დაგვიანებული მომართვა COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია - თენგიზ ცერცვაძე
დაგვიანებული მომართვა COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცერცვაძე „ფეისბუქ პოსტში“ აღნიშნავს, ჩატარდა ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია კლინიკებში დაგვიანებული მიმართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება.
„ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და მისგან გამოწვეული სიკვდილობის ზრდა. რიგ ქვეყნებში უკვე დაიწყო ან იწყება ე.წ. მესამე ტალღა. საქართველო ვაქცინაციის გვიან დაწყების მიუხედავად პანდემიის სწორი მენეჯმენტით დღემდე ინარჩუნებს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია.
თუ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა, მთლიანად ქვეყანა და პირველ რიგში კლინიკური სექტორი დადგება ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე. შესაბამისად, საჭიროა ახლავე მივიღოთ ზომები COVID-ით პაციენტების კლინიკური მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის.
ჩვენ ჩავატარეთ ბოლო პერიოდში COVID გარდაცვალების შემთხვევების მოკლე ანალიზი, რომელმაც გვიჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში COVID პაციენტების გარდაცვალება გამოწვეულია COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვით, როცა პაციენტის მდგომარეობა უკვე იმდენად მძიმეა, რომ მისი გადარჩენა ყოველთვის ვერ ხერხდება.
COVID კლინიკებში დაგვიანებული მომართვა ხდება ან თვითონ პაციენტის მიზეზით (უფრო ხშირად) ან სამედიცინო პერსონალის (სასწრაფო დახმარების ან ოჯახის ექიმი) მიზეზით (გაცილებით იშვიათად)”, - წერს წერცვაძე.
ამასთან ცერცვაძე კონკრეტულ მიზეზებსაც ასახელებს.
“პაციენტი COVID-ზე საეჭვო სიმპტომებით არ იკეთებს ან დაგვიანებით იკეთებს COVID-ზე ტესტირებას.
პაციენტი, რომელმაც იცის COVID ტესტის დადებითი პასუხი, არ მიმართავს ექიმს და ცდილობს თვითმკურნალობას, სანამ ძალიან არ დამძიმდება.
ოჯახის ან საწრაფოს დახმარების ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, პაციენტი კატეგორიულად უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდება.
იშვიათად ოჯახის ან საწრაფო დახმარების ექიმი ვერ აფასებს სათანადოდ დაავადების სიმძიმეს და დაგვიანებით ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას”, - წერს ცერცვაძე.
ის თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, გაითვალისწინოს ბოლო პერიოდში გაზრდილი რისკები და COVID-ზე საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებლად ჩაიტაროს COVID-ზე ტესტირება, ხოლო ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს ექიმს და განუხრელად შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე.
„მივმართავთ სასწრაფო დახმარების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს განუხრელად ისარგებლონ COVID-19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ გაიდლაინებში გაწერილი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებით და რეკომენდაციებით და ყველა საჭირო შემთხვევაში დროულად მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თაობაზე. პაციენტის ბინაზე მართვის შემთხვევაში მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ დამძიმების რისკის მქონე პაციენტებთან.
მივმართავთ COVID კლინიკებს განუხრელად და ზედმიწევნით შეასრულონ COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინში გაწერილი რეკომენდაციები, სრულად გამოიყენონ სტანდარტული და ინდივიდუალური თერაპიის თანამედროვე მიდგომები და შესაძლებლობები, მათ შორის: რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა და პლაზმაფერეზი, კონვალესცენტის პლაზმა, კორტიკოსტეროიდებით თერაპია ე.წ. პულს თერაპიის ჩათვლით, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია და სხვა”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"