შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახო ახვლედიანის ოჯახი და ადვოკატი განცხადებას ავრცელებენ.
ვახო ახვლედიანის ოჯახის განმარტებით, მედია საშუალებებით გაყალბებული ფაქტები და ჩვენებები ვრცელდება. მათივე განცხადებით, აღნიშნული 20 წლის ვახო ახვლედიანის ფსიქიკას ანადგურებს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს. ოჯახის თქმით, ამ სიტუაციაში ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ.
„პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს წარმოუდგენელი ტრაგედიის გამო. ვეხმაურებით „ტვ პირველზე“ გასულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც გუშინ, 7 ივლისს მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა არხის სხვადასხვა გამოშვებაში. კერძოდ, არხზე გავიდა ვახო ახვლედიანის მეორე ჩვენების ეს ნაწილი: „აშკარა იყო, რომ მათ ჩვენი ცემა არ უნდოდათ“, რეალურ ჩვენებაში კი წერია საპირისპირო: „აშკარა იყო, რომ ჩვენს საცემად მორბოდნენ“.
ჩვენების საპირისპირო კონტექსტში გაშუქების მიზანი სავარაუდოდ, იყო ტრაგედიით დამძიმებული შაქარაშვილების ოჯახის წევრების კიდევ უფრო გაღიზიანება. შემდეგ გამოშვებებში კი აცხადებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამ მათი სიუჟეტი გააზიარა და „ტვ პირველზე“ დაყრდნობით, ვახო ახვლედიანი მძიმე ფორმით გააკრიტიკა.
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახური უკვე კვირაზე მეტია ავრცელებს დეზინფორმაციებს ვახოს შესახებ, თითქოს, ის იყო გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მათ წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი.
ასევე, არ არის სიმართლე, თითქოს, ვახო ახვლედიანი პირველივე წამებიდან იყო აგარაკის კიბეებთან მომხდარი კონფლიქტის მთავარი ფიგურანტი, - ვახო ახვლედიანი არასწორად არის მონიშნული წითლად არხის მიერ გაშიფრულ ვიდეომასალაში. ვახოს ეცვა შორტი, იმ კონკრეტულ ეპიზოდში მონიშნულ ახალგაზრდას კი შარვალი აცვია. ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და არ არის გამორიცხული, მივმართოთ სასამართლოსაც.
ვითხოვთ, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან - ნოდარ მელაძისგან, გააკეთოს განმარტება, რატომ ჩაამატა ჩვენებაში სიტყვა - „არ“ და რატომ ერჩის მიზანმიმართულად ვახო ახვლედიანს. სამწუხაროდ, მედიის საშუალებით ვრცელდება არაერთი გაყალბებული ფაქტი თუ ჩვენება, რაც 20 წლის დაზარალებული ბიჭის ფსიქიკას ანადგურებს და მის სტიგმატიზირებას ახდენს. ვახო ახვლედიანიც ისეთივე მსხვერპლია ამ სიტუაციაში, როგორც დანარჩენი ბიჭები, რომლებსაც მოძალადეები ტრაგედიის ღამეს დევნიდნენ. ექსპერტების შეფასებით, ის ბეწვზეა გადარჩენილი არაგვის ხევში გადაჩეხვას. ასევე სიკვდილს გადაურჩა სახის არეში სასტიკად ნაცემი მისი მეგობარი - გიორგი ქათამაძე. ვახო ახვლედიანს, გიორგი ქათამაძეს და კოკო ღიბრაძეს ამ საქმეში აქვთ დაზარალებულის სტატუსი.
სამწუხაროა, რომ ხშირად ამ საქმეში აქცენტი არ არის ბიჭების დასასჯელად ჩასულ რკინის ხელკეტებით შეიარაღებულ მოძალადეებზე, ბრალდებულებზე და არის მსხვერპლზე. მიმდინარეობს ამ დაზარალებული ახალგაზრდების მასობრივი ბულინგი. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, ფიზიკურად ცოცხლად გადარჩენილ 20 წლის ახალგაზრდებს ნუ გაანადგურებენ მორალურად დაუზუსტებელი, არაეთიკური ან განგებ გაყალბებული ინფორმაციით.
იმედს ვიტოვებთ, საქმე უმოკლეს პერიოდში გაიხსნება. მანამდე კი გამძლეობას ვუსურვებთ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს“, - ნათქვამია ვახო ახვლედიანის ოჯახისა და ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი