"ეგოს დაკმაყოფილება სიამოვნებას ვერ მოგანიჭებდათ, გვერდით პალატებიდან ვირუსის მსხვერპლი ადამიანების კვნესის, ოხვრისა და ტირილის ხმა რომ გაგაგონათ"
იტალიაში მყოფი ქართველი გოგონა, ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტი, თაკო ილურიძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოგზაურობის მსურველებს მიმართავს:
"მეც ვფიქრობ, რომ ავადმყოფობა დასამალი არაა და არც კორონაა განაჩენი! ამიტომ დავწერ ამ სტატუსს, რომელიც არა შეცოდების, არამედ გაფრთხილების იქნება. მინიმუმ დაფიქრების.
იმ დროს, როცა ჩვენ არტერიიდან სისხლის აღებით დალურჯებულ ხელებს ვეღარ ვამოძრავებთ. იმ დროს, როცა ექთნებისთვის ჩვენი ვენის პოვნა ხდება პრობლემა, იმიტომ რომ ორივე ხელი ჩალურჯებული გვაქვს ანალიზებისგან და იმ დროს, როცა ჩვენ თქვენი, 20 ლარად ნაყიდი ბილეთის გაუქმების მგლოვიარე ხალხის, მსხვერპლები ვართ, თქვენ მორიგი სანახაობით ტკბებით, იმ იმედით, "მე კორონა არ შემხვდება, აბა ბილეთს ხომ არ გავაუქმებ, ოცნებას ხომ არ დავინგრევ?!"
რამდენი გურამ შეროზიაც არ უნდა გამოვიდეს თავისი ბრძნული სიტყვით და თქვენი საქციელი "გაგიპრავოთ", მე გეუბნებით, რომ ეგ შეუძლებელია. საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება ვერანაირ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებდათ, გვერდით პალატებიდან ამ ვირუსის მსხვერპლი ადამიანების კვნესის, ოხვრისა და ტირილის ხმა რომ გაგაგონათ, შველას რომ ითხოვენ უშედეგოდ, იმიტომ რომ არავინ იცის, როგორ დაეხმაროს!
ამიტომ სანამ მორიგ უსინდისობას ჩაიდენდეთ, სანამ მორიგი "თრიფისთვის" ღიღინით დაიწყებდეთ ჩემოდნის ჩალაგებას, დაფიქრდით, რისთვის სწირავთ თქვენს გარშემო ათეულობით ადამიანს, იქნებ არც გიღირდეთ, თუნდაც რამდენიმე ასეული ლარი ამ ტანჯვად, რასაც ჩვენ განვიცდით და გავდივართ? მაშინ, როცა ჩვენ ყველა უსაფრთხოების წესს ვიცავდით, რომ თავი გადაგვერჩინა!
ეს არ ეხება მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც შემთხვევები შედარებით ბევრია. ამ ვირუსის მასშტაბი დიდი ხანია გასცდა 80 ქვეყნის საზღვრებს, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა სად მიდიხართ, იტალიაში თუ სადმე სხვაგან.
მე კარგად ვარ, საბედნიეროდ, ღმერთის წყალობით ახალგაზრდებს შედარებით მსუბუქად შეუძლიათ გადატანა, მაგრამ გთხოვთ, ნურც საკუთარ თავს და ნურც ნურავის გაწირავთ თქვენი რამდენიმე დღიანი სიამოვნებისა თუ სამუშაოს შესრულებისათვის, უბრალოდ გადადეთ! მადლობა", - წერს თაკო ილურიძე.
თაკო ილურიძეს კორონავირუსი 4 მარტს დაუდგინდა, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს. 12 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან უნდა გაიაროს სავალდებულო საკარანტინე სივრცე.
სიახლეები
- „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს"
- "დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი"
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია