"ამ ისტერიკამ, უსაგნო ყვირილმა და დესტრუქციამ კიდევ უფრო გამიმყარა რწმენა, რომ ეს კანონი ნამდვილად არის მისაღები"
ამ ისტერიკამ, ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულმა ლოზუნგებმა, ამ უსაგნო ყვირილმა და დესტრუქციამ მე პირადად კიდევ უფრო გამიმყარა რწმენა, რომ ეს კანონი ნამდვილად არის მისაღები და ნამდვილად შედის ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აგენტების ამერიკული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
„ჯერ კიდევ არ მიღებულმა კანონმა, ჯერ კიდევ პირველი მოსმენის ეტაპზე უკვე ძალიან დიდი საქმე გააკეთა. მართალია თქვენ ამ უწყინარ რეესტრში რეგისტრაციაზე უარს აცხადებთ, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად გამოაჩინეთ ვინ ხართ, ვის ემსახურებით და რა ინტერესები გაქვთ ამ ქვეყანაში. პატარა განმარტებას წავიკითხავ სამოქალაქო განათლების ლექსიკონიდან: აგენტი - ეს არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვა პირის (პრინციპალის) სახელით, ხარჯითა და დავალებით მოქმედებს. თქვენ ამ ქვეყანაში მოქმედებთ სხვა პირების, უცხო ქვეყნების ინტერესებით, ხარჯებით და დავალებით. თქვენ ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე, მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა იყოს ვასალი სხვა ქვეყნის ინტერესების სამსხვერპლოზე, მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა იდგეს ცალ ფეხზე და ასკინკილით შევიდეს ევროკავშირში, მას შემდეგ თქვენმა პატრონებმა მოგცეს დავალება. თქვენ არ გაინტერესებთ არც ამ კანონის შინაარსი, არც ამ კანონის მომავალი, არც ქართველი ხალხის მომავალი, თქვენ გაინტერესებთ თქვენი ჯიბე, თქვენი პირადი კეთილდღეობა, თქვენი პრივილეგიები. თქვენ გაინტერესებთ ამ ქვეყანაში სხვისი ინტერესები და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი