"საქართველოს მთავრობამ დაუყონებლივ უნდა გადაიყვანოს ექს-პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში"
მეგობრებო, ყველამ კარგად იცით რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისაგან ყოველთვის თავს ვიკავებ სოციალურ სივრცეში, მაგრამ დღეს საქართველოში მიმდინარე დაძაბულობისა და განხეთქილების გამო ჩავთვალე მიზანშეწონილად შემოგთავაზოთ ჩემი ხედვა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი, - ფრიდონ შუბითიძე წერს.
"ყველასათვის ცნობილია, რომ 30 წლის წინ ქართველმა ერმა დაიწყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, რაშიც იგულისხმებოდა ადამიანთა უფლებების დაცვა და ადამიანებზე/საზოგადოებაზე მორგებული ინსტიტუტების შექმნა, რომლებიც აღიარებული და მიღებული იქნებოდა ცივილიზირებულ სამყაროში. სამწუხაროდ, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო საქართველომ ეს ვერ შეძლო და 30 წლის შემდეგ ისევ მთავარ გამოწვევად რჩება თანამედროვე მსოფლიოში აღიარებული ინსტიტუციების არარსებობა ქვეყანაში. სწორედ ამის შედეგია დღეს პოლარიზებული და გახლეჩილი საზოგადოების არსებობა.
საზოგადეობის სახელმწიფროებრივი აზროვნებისა და მომავალზე გათვლილი მიმართულებების ჩამოყალიბებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამართული და საერთაშორისოდ აღიარებული სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, ასეთი სისტემის ჩამოუყალიბებლობის გამო, დღეს, ქვეყანაში გვაქვს განსაკუთრებული პოლარიზაცია. ქართველი ხალხის დიდი ნაწილი არ ემხრობა საქართველოში სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ამას ემატება ისიც, რომ არც ერთი ცივილიზირებული ქვეყანა არ აღიარებს და საერთოდ უგულებელყოფს საქართველოში მიღებული მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი ასეთია მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიღებული სასამართლო განაჩენი, რომელიც არ არის აღიარებული არც ერთი ქვეყნის მიერ.
დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე:
1. ერთი გზა არის პოლარიზაციის გაგრძელებისკენ, რასაც დიდი ალბათობით მოჰყვება სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა და სახელმწიფოს სრული ჩამოშლა.
2. მეორე და სწორი გზა არის ერში ნდობის დაბრუნება, მისი გაერთიანება სახელმწიფოს მომავლის გარშემო და ჩვენი ადგილის დაკავება ცივილიზირებულ სამყაროში.
დღევანდელი მოცემულობა- მე-3 პრეზიდენტის საქართველოში ყოფნა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას საქართველო წავიდეს სწორი გზით. ამისათვის საჭიროა ყველამ გადავდოთ პირადი ამბიციები და ვიფიქროთ სახელმწიფოებრივად.
კერძოდ:
1. საქართველოს მთავრობამ უნდა მოიწვიოს საერთაშორისოდ აღიარებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე, მიუკერძოებელი მოსამართლეები დასავლეთის ქვეყნებიდან. ეს უნდა იყოს მისაღები ორივე მხარისათვის. ამის გარეშე ერი ისევ გაიხლიჩება და ეს პოლიტიკური დაპირისპირება გაგრძელდება უსასრულოდ.
2. ყველა დაზარალებულის ბრალდება პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ უნდა იქნეს მიღებული, მოსმენილი და დასაბუთებული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი დასავლელი იურისტების მეირ.
3. მოხდეს სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია. დაზარალებულებს და/ან მათ ადვოკატებს უნდა მიეცეთ საშუალება პირდაპირ დაუსვან კითხვები პრეზიდენტს. რა თქმა უნდა პრეზიდენტსაც უნდა ჰქონდეს სრული პასუხის გაცემის უფლება. დაზარალებულების იურიდიული მომსახურეობის ხარჯები უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ.
4. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესესისა და საქართველოს სახელმწიფოს სწორი გზით განვითარებისათვის საქართველოს მთავრობამ დაუყონებლივ უნდა გადაიყვანოს პრეზიდენტი შიდა პატიმრობაში, რისი უამრავი მაგალითი გვაქვს მსოფლიოში და დაიცვას მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ჩემი აზრით, დროა დავადგეთ სახელმწიფოს მშენებლობის სწორ გზას. ხალხმა გაიგოს ჭეშმარიტება და გაერთიანდეს სიმართლის გარშემო. ეს იქნება ერის პოლარიზაციის დამთავრების და სახელმწიფოს განვითარების მყარი საფუძვლები ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის,"- წერს ფრიდონ შუბითიძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"