ამ ქვეყანას ერთმანეთთან ლაპარაკი გადაარჩენს - გიორგი კეკელიძე

თუ აუცილებელ შესავლად უნდა ახლდეს ამ სიტყვებს და ალბათ უნდა ახლდეს, ბარემ დასაწყისშივე დავურთავ:

 - ძალადობა დანაშაულია და უნდა დაისაჯოს!

 - სიძულვილი არის სირცხვილი და ადამიანად ყოფნის უარესი ნიშანი!

- სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი! ნებისმიერი ადამიანი!

ამ წინადადების გაგრძელება, სიტყვით ,,მაგრამ" - არის თოკი უფსკრულისკენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე წერს.

 

"ეს ჩემგან ისედაც იცოდით. ცხადად. და საქმითაც. მწირი, მაგრამ შეძლებისდაგვარი საქმით.

როგორც რიტორიკაშია, ვთქვათ ისიც, რომ ნათქვამი ყველას არ ეხება, მაგრამ ის, ვისაც არ ეხება, არის ცოტა, ძალიან ცოტა.

და აი, რა მინდა ვთქვა:

ჩემო ძვირფასო და ყოვლადშესანიშნავო მეგობრებო, თქვენ გგონიათ რომ აი, გუშინ რომ სოფელში ვიყავი, მაგალითად - გიორგეთში ან ხვალ რომ წავალ - მაგალითად - საკურცე - მცხოვრები ადამიანები,  ყოველდღიური ფიქრით, მაინცდამაინც ვინმეს დაჩაგვრას მიესწრაფვიან - არა, რა თქმა უნდა. ამ ხალხის დილაც და საღამოც -  ყოველდღიური შრომაა, თავჩახრილი შრომა და ღიღინი. გადარჩენის და იმედის საქმე. 

 

მაგრამ ისინი ჩვენ არ გვიცნობენ. ვარსებობთ და არც. თითქოს პარალელური სამყაროებია და რა გასაკვირია, რომ ის რაც უცხოა, მერე მტრულდება კიდეც - თუ ვინმე მონდომებულის მხრიდან, ამის "სურვილი" დაიბადა.

 

ბევრი თქვენგანისთვის ქართული სოფლები ხევის ტრაფარეტით იწყება და შორაპნის წარწერით მთავრდება - ბათუმისკენ მიმავალ გზაზე. ზოგიერთი, უფრო მონდომებული, მანქანას სოფლის სკოლის შენობის შესასვლელთან გააჩერებთ, ფეხსაცმელზე ტალახი რომ არ წაგეცხოთ, საათიან  ტრენინგს - ,,არა ძალადობას" და ,,დიდება თანასწორობას" ჩააბულბულებთ, ოღონდ იქ შეკრებილ ხალხს კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებით. მერე  ხელს არ იბანთ ,,იქაური" საპნით, ძროხის სუნიანის  დანაბანიაო (გგონიათ, ვიტყუები? - ვინც შეძლებთ, ცხადია, პიროვნების დასახელების გარეშე - ჩადით ხულოში და რომელიმე სოფლის მცხოვრები მოგიყვებათ) და იკითხავთ: ,,სადმე ახლოს ცოტა ისეთი, ნორმალური სასტუმრო არ არის, რომ დაძინება შევძლო?"

 

ამ ქვეყანას ერთმანეთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა, ადამიანის ძებნა და განვითარება. გრძელი ამბავია?  ,,მაი, როის იქნება?" იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ. უნდა დაველოდოთ? არა, უნდა ვიმოქმედოთ. 

 

ჩემს წერილს სხვადასხვა სააგენტოში ექნება სხვადასხვა სათაური - ამოჩეხილი და ისეთი, როგორიც მათთვის საჭიროა. მიუხედავად უკიდურესი სიცხადისა, შეტრიალდება ქოთნის ყურად და ეს ყური იქირქილებს ისე, როგორც მას აწყობს. მაგრამ ახლა ეს ჩემთვის სულერთია.  მე ერთი რამ ვიცი - ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა, უკეთესი იყოს. ამისთვის ვაკეთებ ძალიან, ძალიან ცოტას, თუმცა ვაკეთებ დღისით და ღამით. შეუსვენებლად. ამიტომაც ვწერ აქ იშვიათად და მით უფრო ტელევიზიით ნაკლებს ვლაპარაკობ. ეს უბრალოდ ჩემი გზაა - განა გამორჩეული ან უკეთესი - უბრალოდ ჩემი. სხვამ იმ გზით უნდა ეცადოს, რაც ჩემზე უკეთ შეუძლია.

 

მალე გამოჯანმრთელება დაშავებულ ადამიანებს.

გაცილებით უკეთეს დღეებს გისურვებთ ყველას. 

მაინც იმედით..."- წერს გიორგი კეკელიძე.

წაკითხვა 394 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.