"საქართველოში უკვე შექმნილია ყველა პირობა, რათა COVID-19-ის კლინიკური მართვა მოხდეს"
COVID-ის, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექციის კლინიკური მართვა, – ასეთი სათაურით ავრცელებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე პოსტს სოციალურ ქსელში.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში უკვე შექმნილია ყველა პირობა, რათა COVID-19-ის კლინიკური მართვა მოხდეს, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა.
„საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების კლების ტენდენციით, კერძოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 787 ახალი შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1826 ახალი შემთხვევა) მაშინ, როდესაც წინა კვირას იყო 13 737 ახალი შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1962 ახალი შემთხვევა). მათგან კლინიკებში კვირის ბოლოს მკურნალობდა 850 პაციენტი (6,7%), ხოლო დანარჩენი 11 936 პაციენტი მკურნალობდა ბინაზე. ბოლო 1 კვირის მანძილზე სულ ჩატარებულია 73 436 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 17,41%, ხოლო ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი (RT): 0.95, რაც ასევე ინფექციის გავრცელების კლების ტენდენციებზე მიუთითებს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ბოლო თვეებში COVID შემთხვევების მატების და COVID ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების 8 შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1 გარდაცვალება), რაც მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს.
სადღეისოდ, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო ხუთი თვის მანძილზე ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში. ასე მაგალითად: საქართველოში ბოლო 5 თვის მანძილზე ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით გვქონდა COVID-19-ით 37 გარდაცვალების შემთხვევა. მაშინ როდესაც COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებშიც კი გარდაცვალების შემთხვევები ბევრად მეტი იყო: აშშ (204 გარდაცვალება 5 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), ავსტრია (366 გარდაცვალება), დიდი ბრიტანეთი (317 გარდაცვალება), გერმანია (199 გარდაცვალება), იტალია (263 გარდაცვალება), ესპანეთი (215 გარდაცვალება), საფრანგეთი (173 გარდაცვალება), ფინეთი (437 გარდაცვალება), შვედეთი (146 გარდაცვალება), დანია (196 გარდაცვალება), ისლანდია (221 გარდაცვალება), ლიტვა (159 გარდაცვალება), ლატვია (173 გარდაცვალება), ესტონეთი (132 გარდაცვალება), მოლდოვა (78 გარდაცვალება), ისრაელი (114 გარდაცვალება), იაპონია (102 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (185 გარდაცვალება), ავსტრალია (291 გარდაცვალება), ახალი ზელანდია (479 გარდაცვალება) და ა.შ.
მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და გვიან დაუკავშირდნენ ექიმს და შესაბამისად დაგვიანებით დაიწყეს მკურნალობა. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ „პაქსლოვიდს“ ან „რემდესივირს“, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.
დაბეჯითებით მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას COVID-ის პირველივე სიმპტომების (რომლებიც ყველასთვის ცნობილია) გამოვლენისთანავე (პირველივე დღეს) ჩაიტაროს ტესტირება COVID-ზე.
COVID-ის დადასტურების პირველივე დღეს დაუკავშირდნენ ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს – ჩვეულებრივ ექიმი რეკავს პაციენტთან, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, თვითონ პაციენტი უნდა დაუკავშირდეს თავის ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს და ზუსტად მისდიოს მის რეკომენდაციებს.
საჭირო შემთხვევებში და საჭირო ჩვენებისას (60 წელზე მეტი ასაკი, სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები, COVID-ის მძიმე მიმდინარეობა და სხვ.) აუცილებლად პირველივე დღეებში (უმჯობესია პირველ 3 დღეში) დაწყებულ იქნეს მკურნალობა „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“.
ამ არც თუ ძნელად შესასრულებელი პირობების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში პრაქტიკულად არ ხდება ან ძალიან იშვიათად ხდება ავადმყოფის დამძიმება და მით უმეტეს ლეტალური გამოსავალი.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უკვე შექმნილია ყველა პირობა, რათა COVID-19-ის კლინიკური მართვა მოხდეს, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა ლეტალური გამოსავლების მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნებით. ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული COVID-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე.
ყველა იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის დამძიმება მაინც მოხდა, ავადმყოფი დაუყოვნებლიც გაიგზავნოს COVID კლინიკაში.
მინდა, ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით“, – წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი