ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება შესაძლოა, ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდეს
ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით მოხდება.
პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული ხდება, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ, დასაქმებულისთვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე, თუმცა დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში.
შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით წესრიგდება დასვენების დღეების საკითხიც. კერძოდ, სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. 12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული უზრუნველყოს ყოველ 7 დღეში სულ მცირე 1 დასვენების დღით.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.
ცვლილებები ასევე შეეხება ღამის სამუშაოსაც. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაო პირობებში, ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24-საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს.
სიახლეები
- "პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება" - მზია ამაღლობელი
- საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები
- "უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი, სულ მცირე, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში