September 8, 2025

"ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"პოლიტიკაში, და არც პოლიტიკურ პარტიებს შორის კამათში არ ვერევი. წმინდა ანალიტიკური ინტერესი მაქვს ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში. მაგალითად, რიგი პოლიტიკოსებისა ლელოზე ამბობს, რომ "როგორც ოპოზიციური პარტია ლელო აღარ არსებობსო". თან ამას სერიოზული სახით ამბობენ. ანუ, თავისი განცხადებით აუქმებენ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში ხმების 9-10 პროცენტი მიიღო. ვთქვათ და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებით, რომელიც შესაძლოა არაპოპულარული ნაბიჯი იყოს, მათ დაკარგეს ამომრჩეველთა 30%. ის ხომ მაინც კვალიფიციურ პოლიტიკურ ძალად რჩება. როგორ უნდა გადაუწყვიტოს, მაგალითად, სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა/ლიდერმა ლელოს ამომრჩეველს, რომელიც მინიმუმ მოსახლეობის 6-7%-ს შეადგენს (დაკარგული ხმების გათვალისწინებით) არის თუ არა ის ოპოზიციური ძალა. ამას ხომ აჩვენებს მათი პროგრამა და მათი რეალური ნაბიჯები.

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ქართულმა ოცნებამ ახლა, როცა პარტიების რეგისტრაცია დამთავრებულია, და დარწმუნებულია, რომ ერთიანი ოპოზიცია არცერთ ოლქში კონკურენტად ნამდვილად აღარ ეყოლება, განაცხადა, რომ ეპატიჟება ეუთოს დამკვირვებლებს (მართალია, დაგვიანებული მოპატიჟების გამო ეუთო შესაძლოა მხოლოდ ლიმიტირებული მისიით წარმოჩნდეს), ნიშნავს იმას, რომ ოცნება ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს, ვიდრე ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დაჟინებით მოითხოვს ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს ყველასგან, ხოლო ვინც მათ მოწოდებას არ იზიარებს, მოღალატედ და კოლაბორაციონისტად რაცხავს. ამასობაში კი ოცნება ჩაატარებს გაუყალბებელ არჩევნებს, ალბათ არჩევნების წინ დანარჩენ პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებს. მოიგებს უმეტესობა საკრებულოებსა და ქალაქებს. გააუქმებს მიღებულ დრაკონულ კანონებს, ან შეაჩერებს მათ მოქმედებას, გააჩაღებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ვაჭრობას აღიარებისთვის. დაჰპირდება მათ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც, ოღონდ იმ პირობით, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები არ გადაიხედება. ის ერთი წლის შემდეგ გამართავს საპარლამენტო არჩევნებსაც დაყოფილი და დაპირისპირებული ოპოზიციის პირობებში (ამდენი თავდასხმების შემდეგ, რომლის გამთლიანების შანსიც ძალიან მცირე იქნება), გამოიყენებს ყველა რეგიონსა და ქალაქში არსებულ ადგილობრივ რესურსს ახალ საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად და მოიგებს კიდევაც მას. შესაძლოა, ვეღარ მოიგოს უმრავლესობით, მაგრამ კოალიციის შესაქმნელად ხომ ისეთივე და მეტი შანსი ექნება, ვიდრე, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას, რომელთანაც ვერც ლელო და ვერც გახარია ვეღარ ითანამშრომლებენ. რომც მოხდეს სასწაული და ოპოზიციამ მოახერხოს გაერთიანება და კოალიციური მთავრობის შექმნა, ადგილობრივ დონეზე ხომ ყველგან, თბილისის ჩათვლით კიდევ ოთხი წელი ოცნების მმართველობა იქნება, რომელიც კიდევ ბევრ პრობლემას შეუქმნის ახალ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ეს სავარაუდო განვითარების პესიმისტური სცენარია, მაგრამ მაინც ჯობია ეიფოირიული მოლოდინების გაღვივებას, ისეთების, როგორიცაა "ერთ დღეში რეჟიმს დავამთავრებთ" ან "ხალხი უნდა შეიკრიბოს რუსთაველზე და აღარ დაიშალოს". მარტო სიმამაცითა და თავგანწირვით არ მოდის გამარჯვება. მას ასევე სტრატეგიული ხედვა, ტაქტიკური მოქნილობა, მეგობრების და თანამოაზრეების შემომტკიცება, ერთმანეთის პატივისცემა და იმის რწმენა სჭირდება, რომ ნამდვილად იცი რას და რისთვის აკეთებ, ხედავ შედეგს და იღებ პასუხისმგებლობას. და ამასაც არა ნაკლები სიმამაცე და თავგანწირვა ესაჭიროება, "- წერს კახა გოგოლაშვილი.

წაკითხვა 71 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.