რამდენკაციანი ჯგუფი ამზადებდა გაბუნიას მკვლელობას

“არის თუ არა “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული მხოლოდ ერთი პირი და შესაძლოა თუ არა, რომ მის ლიკვიდაციას რამდენიმე ადამიანი გეგმავდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავს დანაშაულს მინიმუმ სამი ადამიანი მაინც გეგმავს. ერთი მოთვალთვალეა, მეორე უშულოდ მის პიროვნებას და გადაადგილებას სწავლობს, მესამე კი ამ დავალებას ასრულებს. შესაბამისად ჩნდება კითხვა გადაიარა თუ არა საფრთხემ და ხომ არ შეიძლება დამნაშავეებს გეგმა “ბ” ჰქონდეთ. როგორც ჩანს ამ ვერსიას სუს-ში განიხილავენ, რადგანაც გვიან ღამით ისანში სპეცოპერაცია ჩატარდა. ვის და რას ეძებდნენ ქართველი სამართალდამცველები ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც სუს-ში რაიმე სახის განმარტებას ამ ეტაპზე არ აკეთებენ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაკავებული არავინ არის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენკაციანი ჯგუფი ამზადებდა გაბუნიას მკვლელობას - “დიდი ალბათობით დაკავებული მარტო არ მოქმედებდა”.

 

“ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები გიორგი მდივნის ქუჩაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები იყვნენ მობილიზებულნი. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, უკავშირდება თუ არა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ბოკოვის დაკავებას. თუმცა სუს-ში, ამ ვერსიას უარყოფენ. ვინ არის, სავარაუდოდ, გაბუნიას მკვლელობის მომზადებისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოევი და როგორ ჩავარდა ის. “რეზონანსს” უკრაინაში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი სამხედრო უყვება, რომ დაკავებული პირი რუსეთის ეფესბე-ს სპეცდანიშნულების რაზმის “ვიმპელის” მოქმედი თანამშრომელია. სავარაუდოდ, ის კადიროვისგან გაბუნიაზე თავდასხმის ან გატაცების ნიშანს ელოდა და მან საქმის სისრულეში მოყვანას ამდენი დრო ამიტომაც მოანდომა. აქვე ის გამოთქვამს ეჭვს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა. ასევე გაჩნდა ეჭვი, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილე იგივეს ჯგუფი უნდა მოქმედებდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“თავად გიორგი გაბუნია არ გამორიცხავს, რომ მის ლიკვიდაციას არა ერთი ადამიანი, არამედ კონკრეტული ჯგუფი ამზადებდა. შესაბამისად, გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს უშუალოდ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოევია თუ არა დაქირავებული ქილერი, რომელსაც გაბუნიას მკვლელობა უნდა შეესრულებინა. გიორგი გაბუნიას მკვლელობის მზადება კი სავარაუდოდ, მას შემდეგ ჩავარდა, რაც უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი შაიტანოვი მხილებულ იქნა რამზან კადიროვთან კავშირში. გამოძიების ინფორმაციით, მას კადიროვისა და პუტინის მოწინააღმდეგის შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში 1 მილიონი დოლარი ჰქონდა აღებული. გენერალი შაიტანოვი უკრაინაში აპრილის დასაწყისში დააკავეს. სწორედ ამ სპეცოპერაციების შედეგად გახდა უკრაინელი სამართალდამცავებისთვის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის საქმის შესახებ, რაც მოგვიანებით ქართველ კოლეგებს აცნობეს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“უკრანული მედია კი წერს, რომ საქართვეელოში დაკავებული ასლანბეგ ბოკოევი კადიროვის მარჯვენა ხელია. ამიტომაც კადიროვის კიდევ ერთი მუქარის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა გაბუნია ჯერ გაეტაცებინათ და მისთვის საჯაროდ ბოდიში მოეხდევინებინათ და შემდეგ მოეკლათ. ეს ეჭვი კადიროვის განცხადებამ კიდევ უფრო გაამყარა. “როგორც ადრე ვთქვი, გიორგი გაბუნიას ურჩევნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს”, - ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა. კადიროვი ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაციის შეკვეთას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მისგან მიღებულ დავალებებს ყოველთვის ასრულებენ. “დღევანდელი ქართული პოლიტიკა მკვდარია, ზუსტად ისევე, როგორც უკრაინული. ნაცვლად იმისა, რომ ამ ქვეყნების მთავრობები ხალხზე ფიქრობდნენ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად თქვეს, რომ კილერი დააკავეს, რომელიც კადიროვის დაკვეთით ქართველ ჟურნალისტზე გეგმავდა თავდასხმას. ბატონებო, დამიჯერეთ, რომ თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას ასრულებს და თუ დავალების შესრულება ჩუმადაა საჭირო, ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს იგებს”, – დაწერა ჩეჩნეთის ლიდერმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამში”. კადიროვმა გიორგი გაბუნიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაბუნია ჩეჩნეთის ლიდერის პირადი მტერი გახდება”, - დასძენს გამოცემა.

 

“გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და ჭკუას მოუხმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება”, - აცხადებს კადიროვი. გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” წამყვანი და “მთავარი არხის” დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია კი სუს-ში მისვლას არ აპირებს - იგი მხოლოდ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას დათანხმდება. ზელიმხან ხანგოშვილის ძმა ზურაბ ხანგოშვილი კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ დაკავებული ბოკოევის შესახებ არაფერი სმენია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის კადიროვის დავალებით მოქმედებდა. ხანგოშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ მას ამ მკვლელობაში ის ჯგუფი ეხმარებოდა, რომლებმაც გერმანიაში მისი ძმის ლიკვიდაცია შეასრულეს. ზურაბ ხანგოშვილიც რუსეთის მტრად არის აღიარებული და ის სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგანაც საკუთარ ქვეყანაში თავს დაცულად ვერ გძნობს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“დარწმუნებული ვარ, რომ კადიროვი რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებდა. კადიროვს პუტინის თანხმობა ექნებოდა. თავის მხრივ, პუტინისთვის საჩუქრის გაკეთება უნდოდა და გაბუნიას ლიკვიდაციას წლისთავს დაამთხვევდა... ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა სპეცსამსახურებმა ბოკოვის დაკავება რატომ ვერ შეძლეს, მით უმეტეს ასე ღიად გადაადგილდებოდა. რა თქმა უნდა, ის მარტო არ მოქმედებდა და მას რამდენიმე კაცი აუცილებლად ეყოლება, რომლებიც ეხმარებიან. ჩემი ძმის საქმეში ეჭვი მაქვს, რომ პანკისელი ქისტები მკვლელს ეხმარებოდნენ. არ ვიცი ხელს ვერავის ვადებ, მაგრამ ეს ეჭვები მაქვს... არ მგონია, რომ გებიშ ხანგოშვილმა (პანკისელი უხუცესის ხასო ხანგოშვილის ვაჟი) რამე იცოდა. ზოგადად კავკასიელები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და მათი საქმიანობის ან მიზნების შესახებ გამოკითხვებს ვერ დავიწყებთ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყოფნის რეალურ მიზეზსს არც ის ეტყოდა. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ვისთან ჰქონდა საქმე და რა მიზნები ამოძრავებდა სტუმარს. საიდან და როდიდანაა მისი მეგობარი, ამ ყველაფერზე ჩვენმა სპეცსამსახურებამ უნდა იმუშაონ“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ხანგოშვილი.

 

“უშიშროების საკითხების ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეში სხვა ადამიანებიც ფიგურირებდნენ, რომლებიც დაკავებულები არ არიან და ამ მიმართულებით გამოძიება მუშაობს. მისივე თქმით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით უნდა წავიდეს. პირველი ამოსავალი წერტილი გიორგი გაბუნიას უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს, რადგანაც არ ვიცით, რა სახის და რა ხარისხის თავდასხმა მზადდებოდა. რუხაძე აცხადებს, რომ რადგან ეს პირი დაკავებულია მისი საშუალებით ბევრი ინფორმაციის მიღება უნდა შევძლოთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ისტორია შესაძლოა კი არ დასრულდა, არამედ დაიწყო და საფრთხე სხვა ადამიანებისგანაც მოდიოდეს, რომლების გამოვლენაზე უსაფრთხოების სამსახურმა ოპერატიულად უნდა იმუშავოს. თუკი ერთი ჩავარდა, შესაძლოა ამ გეგმის შესრულების სხვა ვარიანტებიც ჰქონდეთ და ეს მიზანი სხვადასხვაგვარად აღასრულონ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

“თუ ჩვენს სპესამსახურებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გაბუნიაზე თავდასხმა იგეგმებოდა, მასზე თვალთვალს, რა თქმა უნდა, დაიწყებდნენ. თუმცა დიდი ალბათობით არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დაკავებული მარტო არ მოქმედებდა. მას შესაძლოა წინასწარ ნიადაგი მოუმზადეს და გაბუნიას გადაადგილების და მოქმედების სქემას სხვები ადგენდნენ. ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. უამრავი კითხვა არსებობს ასევე, იმ ადამიანთან, რომელიც დააკავეს. არის თუ არა ეს პირი რეალურად ე.წ. ქილერი, რომელიც უკვე დაკვეთის შესასრულებლად იყო ჩამოსული, თუ იმ ჯგუფის წევრი, რომლებიც გაბუნიას უთვალთვალებდნენ. ამ ხნის განმავლობაში დაკავებულს ვისთან ჰქონდა ურთიერთობა. სახელი და გვარები უნდა გადამოწმდეს. ვინ არის ეს პირი და ამ ხნის განმავლობაში ვისგან და რა სახის დირექტივებს იღებდა”, - ამბობს ანალიტიკოსი გამოცემასთან საუბრისას.

წაკითხვა 344 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 19 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.