"საქართველოსკენ მასიურად დაძრული რუსები რას გაურბიან"- ირინა სარიშვილი
ყოფილი პარლამენტარი ისრინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ადამიანი საკუთარი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში გარბის პოლიტიკური ნიშნით დევნილობის ან სოციალური სიდუხჭირის გამო და შესაბამისად გარბის პოლიტიკურად მისთვის მისაღებ ან ეკონომიკურად ბევრად უკეთესი მდგომარეობის ქვეყანაში. ამის შემდეგ მასზე დგება ე.წ. "ქეისი" და ხდება მისი სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა უამრავი დოკუმენტის (ფოტო-ვიდეო მასალის, შემოსავლის წყაროს და ა.შ.) საფუძველზე. ამ ყველაფრის გვერდის ავლა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ქვეყანაში, საიდანაც მოდის ადამიანი, ომია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - ამ შემთხვევაში მას ენიჭება ლტოლვილის სტატუსი.
არის ომი რუსეთში? არა!
ამიტომ "რუსი ლტოლვილი"- ეს აბსურდული ტერმინი თავიდანვე გამოვრიცხოთ.
საქართველოსკენ მასიურად დაძრული რუსები რას გაურბიან - პუტინს თუ დასავლეთის სანქციებს? რა თქმა უნდა, დასავლეთის სანქციებს, აბა სხვანაირად აქ რა უნდათ ამ პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში?!
უჭირთ მათ დღეს? არა, არ უჭირთ, ისინი ხვალინდელი გაჭირვების თავიდან აცილებას ცდილობენ. შედით ტელეგრამის და სხვა ჯგუფებში და ნახავთ, როგორ გეგმავენ ბინების ყიდვას, ქირაობას, გონორით კითხულობენ რას ჰქვია რუსული სკოლები არ არისო, კიდევ ბევრ რამეს წაიკითხავთ, ოღონდ უკრაინული დროშა თუ გექნებათ პროფილზე, შეიძლება ვერ მოასწროთ ყველაფრის ნახვა, დაგბლოკავენ.
მერე ისიც გაიხსენეთ, რა "მოტივით" დაესხა თავს პუტინი უკრაინას!
აღარაფერს ვამბობ საქართველოსკენ დაძრულ რუს ოლიგარქებზე, რომლებიც უძვირეს სასტუმროებს ჯავშნიან აქ და აქაურ მთავრობასთან ერთად კორუფციული სქემით ეცდებიან დასავლეთის სანქციების თვიდან არიდებას, იმ დასავლეთის, რომლის წევრობაზეც განაცხადი გააკეთა რუსულმა ოცნებამ.
თქვენ მოგმართავთ, უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის ფონზე საქართველოსკენ ყოველგვარი სინანულის და სირცხვილის გრძნობის გარეშე დაძრული რუსი "ლტოლვილებით" გულაჩუყებულებს - ცოტა ხნით შეიშრეთ ცრემლი რომ კარგად დაინახოთ, აქ რა წერია და დაფიქრდეთ!
რატომ ასე ირონიულად? იმიტომ რომ, მე მაპატიეთ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებულია, ამდენი მშიერი, ამდენი უწამლო და ამდენი უპატრონო ბავშვი (რიგი მხოლოდ ჯანმრთელებზე და ლამაზებზე დგას), რუს "ლტოლვილებზე" დაღვრილი ცრემლის არ მჯერა და მორიგი ტრენდული ფსევდოჰუმანური აქტი მგონია.
რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, როცა იქ უახლოესი ნათესავი ან მეგობარი გვყავს და ზუსტად ვიცით მისი შეხედულებები, თუ მივიღებთ, მისმა მიმღებმა ოჯახმა უნდა აიღოს მასზე პასუხისმგებლობა, თუმცა აქვე დავძენ - წესიერ ადამიანს მართლა სხვა გზა არ უნდა ჰქონდეს და ძალიან უნდა შერცხვეს აქ ჩამოსვლა ღრმა და საჯარო სინანულის გარეშე!
დიდება უკრაინას!
გმირებს დიდება!"- წერს ირინა სარიშვილი.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"