November 23, 2024

რატომ არის რიგგარეშე არჩევნები გამოსავალი - გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რატომ არის რიგგარეშე არჩევნები გამოსავალი:

 

1. მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და კოალიციურ მთავრობას. სხვადასხვა პარტიიდან მინისტრები კონკურენციაში იქნებიან ერთმანეთთან, რითაც ამომრჩეველი და ქვეყანა მხოლოდ მოიგებს.

 

მრავალპარტიული პარლამენტი გახდება რეალური პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, პოლიტიკა კულუარებიდან და ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. ეს მოიტანს სტაბილურობას და ეფექტურ კონტროლს მთავრობაზე.

 

2. პირველად გაჩნდება შანსი სასამართლოს რეალური რეფორმის და დამოუკიდებლობის. ეს თავის მხრივ დაასრულებს ძალოვანი უწყებების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას, ჩადებას, ფაბრიკაციას და სხვა საბჭოთა მემკვიდრეობას.

 

3. დღის წესრიგში აუცილებლად დადგება რეალური რეგიონალური დეცენტრალიზაციის და მეტი ფინანსების დატოვების საკითხი. ეს გააცოცხლებს რეგიონებს და ჩართავს მათ რეალურ პოლიტიკაში, გაიხსნება სივრცე ახალი ლიდერებისთვის და ახალგაზრდებისთვის.

 

4. ერთპარტიული ცენტრის გარეშე ასევე გაიხსნება ფანჯარა განათლების რეფორმის, როგორც სასკოლო ასევე საუნივერსიტეტო დონეზე.

 

5. აღარ ვსაუბრობ ელექტრონული არჩევნების დანერგვაზე, ანაკლიის პორტზე, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ბევრ სხვა იდეაზე, რომელიც გააცოცხლებს ქვეყანას და დააბრუნებს მას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

რიგგარეშე არჩევნები არ არის მარცხი, რიგგარეშე არჩევნები არის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის და ახალი შესაძლებლობების ყველაზე ქმედითი და ცივილიზებული ინსტრუმენტი.

 

დემოკრატიული და კოალიციური მმართველობა იქნება ყველაზე ღირსეული პასუხი ოკუპაციის 100 წლის იუბილეზე და ყველა იმ ადამიანის ხსოვნის პატივისცემა, ვინც შეეწირა წითელ ჯოჯოხეთს,"- წერს ის.

წაკითხვა 526 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 26 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.