"უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის გზა სტრასბურგში გავაგრძელო"
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობის 1 წლის თავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „არსად და არასდროს დაუმარცხებიათ ტირანია მორალური კომპრომისების გზაზე შედგომით“.
სალამი მეგობრებო!
დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთავში ვცხოვრობ.
რა თქმა უნდა, ეს „სიმყუდროვე“ ზედმეტად ჰერმეტულია და მოსაწყენი. რა თქმა უნდა, რთულია იმასთან შეგუება, რომ ქექე და სანდრო გარდატეხის ასაკს ისე გადიან, ისე ეცვლებათ გარეგნობაც, სიმაღლეც, სამყაროს აღქმაც და პრიორიტეტებიც, რომ მათ გვერდით არ ვარ.
რა თქმა უნდა, სოფო ძალიან მენატრება და ვდარდობ, რომ ასეთი დიდი ტვირთი დააწვა, თან ვამაყობ, რომ ასე უმკლავდება. რა თქმა უნდა, ჩემი ფიქრი სულ „მთავართანაა“, ვხედავ, როგორ უჭირთ, იმასაც ვხედავ, რასაც მიმალავენ ხოლმე და არ იმჩნევენ, მაგრამ ვხედავ იმასაც, როგორ იქცნენ მაგარი ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და სხვები, უმაგრეს მოქალაქეებად, ვინც თავისი სტოიკურობით ყოველდღიურად ამარცხებს სისტემას და იძლევა სამოქალაქო გმირობის მაგალითს. ამის გამო, კიდევ უფრო მეტად მიყვარხართ, ვამაყობ და პატივს გცემთ!
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ჩემი სიმართლე კვლავ სიმართლედ რჩება; ჩემი მიზანმიმართულება კიდევ უფრო ხისტი ხდება; ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო ძლიერდება. ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი (სხვაგვარს არც ველი), რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში. ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე უარს მეტყვიან საბოლოოდ. თუმცა, მოთმინებით დაველოდები ვადის ამოწურვას 22 ივნისს და მერე გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედებ.
დიდი მადლობა ყველას: ჩემს ნათესავებს, მეგობრებს, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემს გულშემატკივრებს - ნაცნობებს თუ უცნობებს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ გულშემატკივრებს, რა გინდა რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ჩემი მოკრძალებული პერსონის მიმართ.
წარმატებებს გისურვებთ, გამძლეობას და მოთმინებას!ბოლოს, ერთი რჩევაც: მარტო სიმართლით გამარჯვებას ვერ მიაღწევ! სიმართლე, გამძლეობის და მორალური უპირატესობის გარეშე მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა. არსად და არასდროს დაუმარცხებიათ ტირანია მორალური კომპრომისების გზაზე შედგომით. ებრძოლეთ სისტემას თქვენი მისგან განსხვავებულობით, მისნაირობაში ივანიშვილს ვერასდროს მოუგებთ. და თუ სამშობლოს გადასარჩენად კომფორტზონის დასატოვებლადაც კი არ ხართ მზად, სხვა საქმით დაკავდით. ასე აჯობებს.
P.S გუშინდელი კონტექსტის გათვალისწინებით, პერსონალური მოკითხვა და განსაკუთრებული სიყვარული ბატონ ლევან ბერძენიშვილს! Levan Berdzenishvili ხომ ისევ „ყველაზე უკეთ“ ხართ, „როგორც ტანკი“? აბა რა! მეც ეგრე
ყოჩაღად უნდა ვიყოთ, ბევრი საქმე გვაქვს წინ!“, - წერს ნიკა გვარამია.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"