"რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“, „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს"

რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც.

„რადიკალურმა ოპოზიციამ ახლახან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო, როდესაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფასთან ერთად, კვლავ მითიური „პრორუსულობა“ დაგვაბრალა. ეს „რუსული“ არგუმენტი ჩვენს უსიცოცხლო ოპოზიციას უკვე ისე შემოაცვდა ხელში, რომ მათთვის სრულიად გამოუსადეგარი გახდა. და მაინც, ბოლო დროს მომხდარი მოვლენების ფონზე, საჭიროა, რომ ნათელი მოვფინოთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტს.

ეკლესიაზე თავდასხმა არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. ამ სტატიის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ მსგავსი მტრული შეტევები ეკლესიაზე არა გულწრფელად გზააბნეული ადამიანებისგან მომდინარეობს, არამედ შეთანხმებული, ბოროტგანზრახული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია იმ სიმბოლოებისა და ღირებულებების დამცირება, რომელთა გარშემოც ისტორიულად ერთიანდებოდნენ ქართველები. ამ ადამიანების მტრული რიტორიკა გულისხმობს, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებები შეუთავსებელია დასავლურ, ევროპულ ღირებულებებთან. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ქართული და ევროპული ღირებულებები ერთმანეთის შემავსებელი და განმამტკიცებელიც კია.

რადიკალური ოპოზიციის, მათ კერძო სარგებლობაში არსებული პოლიტიკური მედიასაშუალებებისა და სატელიტი „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების“ მიერ ეკლესიაზე მიტანილი ბოლო იერიში, კერძოდ კი, შერჩეული დრო, განსაკუთრებულად ცინიკური აღმოჩნდა. შობის დღესასწაულზე სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამჟამად თავს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტად წარმოაჩენს, გაავრცელა ვიდეოჩანაწერი საკათედრო ტაძრიდან, სადაც მან, მისივე თქმით, „სტალინის ხატი“ აღმოაჩინა. როგორც შემდგომში გაირკვა, ჩანაწერი არა „სტალინის ხატს“, არამედ წმინდა მატრონას ხატის მცირე ჩანართს აჩვენებდა, რომელზეც ამ უკანასკნელის სტალინთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სავარაუდო შეხვედრა იყო ასახული. ეკლესიამ გადაწყვიტა შეეცვალა ჩანართი, არა იმიტომ, რომ ხატზე ტირანის გამოსახვა არაკანონიკური იყო, არამედ იმიტომ, რომ ზემოთ აღწერილი შეხვედრა, დიდი ალბათობით, ისტორიულ სინამდვილეს არ ასახავდა. ამასობაში ჩანაწერი ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. მომდევნო დღეებში მეორე პოლიტიკურმა აქტივისტმა ხატს საღებავი შეასხა, რითიც საზოგადოება აღაშფოთა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თმით, „ხატებზე ტირანების გამოსახვა ქრისტიანობაში დაშვებულია“.

„უბისის ტაძარში ქრისტიანების ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე მდევნელი, იმპერატორი დიოკლეტიანე სამეფო დიდებულებითაა გამოსახული, რომელიც წმინდა გიორგის ესაუბრება. დასავლეთ ევროპის ტაძრების ფრესკები მოწმობს, რომ ამგვარი პასაჟები არც დასავლური ქრისტიანობისთვისაა უცხო. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვაჩვენოთ ოპონენტების ნამდვილი განზრახვა. ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ მედიაში ატეხილი ხმაურიანი კამპანია ხატის ფრაგმენტს, ქრისტიანულ ხატწერაში მიღებული ჩანართის ნაცვლად, „სტალინის ხატად“ წარმოაჩენდა და ამით უფრო ამწვავებდა დეზინფორმაციის მათთვის სასურველ ეფექტს.

ეკლესიაზე იერიშის პარალელური ხაზი შობის 7 იანვარს აღნიშვნას შეეხებოდა (რომელიც 25 დეკემბერია იულიანური კალენდრით, რომელსაც ქართული ეკლესია აღიარებს). ოპოზიციამ ეს საეკლესიო კანონიკური საკითხი იარაღად გამოიყენა და შობის აღნიშვნას „რუსული შობა“ უწოდა. სინამდვილე კი ისაა, რომ შობის იულიანური კალენდრით აღნიშვნა ქართული ტრადიციაა, რომელსაც არც რუსეთთან აქვს რაიმე საერთო და არც რუსულ ეკლესიასთან. ეს ტრადიცია არსებობდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე რუსეთი გაქრისტიანდებოდა. საინტერესოა, რომ დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები აღდგომასაც სხვადასხვა თარიღით აღნიშნავენ, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია და მასთან აფილირებული აქტივისტები, ამას რატომღაც არ აპროტესტებენ.

ეს ორი საკითხი რადიკალებმა გამოიყენეს, რათა თავს დასხმოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს. ამ მტრული კამპანიით ოპოზიცია და მასთან აფილირებული ადამიანები ცდილობდნენ, პატრიარქი, ეკლესია და ხელისუფლება რუსეთთან დაეკავშირებინათ.

გარე დამკვირვებლისთვის ამ შეთანხმებულმა კამპანიამ მართლაც შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ქართული ეკლესია და მისი წინამძღოლი, ხელისუფლებასთან ერთად, რუსული პროპაგანდის გამტარებელია, რომელიც თაყვანს სცემს სტალინს და რუსეთის კულტურულ გავლენას ავრცელებს. ვნახოთ, რამდენად უძლებს ეს ხელოვნურად შეთითხნილი ბრალდება ფაქტების უბრალო გადამოწმებას.

პირველ ყოვლისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი ქართულ საზოგადოებაში ისტორიულ რეტროსპექტივას საჭიროებს. ქართული ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიაა მსოფლიოში, საქართველო კი მეოთხე საუკუნის პირველი ნახევრის შემდეგ ოფიციალურად ქრისტიანული ქვეყანაა. თავისი არსებობის დიდი ნაწილის განმავლობაში საქართველო ქრისტიანობის ერთადერთ ფორპოსტს წარმოადგენდა აღმოსავლეთში, განსაკუთრებით სომხური სამეფოსა და ბიზანტიის იმპერიის განადგურების შემდეგ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე გამოვიდა, საქართველო უკვე საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ქრისტიანული რწმენის დასაცავად.

გადარჩენის სასიცოცხლო საჭიროებამ ქართული სახელმწიფო და ეკლესია ურთიერთსასარგებლო არსებობამდე მიიყვანა, რაც ძალიან განსხვავდება დასავლური ქრისტიანული სამყაროს ისტორიული შიდა წინააღმდეგობებისგან საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის. ქართულმა მონარქიამ და ეკლესიამ გააცნობიერეს, რომ მათგან რომელიმეს დასუსტება მეორეს განადგურებას გამოიწვევდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობები არ არსებობდა, მაგრამ ჩვენს საერო ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა გაცილებით უფრო კეთილგანწყობილი იყო, ვიდრე დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში.

არაა გასაკვირი, რომ ამ ისტორიულმა ურთიერთობამ მყარად გაიდგა ფეხი და დღემდე მოგვყვება. ამიტომაცაა, რომ ეკლესიის ერთგულება სახელმწიფოს მიმართ არ უნდა აგვერიოს ეკლესიის მხრიდან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის ერთგულებაში, იქნება ეს „ქართული ოცნება“ თუ რომელიმე სხვა. მეტიც, ქართული ეკლესია, ტრადიციულად, შემწყნარებლობის დამცველი იყო. ამასთან, ეკლესია გმირულად ეწინააღმდეგებოდა ჯერ – ბოლშევიკური და შემდეგ კომუნისტური ტოტალიტარიზმის შემოტევებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვის არაადამიანურ მეთოდებში ვლინდებოდა. დღესაც კი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ის ეროვნული ინსტიტუტია, რომელიც უარს ამბობს პოლიტიკურ პოლარიზაციაში ჩართვაზე. ეკლესია ყოველთვის ხალხს უსმენს.

ის პოლიტიკოსები და „სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები“, რომლებიც ეკლესიას უტევენ, თუ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი, როგორც ქრისტიანები, ხატწერის თავისებურებებით თუ საეკლესიო დღესასწაულების თარიღებით, მაშინ ეს საკითხები ეკლესიასთან უნდა გაარკვიონ, როგორც მრევლის წევრებმა. უფრო მეტიც, ისინი თავისუფალი არიან, შეუერთდნენ ნებისმიერ სხვა კონფესიას, რომელიც შობას მათ სასურველ დღეს აღნიშნავს. მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ ისინი ეკლესიას თავიანთი მტრული რიტორიკით გარედან უტევენ, მოწმობს, რომ მათი ნამდვილი მიზანი ეკლესიის დაზიანებაა, რითიც რელიგიური და საერო სივრცის გამყოფ ხაზებს უგულებელყოფენ.

საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია ცხადადაა გაყოფილი. მათი ურთიერთობები ე.წ. კონკორდატის საფუძველზე რეგულირდება, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს დაიდო და რომელიც საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს აღიარებს. კონკორდატს, ნაწილობრივ, იმიტომაც მოეწერა ხელი, რომ ეკლესიისთვის აენაზღაურებინა ზიანი, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დროს, რუსული ოკუპაციის პერიოდში მიადგა. სახელმწიფოს ეკლესიისგან გამიჯვნა საქართველოში უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც, ზოგიერთ შემთხვევაში, აურჩეველი საეკლესიო იერარქები საკანონმდებლო ორგანოს მაღალ საფეხურებს იკავებენ, ზოგან კი სახელმწიფო რესურსები ეკლესიისთვის გადასახადების აკრეფაში იხარჯება. დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული ეკლესია არასოდეს ჩარეულა არც პოლიტიკაში და არც არჩევნებში, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენს საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, მის მაღალ ავტორიტეტსა და პოპულარობას განაპირობებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაკვირველია, ისაა, რომ ქართულ ეკლესიას „პრორუსულ“ პოლიტიკურ სენტიმენტებს აბრალებენ. ჯერ ერთი, ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ სწორედ რუსეთმა ჩამოართვა ქართულ ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული დამოუკიდებლობა. რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე საქართველოს ეკლესიას ორჯერ მოუხდა ავტოკეფალიის აღდგენა. არცერთი ქართველი სასულიერო პირი არც კი იფიქრებს, რომ თავისი ეკლესია რუსეთის კონტროლს დაუქვემდებაროს, თუნდაც იმის გამო, რომ რუსული ეკლესია საუკუნეებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ჩვენი ეკლესია. რაც შეეხება რელიგიურ მხარეს, არსებობს ევქარისტული კავშირი ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის, რადგან ორივე მართლმადიდებელი ეკლესიაა, ისევე, როგორც კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის, რუმინეთის და სხვა ეკლესიები.

1970-იან და 80-იან წლებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნული გამოღვიძებისა და დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელახლა დაბადების ადგილი იყო. პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო თავის მრევლში ახალგაზრდა დისიდენტები და სულიერი საზრდო მისცა მათ პატრიოტულ ოცნებებს დამოუკიდებლობაზე. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს შეუძლიათ თქვან, რომ, დიდ წილად, სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა მზად დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს თავისუფლებისათვის მტკიცე მებრძოლებისთვის ალბათ ძალიან მტკივნეულია, როდესაც მათ ბრალად პრორუსულობას სდებენ.

ამიტომაც რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გაგრძელებად წარმოაჩინონ, არა მარტო არასწორი, არამედ დასაგმობია, ვინაიდან ეს მცდელობები საზოგადოების გახლეჩას იწვევს, დასავლელ პარტნიორებში კი საეჭვო „აღქმებს“ წარმოშობს. ყველასათვის ცხადია, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღოლი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამიტომ რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს. ამგვარი მტრული რიტორიკის შედეგად ზოგიერთმა ადამიანმა, შესაძლოა, მართლაც იფიქროს, რომ დასავლური ღირებულებები შეუთავსებელია ქართულ ტრადიციებთან და რწმენასთან.

ამგვარ ანტისაეკლესიო რიტორიკას საზოგადოება სულაც არ აღიქვამს, როგორც დრომოჭმული ტრადიციების კრიტიკას პროგრესული ძალების მხრიდან. პირიქით, ქართველების უმრავლესობას ეს კამპანია ეკლესიაზე ბოლშევიკების თავდასხმას აგონებს, რომელმაც ქართული სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი გაანადგურა. არ არის გასაკვირი, რომ რადიკალები, განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი პარტიები, როგორებიცაა „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ და „ევროპული საქართველო“, ხალხში ნეობოლშევიკებად მოიხსენებიან. აუცილებელია, რომ საზოგადოებამ არ გააიგივოს ეს რადიკალები დასავლურ ლიბერალიზმთან, როგორც ისინი თავს წარმოაჩენენ. ამგვარი აღქმები პოტენციურად დამაზიანებელია ქართველების უდიდესი ნაწილის სურვილისათვის, მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქართული ეკლესიის ღირებულებებს იზიარებს, თუმცა საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია.

„ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა, ახლა ჩვენი ისტორიის ახალი დიდი ეტაპისკენ, ევროკავშირის წევრობისაკენ მივყავართ. რადიკალების ცილისმწამებლური კამპანიის ნამდვილი მიზანი არა ეკლესიაზე გულწრფელი ზრუნვა, არამედ ეკლესიისა და ხელისუფლების დაზიანება და ჩვენი საერთო ისტორიული ძალისხმევისთვის ხელის შეშლაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 113 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.