მღვდელი არ დაიცავით და დახვრიტეს, ახლა ვის იცავთ? - სარიშვილი

ირინა სარიშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

"არ მიყვარს არც დილით, არც დღის რომელიმე მონაკვეთში დამთგუნველ თემებზე საუბარი, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის და როცა დრო არ ითმენს?! თან როცა თემაა ისეთი, რომელსაც სარკაზმს ვერ მოარგებ ვერანაირად – ბავშვებს ეხება, თან ყველასგან და ყველაფრისგან მიტოვებულ ბავშვებს...

 

ის რაც, ნინოწმინდის ბავშვთა "პანსიონში" ხდება, ფაქტია რომ დღეს არ დაწყებულა.

 

ისიც ფაქტია რომ ნორმალური საზოგადოების (ხელისუფლებაზე აღარაფერს ვამბობ) პირობებში, ეს პრობლემა აღარ იარსებებდა.

 

რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და პროკურატურაში ამ სამეებზე ძიება მიმდინარეობს... მიმდინარეობს... მიმდინარეობს... თითქოს საქმე გაფლანგვას, რაიმე სახის სხვა დანაშაულს ეხებოდეს და არა ბავშვებს... ჩვენგან და, როგორც ჩანს, "ღვთის მსახურებისგან" მიტოვებულ ბავშვებს, რომლებისთვისაც თითოეული დღე ამ კოშმარის, რასაც ვისმენთ და ვერ ვიგებთ რა ხდება, ჯანმრთელობის, ისედაც დანგრეული ფსიქიკის და შესაძლოა სიცოცხლის ფასიც იყოს... ჩემთვის ამ შემთხვევაში პირველ რიგში ბავშვებია დასახსნელი და როცა ნორმალურ საზოგადოებაზე და ადეკვატურ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ, ზუსტად ეს მაქვს მხედველობაში – მანამ სანამ ეს გაუთავებელი ძიებები მიმდინარეობს, თუნდაც ეჭვის საფუძველზე (არადა ეს ეჭვზე მეტია), ბავშვები გამორიდებული უნდა იყვნენ იმ სახლიდან!

 

არსებობს ახლადამოქმედებული ე.წ. "მცირე საოჯახო სახლები", სადაც ხდება დღეს არსებული ბავშვთა სახლებიდან ბავშვების უფრო ოჯახურ გარემოში გადაყვანა და ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბინადრები ამ სპეციფიური მდგომარეობის გათვალისწინებით პრიორიტეტულები უნდა გახდნენ ამ პროგრამისთვის. მანამდე კი ისინი სხვადასხვა ბავშვთა სახლებში უნდა გადანაწილდნენ!

 

მე პირადად და ჩემნაირი უამრავია, მზად ვარ გვერდით დავუდგე, რა ფორმითაც საჭიროა სახალხო დამცველს, სოციალურ სამსახურებს, რომ ეს სასწრაფოდ მოგვარდეს.

 

გარეთ გამოსვლაა საჭირო? გამოვალთ! ბევრი ვართ, ნამდვილად ძალიან ბევრი ვართ და იმის მიუხედავად, ვის ჯერა ან არ ჯერა ამ ამბების, ერთ რამეს ვერავინ უარყოფს – ყველა შემთხვევაში ამ ვითარებაში ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ფუნქციონირება ძიების პერიოდში უნდა შეწყდეს და ბავშვები გადანაწილდნენ როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმ პრინციპით. 30 წელზე მეტია ამ სფეროსთან შეხება მაქვს და ვიცი რაზეც ვლაპარაკობ!

 

რაც შეეხება საპატრიარქოს, რომელსაც ასევე ძალიან კარგად ვიცნობ!

 

ვის იცავთ?! ეკლესიის მსახურს, რომელიც კანონს არ ემორჩილება და კარებს არ უღებს მათ, ვისაც ამ სფერო კონტროლი ევალება, თან არ უღებს ასეთი ბრალდებების ფონზე?! ვის იცავთ და რატომ იცავთ?! მე ვიცი ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თქვენ უნდა დაგეცვათ საერო უსამართლობისგან თქვენი წევრი – მღვდელი, რომელიც თვითმფრინავის ბიჭებთან ერთად დახვრიტეს და რომელიც ამ თვითმფრინავში არ ყოფილა! უნდა დაგეცვათ და არ დაიცავით! პირიქით – გაწირეთ!

 

დღეს ვის იცავთ??? რისგან იცავთ??? ვის წირავთ მისი დაცვის სანაცვლოდ???

 

P.S. ამ წუთას ბავშვების უსაფრთხოების მეტი არაფერი მალაპარაკებს – ბავშვები მოვარიდოთ იქაურობას.

 

დანარჩენო ყველაფერი მერე!" - წერს სარიშვილი.

წაკითხვა 504 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.