეა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილიც. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე პოზიციების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. “ვერანაირ დათმობაზე საქართველო ვერ წავა, რადგან ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე, მათზე ჩვენი სუვერენული უფლების დათმობას. ასევე, არღვევს იმ ხელშეკრულების პირობებს, რომელიც გაფორმდა 2008 წელს”, - ამბობს სალომე სამადაშვილი, რომლის თქმით, ეს არის პრინციპული საკითხი და რუსეთმა ძალიან კარგად იცის ეს”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი