როდის დასრულდება კორონაპანდემია? - გიორგი ფხაკაძის პროგნოზი
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და ორგანიზაციის - "აკრედიტაცია საზღვრების გარეშე" პრეზიდენტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის პანდემიის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტსაქვეყნებს.
პროფესორის თქმით, პანდემია 2023 წელს დასრულდება.
გიორგი ფხაკაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"როცა პრესა რაიმეს წერს ჩემზე, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდს თუ კარგს, არ ვეთანხმები თუ ვეთანხმები, ყველაფერს ვდებ ჩემს გვერდზე. სიტყვის თავისუფლებაა - წერონ.
კოვიდთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, რისი მიწოდებაც შეიძლებოდა და ზოგჯერ, არც კი შეიძლებოდა. ზოგადად, სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.
ვცდილობდი, მაქსიმალურად ყოფილიყავით უახლესი ინფორმაციებით შეიარაღებული, რომ სწორი გადაწყვეტილება მიგეღოთ. სამწუხაროდ, ბევრი ვერ გებულობს, რას ვამბობ და არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.
ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.
ასევე მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, ვინ შეძლებს ევროკავშირში მოგზაურობას. ამაზეც დამეტაკნენ. შედით ევროკავშირის ვებგვერდზე და ნახეთ, რომ მართალი ვარ.
მოგაწოდეთ ინფორმაცია კოვიდპასპორტის შემოღებაზე. ჩემი ბრალია, რომ ევროპაში ჩინური და რუსული ვაქცინით აცრილებს არ უშვებენ?! ეს ევროკავშირმა გადაწყვიტა.
რაც შეეხება კორონავირუსის შტამებს. როცა გაჩნდა ინდური შტამი, პირველი კვლევებით, ასტრაზენეკას და ინდურ ვაქცინას კარგი შედეგები არ ჰქონდა.
დრო გავიდა და გუშინწინ უკვე დაიბეჭდა უახლესი კვლევის სასიხარულო შედეგები, რომ ინდური შტამის მიმართ „ფაიზერზე“ თითქმის 80%-იანი ეფექტურობაა და „ასტრაზენეკაზე“ – 60%. ჩინურზე კი კვლევები არ არის.
უმნიშვნელოვანესია უწყვეტი სამედიცინო განათლება. მედიცინა არის მუდმივად განახლებადი მეცნიერება და რამდენიმე თვის წინ ჩატარებული კვლევები შეიძლება, არსებითად შეიცვალოს. სიახლეებს მუდმივად უნდა გავეცნოთ.
გადავწყვიტე, ამ მძიმე დროს რაც შეიძლება საიმედო, სახალისო და საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მხოლოდ პოზიტივს მოგაწვდით, ნეგატივის მომწოდებლად უკვე უამრავი ექსპერტია.
ერთ-ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ მაქსიმალურად შემცირდა გრიპით სიკვდილიანობა. მაგალითად, კოვიდამდე აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 86 000 ადამიანი კვდებოდა სეზონური გრიპით, შარშან ეს რიცხვი 400-მდე დავიდა.
შემდეგი კარგი ამბავი - ვიცით, სწრაფი ტესტის სიზუსტე 50%, ხოლო პისიარის - 60%-ია, ბოლო კვლევებით ბრიტანეთში დადგინდა, რომ ძაღლები 88%-იანი სიზუსტით ადგენენ, არის თუ არა ადამიანი კოვიდინფიცირებული. კოვიდის სკრინინგისთვის სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების აეროპორტებში გამოყენება ეფექტური იქნება.
ყველაზე აქტუალური კითხვა - როდის დამთავრდება კორონაპანდემია?
გადავხედოთ ისტორიას. 1889 წელს იყო რუსული ვირუსი OC43. სავარაუდოდ, ეს იყო პირველი კორონავირუსი, რომელიც შესაძლოა, ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. მაშინ არ იყო ვაქცინა, მაგრამ ეს ვირუსი ჩაცხრა. 1918 წელს იყო „ესპანური გრიპი“ H1N1. რომელიც იყო არა კორონავირუსი, არამედ გრიპის ვირუსი. მიუხედავად დიდი ლეტალობისა, ისიც ვაქცინების გარეშე ჩაცხრა.
1957 წელს გავრცელდა ვირუსი H2N2, რთული მიმდინარეობით. მაშინ შექმნეს ვაქცინა, მაგრამ ძირითადად სამხედროებში გამოიყენებოდა. 1968 წელს კი გამოჩნდა რთული ვირუსი H3N2. მაშინ აშშ-ში დაამზადეს 22 მლნ დოზა ვაქცინა, თუმცა პანდემია უფრო ადრე დამთავრდა და ამ დოზების დიდი ნაწილის გამოყენება ვერ მოასწრეს.
2009 წელს გავრცელდა H1N1. მაშინაც დამზადდა ვაქცინის ასობით მილიონი დოზა, თუმცა ვირუსმა მილევა დაიწყო და ძალიან ბევრი დოზა გადასაყრელი გახდა.
შეჯამება - ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ 2-წლიანი ციკლურობა.
კოვიდ 19-ის გამოჩენიდან წელიწადნახევარი უკვე გავიდა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი მუტაცია და 14 დიდი შტამი ტრიალებს მსოფლიოში. „ვუხანური“ ვირუსი წესით, სექტემბერში უნდა დამთავრდეს. ჩვენთან ახლა რაც არის, ეს არის ბრიტანული ვირუსის მეორე ტალღა.
ფაქტია, რომ რაც უფრო ლეტალური და რთულია ვირუსი, მით უფრო სწრაფად ქრება. მაგალითად, „მერსი“.
უკვე ვიცით, როგორ უნდა ვაკონტროლოთ კოვიდ19. მაგალითად, ასვტრალია, სადაც ჩაკეტვით შედეგს მიაღწიეს. პირბადე და დისტანცია არის საუკეთესო გამოსავალი.
ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები - ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.
იქნებიან ქვეყნები, რომლებიც სექტემბრის ბოლოსთვის ვაქცინაციას ძირითადად დაასრულებენ (მაგალითად აშშ, ევროპა) და მათი ეკონომიკაც იქნება უფრო ძლიერი. სადაც ნაკლებად იქნება აცრილი ხალხი, იქ იქნება „ჯოგური“ იმუნიტეტი, როგორც საქართველოში, მათი ეკონომიკაც შედარებით მძიმე მდგომარეობაში იქნება.
პანდემია უსასრულო ვერ იქნება - ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით - უფრო სწრაფად, უვაქცინოდ - უფრო ნელა.
საქმე იმაშია, როგორ დამთავრდება? მსხვერპლის რაოდენობა კი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ფრთხილად ვიქნებით, იოლად გადავაგორებთ, თუ არა - შესაბამის ფასს გადავიხდით.
მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.
საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. მოვემზადოთ.
უკვე მაქსიმალური ცოდნა დაგროვდა, ვიცით, ვინ არის მტერი და როგორ ვებრძოლოთ, ფაიზერი მეტად, ასტრაზენეკა ცოტა ნაკლებად მუშაობს ინდური შტამის წინააღმდეგ, მოდერნა უკვე ქმნის ბუსტერს, რომელიც სხვა შტამებზეც იქნება ეფექტური.
სექტემბერში უკვე ძლიერი კვლევები წამოვა ვაქცინირებულებზე, განსაკუთრებით, ისრაელიდან. გაიზარდა ვაქცინების წარმოებაც. ასევე კარგია, რომ საქართველოს კლინიკებშიც უკვე იციან, როგორ მართონ კოვიდინფიცირებულები.
რაც შეეხება ქვეყნის გახსნას, მეც ვიყავი შეშინებული და წინააღმდეგი, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, უაზრო ჩაკეტვებს ეფექტი არა აქვს. თუ ქვეყანას კეტავ, უნდა წარმოადგინო პროგრამა, რატომ კეტავ და რას გეგმავ. თუ პროგრამა არა გაქვს, ჩაკეტვას აზრი არა აქვს, რადგან ამას მოჰყვება ჩაკეტვა-გახსნის უსარგებლო მონაცვლეობა.
ჯობს, გავსხნათ ქვეყანა, ოღონდ ფრთხილად. ტურისტულადაც მომგებიანი იქნება. ხომ რთულია მოსასმენად, რასაც ვამბობ?! ვუთხრათ სიმართლე მოსახლეობას, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, რომ პირბადის ტარება გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ ღარიბები ვართ და თუ გვექნება ვაქცინა, გავიკეთებთ. გვაქვს ხელმისაწვდომი სამედიცინო პირბადე და გამოვიყენოთ, დაცულები ვიქნებით.
საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. ჩვენი იმუნური სისტემა ისწავლის მასთან ბრძოლას.
რაც შეეხება ვაქცინებს, უკვე ყველამ იცის, რომელი ვაქცინაა კარგი და რომელი - ძალიან კარგი. მალე ეფექტური წამლებიც გამოვა, ასზე მეტი ლაბორატორია მუშაობს ამაზე მსოფლიოში. წლის ბოლომდე ბევრი სხვადასხვა სახეობის იარაღით ვიქნებით შეიარაღებული. წლის ბოლოს სიკვდილიანობა დაიწევს. კარგი ახალი წელი გვექნება, მთავარია, მანამდე ბევრი სისულელეები არ გავაკეთოთ და თავი დავიცვათ.
მე გირჩევთ, ნუ ვეთამაშებით ცეცხლს და ეს 2-3 თვე (სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი) როგორმე ფრთხილად გადავიტანოთ. ახლავე დავიწყოთ მუშაობა, რომ სექტემბრისთვის სასწავლო დაწესებულებები იყოს მომზადებული.
ევროპიდან და აშშ-დან ჩამოვა დიდი რაოდენობის ვაქცინები, წლის ბოლოსთვის წამლებიც მოგვისწრებს. მსოფლიოში უკვე ყველაფერი დალაგდა და ეს იმიტომ, რომ აშშ-ში მოვიდა ნორმალური მთავრობა. წინა მთავრობა იყო სუფთა „ბიზნესმენების კოლექცია“. ახლა ამერიკის ადმინისტრაციაში მოვიდნენ რეალური პოლიტიკოსები - მსოფლიო ლიდერი თავის ადგილას დაბრუნდა და მიხედავენ მსოფლიოს, ჩვენც.
იყავით პოზიტიურები, გაეცით სითბო, დაიცავით წესები, ნუ ნერვიულობთ თითოეულ მუტაციაზე. ვირუსის მუტაცია ნორმალური მოვლენაა, ხვალ შეიძლება ქუთაისური, სვანური, რაჭული, თბილისური, ან სულაც ვაკის მუტაცია გაჩნდეს. შეიძლება, მეგრული შტამიც გაჩნდეს, წარმოიდგინეთ, მეგრული შტამი რა იქნება, წიწაკიანი შტამი, ხო გადაგვივლის ყველას.... ისე, ალბათ, რაჭული შტამი ჯობს, რომ იყოს, ყველაზე ნელი მაინც იქნება.
ნუ ნერვიულობთ, მიხედეთ ბავშვებს, ფეხმძიმეებს, მოხუცებს. არ ჩავიდინოთ ბევრი სისულელე ამ ზაფხულს და ძალიან არ გავგიჟდეთ. იცით, რაც უნდა გააკეთოთ. დავისვენოთ, მაგრამ დავიცვათ ზომიერება. ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა.
ფეხმძიმეების ვაქცინაციას რეკომენდაციას ვერ გავუწევ, არ მაქვს კვლევები, ერთადერთი, მცირე ზომის კვლევა არსებობს, რომ მეძუძურ დედებში ვაქცინამ როგორც დედა, ასევე ბავშვი დაიცვა.
რაც შეეხება სპერმის ხარისხს, ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხი იქნება იგივე. მაგრამ თუ დაინფიცირდებით, სპერმის ხარისხი ქვეითდება.
თუ არ გინდათ ვაქცინის გაკეთება, ნუ გაიკეთებთ, თუ გინდათ - გაიკეთეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში, გაქვთ თუ არა ვაქცინა გაკეთებული, სამედიცინო პირბადე ცხვირზე! დაიცავით მაქსიმალურად შესაძლებელი დისტანცია, შენობებში გააკეთეთ ორპირი, დაიბადეთ ხელები საპნით, იარეთ სუფთა ჰაერზე.
ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და მაღალი რისკი, აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა, თუნდაც ჩინური.
ყველაფერი იქნება კარგად, თუ თქვენ ვიქნებით ფრთხილად", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"