5G-და COVID-19 - მითი თუ რეალობა

ადამიანს კონსპირაციული თეორიები საუკუნეებია მოსვენებას არ აძლევს.

ნებისმიერი მნიშნელოვანი მოვლენის უკან, წინასწარ ჩაფიქრებული, მზაკვრული გეგმის ძიება, ან მისი დაკავშირება მისტიკურ ავტორებთან, ახალი ნამდვილად არ არის. გამონაკლისი არც "ახალი კორონავირუსის" პანდემიაა. საზოგადოების სხვადასხვა წრეები ეპიდემიის აფეთქების უკან, ხან გეოპოლიტიკურ მიზნებს, ხან კი, თანამედროვე ტექნოლოგიებს ხედავენ. ამჯერად გაჩნდა მოსაზრება, რომ ახალი თაობის მობილური ინტერნეტის ქსელი 5G ვირუსის კატალიზატორია და ადამიანებს COVID-19 სწორედ ახალი თაობის ინტერნეტ ქსელის გამო უვითარდებათ. 

 

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინტერნეტის ახალი საეტაპო ნაბიჯის წინააღმდეგ ჯგუფები სწორედ სოციალურ ქსელებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ირაზმებიან.  უკვე გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ასახულია ხანძრის ალში გახვეული 5G ანძები. ვიდეოებს თან ახლავს ტექსტებიც, რომლითაც ირკვევა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები ამ ანძებს ცეცხლს "სასიკვდილო საფრთხის" გასანეიტრალებლად უკიდებენ.  დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი, ერთ-ერთია, სადაც ანძებზე ნადირობაა გამოცხადებული. რემდენიმე ადგილობრივ რადიოსადგურში, ყოველგვარი სამეცნიერო საფუძვლის გარეშე ჰყვებიან ვერსიებს, თუ როგორ იწვევს 5G ქსელი "ახალი კორონავირუსის" გააქტიურებას, მუტაციას, ადამიანის ფილტვებიდან ჟანგბადის შეწოვას და ა.შ. 

 

კონსპირაციის თეორიის მომხრე რადიკალების ქმედებით აღშფოთებულმა წამყვანმა მობილურმა ოპერატორებმა, მოსახლეობას მოუწოდეს შეწყვიტონ თავდასხმა 5G ქსელის გამავრცელებელ კოშკურებზე. ლონდონის მოსახლეობის ნაწილი, არა მარტო ანძებს არბევს, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ და საქმიანობაში ხელს უშლიან იმ ადამიანებს, ვინც ახალი მობილური ქსელის გასამართ საინჟინრო საქმიანობას უშუალოდ ახორციელებს. 

 

ვიდეოში, რომელიც "ტვიტერზე" BBCnews-ის ჟურნალისტმა გამოაქვეყნა, ჩანს როგორ უახლოვდება ინჟინრებს კონსპირაციის თეორიის მომხრე ქალბატონი და მოუწოდებს მათ, უარი თქვან იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც ხალხს დახოცავს. "ოჯახი გყავთ?! მიკვირს რას გიხდიან იმდენს, რომ თანხმდებით ხალხის დახოცვას"-ეუბნება მათ ლონდონის მკვიდრი. 

 

რაც დაზუსტებით ვიცით:

 

არ არსებობს არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული კავშირი 5G ქსელსა და ადამიანის ჯანმრთელობის, მითუმეტეს ვირუსის გავრცელებას შორის. 

 

5G - ეს არის 4G-ზე დაახლოებით 20-ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი, რომლის სატესტო რეჟიმში გაშვებაც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში 2018 წლიდან მიმდინარეობს და ამ ქალაქების რიცხვი მზარდია. ჯერჯერობით უცნობია როდის დაინერგება ახალი თაობის ქსელი საქართველოში, თუმცა,  კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2019 წელს გამოაქვეყნა მეხუთე თაობის (5G) ქსელის განვითარების მხარდამჭერი დოკუმენტიც, სადაც აღნიშნულია, რომ 5G-ს გამოყენება მთელ რიგ პრობლემურ საკითხებს გადაჭრის და განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: ტრანსპორტირება,  წარმოება,  მედია,  ენერგეტიკა,  საჯარო უსაფრთხოება,  „ჭკვიანი ქალაქები“ (Smart Cities),  ელექტრონული ჯანდაცვა (eHealth). 

 

მიუხედავად იმ სარგებლისა, რაც ტექნოლოგიურ პროგრესს თან სდევს და რაზეც არაერთი გავლენიანი გამოცემა წერს, კონსპირაციული თეორიის მომხდეები არ ცხრებიან და კვლავ გრძელდება სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელება "სამეცნიერო მტკიცებულებებად", თითქოს არსებობს არგუმენტები, რაც ადასტურებს, რომ 5G-ს დამანგრეველი გავლენა აქვს ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ასეთი რეალური არგუმენტი კი ამ დროისთვის არცერთ სამეცნიერო კვლევით ცენტრს არ აქვს. უცნობია ისიც, დგას თუ არა გულწრფელი აღშფოთებისა და 5G-ქსელის საწინააღმდეგოდ შექმნილი კონსპირაციული თეორიის უკან, რაიმე სხვა ძალა. ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორიცაა "როიტერსი", პანდემიად გამოცხადებისთანავე, წერდა იმის შესახებ, რომ რუსეთი, ევროპაში პანიკის დასათესად "ახალ კორონავირუსთან" დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანიას ახორციელებს.

წაკითხვა 420 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.