"არ გაფართოების ნაცვლად, რუსეთი შვედეთ-ფინეთით გაძლიერებულ ნატოს მიიღებს"

განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია სოციალურ ქსელში უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"ახალი „ინტერმარიუმი“ 

„ინტერმარიუმი“ (ლათინურად „ზღვათაშორისი“, პოლონურად Międzymorze) დიდი პოლონელი მხედართმთავრის და პოლიტიკური ლიდერის, მარშალ იოჟეფ პილსუდსკის გეოპოლიტიკურ გეგმას ეწოდებოდა, რომელიც რუსეთის იმპერიის მეზობელ სახელმწიფოებს გააერთიანებდა ერთ კონფედერაციად ბალტიიდან შავ ზღვამდე. ამ გეგმის განხორციელება ევროპაში პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის ვერ მოხერხდა. მიმდინარე კვირაში კიევში გამოცხადდება  დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის სამმხრივი თავდაცვითი ალიანსის შექმნა, რომლის მიზანი „რეგიონული უსაფრთხოების  გაძლიერება“ იქნება. რუკაზე დახედვაც არ არის საჭირო იმის დასანახად, რომ ეს ალიანსი ბალტიიდან შავ ზღვამდე სივრცესაც მოიცავს. 

უკანასკნელ დღეებში უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარების აღმოჩენის პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდა.

 

დღეს კიევში ჩაფრინდა წლის დასაწყისიდან მეექვსე ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც კიდევ 84 ტონა „ლეტალური სამხედრო ტვირთი“ ჩაიტანა. სულ ამ წლის 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე, ამერიკამ უკრაინას 500 ტონა (!) შეიარაღება და ტყვია-წამალი მიაწოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აღარასოდეს იქნებიან ისეთი, როგორიც ისინი ყირიმის ანექსიის დროს იყვნენ. 

პოლონეთი უკრაინას ანტისაჰაერო სისტემებს, დრონებს და ტყვია-წამალს გადასცემს, განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრს მორავეცკიმ.

დღეს ტულონიდან შავ ზღვაში გაემართა ფრანგული ფრეგატი, რომელიც ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ დაჯგუფებაში შედის. დაჯგუფებაში, რომელიც  აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში აპრილამდე დარჩება, ასევე შედიან სამი ფრეგატი, მომარაგების ხომალდი და ბირთვული წყალქვეშა ნავი. 

 

ასევე დღეს პირველად თავის ისტორიაში, უკრაინამ შეძლო გაზის იმპორტი უნგრეთიდან. რუსეთის ტრანზიტის სრული შეწყვეტის შემთხვევაშიც კი უკრაინა უკვე ორი სხვადასხვა მიმართულებიდან (პირველი სლოვაკეთი იყო) შეძლებს დასავლეთიდან გაზის იმპორტს. 

 

ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინული ალიანსი ახალ და რთულ გეოპოლიტიკურ თავსატეხს უჩენს რუსეთს. ერთის მხრივ, ეს არ არის ნატო, შესაბამისად, რუსეთის პრეტენზიები უკრაინა ნატო-ში არ მიიღოთო, ამ ალიანსზე ვერ გავრცელდება. მეორე მხრივ, ახალი ალიანსის სამი წევრიდან ორი აგრეთვე ნატო-ს წევრიცაა. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, და პოლონეთს და ბრიტანეთს ამ უკანასკნელთან სამოკავშირეო ვალდებულებები აკავშირებს, მაშინ გამოდის, რომ რუსეთს ნატო-ს წევრებთან მოუწევს დაპირისპირება. მაგრამ ნატო-ს ერთ წევრთან დაპირისპირება ხომ მთლიანად ნატო-თან დაპირისპირებაა? ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასარგებლო იდიოტების მიერ ბუნდოვანების და ორაზროვნების შექმნის დიდოსტატად მონათლული პუტინი, თავად გააბეს გეოსტრატეგიულ ბუნდოვანებაში. ძნელი დასაჯერებელია, რომ სამთა ალიანსს აშშ-ს კურთხევა არ ჰქონოდა. 

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე დღეს პუტინს არ ჰქონდა პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებდა რუსეთი თავის ულტიმატუმზე მტკიცე უარის მიღების შემდეგ. სად გაქრა მისი ჩვეული თავხედობა და აგრესიულობა? დღეს ის უკვე აღარ ემუქრებოდა აშშ-ს ვაშინგტონზე დამიზნებული  ბირთვულ ქობინიანი ჰიპერბგერითი რაკეტით, რომელიც უხილავ და უხმაურო წყალქვეშა ნავზეა დამონტაჟებული სადღაც ატლანტის  ოკეანის ფსკერზე. პირიქით, მან რიტორიკული კითხვაც კი დასვა, თუ უკრაინა ნატო-ში მიიღეს და მან ყირიმის დაბრუნება განიზრახა, გამოდის რომ ჩვენ ნატოსთან მოგვიწევს ომიო?  

 

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ნატო-ს არ გაფართოების ნაცვლად, რუსეთი შვედეთ-ფინეთით გაძლიერებულ ნატო-ს მიიღებს, ხოლო „იალტა-2-ის“ და გავლენის სფეროების აღდგენის ნაცვლად ახალ „ინტერმარიუმს“, ბრიტანეთ-პოლონეთ-უკრაინის ალიანსის სახით,"- წერს კახა ლომაია.

წაკითხვა 480 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 02 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.