არ ვიქნები ევროპული საქართველოს ყრილობაზე, პარტია დავტოვე - გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"დღეს მე არ ვიქნები ევროპული საქართველოს ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება - მე პარტია დავტოვე.

 

2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ. 

 

პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ. 

 

მადლობას ვუხდი პარტიის ყველა წევრს, განურჩევლად რა პოზიციაზე ის. ყველა ეს ადამიანი ჩემთვის ძვირფასია. მჯერა, რომ პარტიით თუ უპარტიოდ ისინი თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში თავის სიტყვას იტყვიან. მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, თუ როგორ ვუყურებ ევროპული საქართველოს პერსპექტივას, მე მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ. 

 

მე თავად ვაპირებ ვიყო უპარტიოდ. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად, ევროპულ საქართველოსთანაც ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ.

 

პ.ს. ამ თემაზე აღარ ვაპირებ საჯარო საუბარს თუ დისკუსიას. შესაბამისად ,მედიას უმორჩილესად გთხოვთ, ინტერესის შემთხვევაში, ისარგებლოთ ამ განცხადებით. მადლობა," - წერს ის.

წაკითხვა 488 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.