"დაფიქსირდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი" - რას წერს ზურაბ გურული
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მედიკოსი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
"კოვიდპანდემიის განმავლობაში არაერთხელ გამოვლინდა ერთი აქსიომა: კლინიცისტებმა ბევრად უფრო უკეთ და ადრე შეძლეს მოვლენების წინასწარმეტყველება, ვიდრე ეპიდემიოლოგებმა. აქვს ამას თავისი ობიექტური მიზეზი და ეს მიზეზი არის ვირუსის ქცევის ლოგიკის განსხვავებული ასპექტები. კლინიცისტი მსჯელობას იწყებს ემპირიული მონაცემების საფუძველზე. როცა ფაქტობრივი მასალა საკმარისად დაგროვდება, მერეღა ახერხებენ ეპიდემიოლოგები სტატისტიკის ლოგიკურად განხილვა-დალაგებას. ცხადია გონიერ, გამოცდილ კლინიცისტებზეა საუბარი. მათზე, ვინც პაციენტებს უშუალოდ მკურნალობს და აკვირდება.
ნიუ იორკმა შარშან ყველაზე სასიკვდილო დარტყმა მიიღო კოვიდისგან. ვაქცინაცია ყველაზე ინტენსიურად ამიტომაც წარიმართა ამ უზარმაზარ მეტროპოლიაში. დელტა ვირუსი ივლისიდან მოყოლებული აქაც დომინანტური გახდა. ფაიზერისა და მოდერნას ეფექტურობა ახალი შტამის მიმართ 90%-დან 80%-მდე ჩამოვარდა, მაგრამ!!!! მაგრამ დაფიქსირდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. ჰოსპიტალიზაციების წინააღმდეგ ამ ვაქცინების ეფექტურობა როგორც ადრე იყო 92-95%, ისევ ისეთივე დარჩა. კლინიცისტებს არ შეუმჩნევიათ მძიმე შემთხვევების მატება თავიანთ საავადმყოფოებში. ეს ყველაზე სანდო მაჩვენებელია. ნიუ იორკში 70-% მდეა აცრილთა რაოდენობა. 35%- იან მისისიპიში კი საველე ჰოსპიტლებს შლიან უკვე.
აიცერით!!!
ვისაც გადატანილი გაქვთ და საშუალოდ 7-8 თვეა გასული, აიცერით. აიცერით ხარისხიანი ვაქცინებით და შეეშვით სულელურ მითებს "ტრადიციულ", უფრო "მსუბუქ" ვაქცინებზე. - თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო - ქართული ანდაზაა, გაიხსენეთ.
ნუ უსმენთ მავნებელ შარლატანებს და ფილოსოფოსა ფსევდოკლინიცისტებს, რომლებიც დაუღალავად თესავენ ეჭვსა და შიშს დასტრესილ ხალხში. აიცერით!
გვახსოვდეს, ამ რამდენიმე თვეში ჩვენ არ გვაქვს იმის რეალური შანსი, რომ გამოვცვალოთ მთავრობა, ჯანდაცვის გაუბედურებული სექტორი და მთლიანად ქვეყანა, ამიტომ ნუ გადავეშვებით უაზრო პოლიტიკურ ფილოსოფიებში ახლა, უბრალოდ ავიცრათ და გადავრჩეთ. მერე, თუ ხალისი შეგვრჩება, გავიაზროთ კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, თუ მთავრობა უვარგისია ეკონომიკაში, საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, უვარგისია ჯანდაცვაშიც!
მაგრამ ახლა უნდა გადავრჩეთ!", - წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"