"სანამ საქართველო არ გაერთიანდება მოგვიწევს დევნილების კიდევ დიდ ხანს ატანა" - ირმა შამათავა

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ ფაქტს, რაც კიდევ ერთხელ დაგვატყდა დევნილებს. (გაუსაძლისი მდგომარეობის გამო 52 წლის დევნილმა ზურაბ ქირიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეცნიერებათა დოქტორი, დართმუსის კოლეჯის ასოცირებული მეცნიერ/თანამშრომელი, ტექნოლოგიური კომპანიის “White river technologes “ უფროსი გეოფიზიკოსი, - ირმა შამათავა წერს.

 

"დევნილი❗️❗️❗️ ანუ იძულებით გადაადგილებულ პირი საკუთარ სამშობლოში. სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა იმ სამოთხის ნებსით მიტოვება, რაც ჩვენ გვქონდა საქართველოს თვალმარგალიტად წოდებული.. იმდენად შემძრა ამ ერთი ადამიანის ტრაგედიამ სამი დღეა ხმას ვერ ვიღებ, გამიახლდა ყველა ტკივილი, წარმოვიდგინე როგორ მოფრინავდა სახურავიდან გაუბედურებული. რას ფიქრობდა , ან თუნდაც როგორ გეგმავდა ამ თავგანწირვას ის ერთი ადამიანი, სხვები (მისი სისხლი და ხორცი) რომ გადაერჩინა მოსალოდნელ ტრაგედიას. ადამიანმა, 23 წლისა ბედმა დევნილობისთვის რომ გაიმეტა და 30 წელი 16 კვადრატულ, ამორტიზირებულ, დამადლებულ, გასაცოდავებულ კუნჭულში ტრაგედიით რომ დაასრულა სიცოცხლე. ვინ იცის, რომ არა აფხაზეთის ომი, სად, როგორ ფუფუნებაში იქნებოდა იმ მიწიერ სამოთხეში?! იქნებ რა აუხდენელი ოცნებები დარჩა განსახორციელებლად სულ ერთ წამში რომ დაუსვა წერტილი!

 

დიახ, ზურაბმა გააზრებულად თავად დაუსვა წერტილი საკუთარ სიცოცხლეს❗️❗️❗️ მან სიცოცხლე სასიკვდილოდ განწირულ ოჯახებს ზვარაკად უბოძა!

 

ალბათ, რთულია გაიგო რას ნიშნავს დევნილობა, თუ ეს თავად არ გამოგიცდია. ვერც კი ითავისებს ადამიანი რას ნიშნავს გენატრებოდეს შენი კუთხე, ეზო , სკოლა, შენი ზღვის შფოთვა, რომელიც სხვას არ ჰგავს, მაგნოლიებისა და ევკალიპტების სურნელში არეული ციტრუსების მწარე გემო, კოკისპირული გაუთავებელი წვიმები გაზაფხულზე. ბობოქარი და აზვირთებული შავი ტალღები, რომლის მსგავსი არსად შემხვედრია. რთულია გენატრებოდეს იქაური კენჭიც კი...

 

მიმაჩნია, რომ დღეს დევნილობის სტატუსი დიდი პასუხისმგებლობაა. რა დროც არ უნდა გავიდეს, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს კუთხეს და იქ ჩვენი წილ აგურს დავდებთ მომავლისთვის.

 

ვაკვირდები აღშფოთებული ადამიანების სტატუსებს, რომლებიც კითხულობენ რა გახდა ასეთი გაუთავებელი ეს დევნილობა? ან რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ? ??

 

მინდა განგიმარტოთ, დევნილობის დასასრული ჩვენი სახლებში დაბრუნებაა მხოლოდ … დევნილობა ასე გადავა მამიდან შვილზე, შვილიშვილზე, შვილთაშვილზე და ა.შ ….ჩემთვის წარმოუდგენელია ამ ფრაზების გააზრებაც კი და აგიხსნით რატომაც…

 

აფხაზეთს ჭუბერის უღელტეხილით დავაღწიე თავი. დევნილობაში 5 ურთულესი წელი გავატარე… თბილისში გაჩნდა ჩემი თორნიკე, მერე იყო ემიგრაცია და მომდევნო ორი შვილი უკვე ამერიკაში დაიბადა.

 

დიახ, სამივენი საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ სამივეს დევნილობის სტატუსი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილებს არ სჭირდებათ არანაირი შეღავათები სახელმწიფოსგან მათ აქვთ და ექნებათ ეს სტატუსი! სამივემ იცის, რომ დევნილობა დიდი პასუხისმგებლობაა და რა დროც არ უნდა გავიდეს , ისინი თავიანთ კუთხეს უნდა დაუბრუნდნენ. ღმერთი მომასწრებს და თუ საჭირო იქნება ჩემს შვილიშვილებსაც სწორედ ამ სტატუსს მივანიჭებ და იმავეს დავავალებ, სანამ ჩემი აფხაზეთი მის მკვიდრებს არ დაიბრუნებს…. ასე რომ ჩემო მეგობრებო, სანამ საქართველო არ გაერთიანდება მოგვიწევს დევნილების კიდევ დიდ ხანს ატანა…გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად დავიცვათ მათი ინტერესები… მიყვარხართ,"- წერს ირმა შამათავა.

წაკითხვა 1385 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.