"რამდენი ხანია ბოჭორიშვილის კლინიკის 20 კაციან რეანიმაციაში აცრილი ადამიანი არ მოხვედრილა" - დავით გადელია
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მედიკოსი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობაზე წერს და ერთ-ერთი პაციენტის ისტორიას იხსენებს, რომლის სიცოცხლეც ვირუსმა იმსხვერპლა.
"ისევ აცრის შესახებ...
ძალიან ვთხოვე ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ამირანს, გარდაცვლილთა რაოდენობის გამოცხადებისას ისიც აღნიშნონ, რამდენია მათ შორის ვაქცინირებული.
იდეა მოეწონა, მაგრამ ტექნიკურად ცოტა რთული აღმოჩნდა იმავე დღეს დიფერენცირება.
ამიტომ თვის ჭრილში აკეთებენ, თუმცა თვის ჭრილში ამას ნაკლები ადამიანი ეცნობა და კარგავს იმ მნიშვნელობას, რაც უნდა ჰქონდეს. გარდაცვლილთა 1%-იც არ იქნება აცრილი! ჩვენთან ერთი გარდაიცვალა მხოლოდ და ისიც ძალიან მძიმე თანმხლები დაავადებით - შეიძლება კოვიდის გარეშეც რომ გარდაცვლილიყო!
რამდენი ხანია ბოჭორიშვილის კლინიკის 20 კაციან რეანიმაციაში აცრილი ადამიანი არ მოხვედრილა! ესაა მთავარი!
წინა სტატიის კომენტარში ასეთი რამ გამოჩნდა: "თანმდევი დაავადებით ისეთი ხალხი კვდება კოვიდის დროს, რომლებიც ისეც მოკვდებოდნენ"-ო.
დამახინჯებულადაა გადმოცემული ჩემი ერთი ქეისი. მართლაც გარდაგვეცვალა ერთი აცრილი პაციენტი, ავთვისებიანი სიმსივნის მქონე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ყველა ვინც კვდება მომაკვდინებელი სხვა სენიც აქვს". უკუღმართი ლოგიკაა.
რა თქმა უნდა არსებობს რისკის ჯგუფი, ვისაც განსაკუთრებით ერჩის კოვიდ-19, მაგრამ ეს ვირუსი რომ არ შეხვედროდა, 20-30 წელს იცხოვრებდა! აბა, საბოლოოდ ყველა მოკვდავები ვართ.
თანმდევი დაავადებებიდან გამოვარჩევდი დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკულ დაავადებებს, სიმსუქნეს! ჩემი წონის კაცი უკვე რისკ ფაქტორის მქონეა, თუმცა პრაქტიკულად ჯანმრთელად ვითვლები.
ორშაბათს, დილის კონფერენციაზე, ჩვენი კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის უკვე ძალიან ბევრის მნახველი უფროსი, Tata Kachibaia მკვდარი სახით შემოვიდა... ბევრჯერ მითქვამს, როგორ ბერდებიან ერთ დღეში რამოდენიმე წლით ექიმები.
წინა ღამით ორსაათნახევარი იბრძოდა ახალგაზრდა, 40 წლის კოვიდიანი მამაკაცის სიცოცხლისთვის.
ბოლოს მაინც გამოსტაცა სიკვდილმა ოჯახის მამა... ავადმყოფი დიდი წონის მქონე იყო (ამის გამო დიაბეტიც ჰქონდა დაწყებული).
ძალიან დიდი სინანულით და ამავე დროს სრული დარწმუნებით თქვა თათამ: "აცრილი რომ ყოფილიყო აუცილებლად ცოცხალი იქნებოდა დღეს და შეიძლება ჩემთანაც კი არ მოხვედრილიყოო".
წვრილშვილიანი ოჯახი დარჩა უმამოდ.
ვთხოვე, ეს სიტყვები ტელევიზიითაც ეთქვა, მაგრამ სააერთოდ სიტყვაძუნწია და მივეცი თავს უფლება აქ მეთქვა თქვენთვის", - წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა