"ჩემ დროს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ვადა 3 თვე იყო, რუსული დაზვერვის ქსელი კი განადგურებული გვქონდა"
უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრას უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიაზე დაატარებენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ჩვენი საიდუმლო რუკები და მონაცემთა ბაზები რუსეთს აქვს გადაცემული.
“ხაზი მინდა გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით:
ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში უვიზო რეჟიმის ვადა რუსეთის მოქალაქეებისთვის იყო 3 თვე, ჩვენს უშიშროების სამსახურებში მუშაობდნენ პატრიოტები და საქართველოში რუსული დაზვერვის ქსელი იყო განადგურებული.
უვიზო მიმოსვლის ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ რუსებს ენახათ, თუ როგორი წარმატებული სახელმწიფო ვართ, არ დაეჯერებინათ რუსული პროპაგანდისთვის და მოეთხოვათ რეფორმები რუსეთში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის.
ისინი პირდაღებულები და შოკირებულები დადიოდნენ ჩვენს ქუჩებში და უყურებდნენ ახალ საქართველოს.
ახლა კი, უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრებს უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიებზე დაატარებენ.
ჩვენი საიდუმლო რუკები და მონაცემთა ბაზებიც კი გადასცეს რუსეთს.
დღეს, 1-წლიანი უვიზო რეჟიმის პირობებში რუსეთის მოქალაქეები ბიზნესებს საქართველოში, როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად იწყებენ.
ისინი არ იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, უფრო იაფად სთავაზობენ სერვისებს მომხმარებლებს.
აქედან გამომდინარე, ქართულ კომპანიებს ართმევენ შემოსავალს და იკავებენ ჩვენს სამუშაო ადგილებს.
რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში შექმნეს ავტონომიური სისტემა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა სერვისსა და მომსახურებას აწვდიან, ქმნიან დახურულ ქსელებს, ყიდულობენ და აქირავებენ უძრავ ქონებას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ქართველებისთვის და ქართული კომპანიებისთვის.
კორუფციული სქემების დახმარებით ისინი მასობრივად იღებენ საქართველოს მოქალაქეობას და ყიდულობენ ქართულ მიწებს, რაც განსაკუთრებით საშიში მოვლენაა“, - წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
