"მძიმე დაავადება ჰქონდა, გარდაიცვალა და კოვიდს მიაწერეს!" - რას წერს გავრცელებული მითის შესახებ დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გავრცელებული მითის შესახებ წერს:

 

"ხშირად გვსმენია: "ადამიანს სხვა, მძიმე დაავადება ჰქონდა, იმით გარდაიცვალა და კოვიდს მიაწერეს!"... 

 

მინდა ზუსტად ავხსნა, რატომ არაა ეს მოსაზრება სწორი.  ჩემი მაგალითით დავიწყებ; მე ამ წუთისთვის ვითვლები "პრაქტიკულად ჯანმრთელად", თუმცა მაქვს "წვრილ-წვრილი", ჩემს ასაკში გავრცელებული ქრონიკული დაავადებები: ჰიპერტონული დაავადება, პრედიაბეტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება და ა.შ... თუ რამე მოულოდნელი არ დაემატა ჩემს დაავადებათა ნუსხას, მხოლოდ ასე თუ გაგრძელდა- დაახლოებით 20 წელი თავისუფლად გავძლებ. მაგრამ არის დაავადებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებენ სიცოცხლის წლებს. ჩემი ექიმობის პერიოდშივე, რაც არც თუ ბევრი წელია, მედიცინის არსებობასთან შედარებით, გადაწყდა კუჭის წყლულის პრობლემა, მნიშვნელოვნად, ინვაზიური მეთოდების შემოღებით-გულის იშემიური დაავადებების პრობლემა. ჩვენი მამების უმრავლესობას კლავდა გულის ინფარქტი, ან სამუდამო ინვალიდად აქცევდა. აუარება ხალხი იყო დასახიჩრებული კუჭის რეზექციით.  ახლა, კაცობრიობის პირველი რიგის გამოწვევაა ავთვისებიანი სიმსივნეები!  ასევე, რჩება, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, ღვიძლის ციროზები და ა.შ.  ამ შემთხვევებში, თუ რადიკალურმა ჩარევებმა შედეგი ვერ გამოიღო, სიმპტომატური მკურნალობით ადამიანები ცხოვრობენ 1-დან 5-6 წლამდე, ზოგჯერ მეტ ხანსაც. ეს, ერთი შეხედვით "მცირე ვადა", უდიდესად მნიშვნელოვანი და ძვირფასია თავად ავადმყოფისთვის და ზოგჯერ უფრო მეტადაც- ავადმყოფის პატრონისთვის! ყოველი დღეა ძვირფასი, თორემ საბოლოოდ ყველა იმ ქვეყნად წავალთ... ცხადია ხდება დაავადებათა ეს საბედისწერო თანხვედრები- მძიმე ავადმყოფს ემართება კოვიდი და გარდაიცვლება. დილის კონფერენციაზე განხილვისას, რამდენჯერ გვითქვამს: "- კიდევ რამდენიმე თვეს, ან წელს იცოცხლებდა, კოვიდი რომ არ დამართოდა.." ანუ, მართალია, მძიმე ავადმყოფი იყო, მაგრამ სწორედ კოვიდმა მოუსწრაფა სიცოცხლე- ის დღეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვისაც და ჭირისუფლისთვის. ერთეულ შემთხვევაში ასეც ხდება: მძიმე ავადმყოფს ემართება კოვიდი, ძალიან მსუბუქი ფორმით,  ფილტვებში გართულების გარეშე და სიკვდილის მთავარი მიზეზი მართლაც ძირითადი დაავადებაა. 

 

ქვეყანაში  მიღებული გვაქვს სიკვდილის მიზეზის დაწერის ისეთი პროტოკოლი, რომელიც  მაქსიმალურად გამორიცხავს  უმიზეზოდ კოვიდის ჩაწერას. მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება, იშვიათ შემთხვევაში, დანანებით ვამბობთ- "ტყუილად მიეწერა კოვიდს". რატომ დანანებით?  ახლავე აგიხსნით: ქვეყნების სტატისტიკაში ასახულია  დაავადებათა რაოდენობა, მათ შორის- გარდაცვალებათა მიზეზი. ახლა ყველგან და ყველაზე აქტუალურია გახდა  კოვიდ სტატისტიკა! ყველგან მას აფრიალებენ! საერთაშორისო ორგანიზაციები სწორედ კოვიდ სიკვდილიანობით მსჯელობენ ქვეყნებში კოვიდ მართვის ეფექტურობაზე. ხოლო ქვეყნის შიგნით- კლინიკების ეფექტურობაზე. ამიტომ, არცერთ კლინიკას არ უნდა მაღალი კოვიდ სიკვდილიანობა! ეს უფრო "ყვირის" დღეს, ვიდრე სხვა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა. ხშირად შევსწრებივარ კამათს კლინიკათა ხელმძღვანელებს შორის: " ჩვენთან უფრო მძიმე ავადმყოფები მოჰყავთ და ხელოვნურად გვეზრდება კოვიდ სიკვდილიანობა, თქვენთან- ნაკლებად მძიმე!"...

 

..."კოვიდს დავუწერთ და 5000ლარს მოგცემთო"- ეს არაჯანსაღი მენტალობის კლინიკური შემთხვევაა და ექიმის ეთიკა არ მაძლევს უფლებას ამაზე ვიმსჯელო..."- წერს დავით გადელია.

წაკითხვა 390 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.