November 23, 2024

"ლიზ ტრასმა ჯერ თავისი „მინი-ბიუჯეტი“ გაწირა, მერე თავისი ფინანსთა მინისტრი, მერე თავად გადადგა"

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის გადადგომას ეხმაურება:

 

"ლიზ თრასი, კლასიკური ლიბერალიზმის ყველაზე ერთგული მიმდევარი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ (ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს შორის, ცხადია) გადადგა იმიტომ, რომ ბაზარმა მისი ხედვა უარყო. მისი ბიუჯეტის (ე.წ. „მინი-ბიუჯეტის“) წარდგენას, რაც გადასახადების სერიოზულ შემცირებას გულისხმობდა, მოყვა ბრიტანული ფუნტის და საფონდო ბირჟის ინდექსის დაცემა (რაც კლასიკური საბაზრო ინდიკატორებია). ამან, თავის მხრივ, პოლიტიკური ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია.

 

ვიმეორებ: ლიზ თრასი არ უარუყვია პარტიას ან ხალხს, ის უარყო ბაზარმა. „ბაზარი“ ამ შემთხვევაში არის უამრავი აქციონერის კოლექტიური აზრი. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ მისი ეკონომიკური გეგმა - გადასახადების, მაგრამ არა ხარჯების, შემცირება, ეკონომიკას კარგს არაფერს მოუტანდა. შეიძლება, გრძელვადიან პერსპექტივაში (ვთქვათ, ხუთ წელიწადში) კარგიც იქნებოდა, მაგრამ უახლოეს თვეებში ის ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევდა - ასე ჩათვალა ბაზარმა. ამაზე მოახდინა რეაგირება პარტიამ და, გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველმაც.

 

ლიზ ტრასმა ჯერ თავისი „მინი-ბიუჯეტი“ გაწირა, მერე თავისი ფინანსთა მინისტრი, მერე თავად გადადგა. თუმცა, პირველივე ნაბიჯის - გადასახადების დაწევის გეგმაზე უარის თქმის - შემდეგ ტრასი განწირული იყო. როცა კონკრეტული გეგმით მოდიხარ და პირველივე დღეებში ამ გეგმაზე უარის თქმა გიწევს, ვეღარ იქნები პრემიერი.


ვერ ვიტყვი, რომ მესმის, საბაზრო მექანიზმები როგორ მოქმედებს (ეს ლიზ თრასმა და მისმა მრჩევლებმაც აშკარად ვერ გათვალეს), მაგრამ ფაქტია, რომ ლიზ თრასის გადადგომა ამით აიხსნება.

 

გაკვეთილი? სწორხაზოვანი იდეოლოგიური ლოგიკა არ მუშაობს. კერძოდ, აზრი, რომ ლიბერტარიანელები (თუ კლასიკური ლიბერალები - დეფინიციებში კირკიტს არ დავიწყებ) და ბაზარი ყოველთვის მოკავშირეები არიან, არ გამართლდა. ბაზარმა დაასკვნა, რომ ახლა გადასახადების დაწევა კარგი იდეა არაა.

 

რაც შეეხება ლიზ თრასს, მე-18 საუკუნის რუსი მწერლის, კარამზინის მოთხრობის სათაური გამახსენდა: „ბედნაია ლიზა“. მოთხრობა არ წამიკითხავს, მართო სათაური ვიცი, მაგრამ მორალი გასაგებია: სიყვარულს და ბაზარს რას გაუგებ,"- წერს გია ნოდია.

 

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გუშინ გადადგა.

წაკითხვა 262 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.