"სპორტის სამყაროში ჩემი განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიწია"- მათე სოფაძე
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ქართველ ახალგაზრდებში უკვე წლებია, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სპორტის ეს მიმართულება ორთაბრძოლის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, რომელიც ათლეტისგან ფიზიკურ სიძლიერეს და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს.
ამ სტილის ჭიდაობაში საქართველოს მრავალი ოლიმპიური, მსოფლიო და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია მათე სოფაძე.
ქართველმა ფალავანმა მათე სოფაძემ საკუთარი 20 წლიანი წარმატებული კარიერის მანძილზე, საქართველოს გამარჯვება მრავალგზის მოუტანა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ის სხვა სპორტსმენებისგან ილეთის – „გდების“ შესრულების განსხვავებული ვერსიით გამოირჩევა, ამ ფაქტმა მას ძალიან გაუთქვა სახელი. როგორც თავად აცხადებს სპორტის სამყაროში მის მიერ განვლილი გზა არც თუ ისე მარტივი იყო. სწორედ თავდაუზოგავმა შრომამ მას არაერთი წარმატება მოუტანა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ.
საკუთარ მიღწევებზე FirstNews.ge-ს მათე სოფაძე თავად ესაუბრა.
- როდის დაიწყო თქვენი სპორტული ცხოვრება და შემდეგ კი კარიერა?
- ჩემი სპორტული ბიოგრაფია 12 წლის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ ცხოვრების სტილად იქცა, რასაც მამაჩემს უნდა ვუმადლოდე.
სპორტის სამყაროში ჩემი განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიწია და თავდაუზოგავად შრომა დამჭირდა. თუმცა, სირთულეების მიუხედავად არასდროს მითქვამს მასზე უარი. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შესძლებოდეს და არჩევანის წინაშე რომ ვიდგე ისევ ამ გზას ავირჩევდი, რადგან სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილია. მან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჩამომაყალიბა. 2002 წლიდან ვარჯიშობდი ოლიმპიური მზადების ცენტრში და ვირიცხებოდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
- როგორ მიაღწიეთ წარმატებას და როგორი იყო ეს გზა?
- 2012 წელს მივიღე 2 წლიანი მოწვევა აზერბაიჯანის სპორტის ფედერაციიდან, რასაც დავთანხმდი, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ჩემი, როგორც სპორტსმენის განვითარებისთვის სიახლეები იყო საჭირო. მსურდა გავცნობოდი სწავლების მათ მეთოდებს და ასევე, გამეზიარებინა მათთვის ჩემი გამოცდილებაც, კონკრეტულად კი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ილეთი „გდება“. მე ბუნებრივად მაქვს ნიჭი, რომ ეს ილეთი ორივე მხარეს - მარჯვნივ და მარცხნივ ერთნაირი სიზუსტით შევასრულო. ამ ყველაფერმა მომცა საშუალება, რომ „გდების“ საკუთარი ინტერპრეტაცია შევიმუშავე, დროთა განმავლობაში კი დავხვეწე და თითქმის ყველა შეხვედრაზე ვიყენებ. ეს ძალიან დამაბნეველია მოწინააღმდეგისათვის, მე კი გამარჯვების შესაძლებლობას მაძლევს. სწორედ ამ ილეთის დამსახურებით არაერთი გამარჯვება მოვიპოვე.
- კონკრეტულად რა მიღწევები გაქვთ?
- აზერბაიჯანში ნაკრებში ყოფნისას წარმატებით დავასრულე ( 2013 წელს 23 დეკემბერს), სპორტულ ოლიმპიურ ცენტრში გამართული ჩემპიონატი, სადაც პირველი ადგილი მოვიპოვე და ეროვნულ ნაკრებში ჩავირიცხე.
აზერბაიჯანში ჩემი სპორტული კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა. 2 წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის სპორტის ფედერაციის თხოვნის მიუხედავად, მტკიცედ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება.
საქართველოს სახელით მოღვაწეობისას ჩემს სპორტულ ანგარიშზე შემდეგი ტურნირებია:
პირველი ადგილი (85 კგ) ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი 2015წ, ერევანი, სომხეთი;
მესამე ადგილი (85კგ) ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი (უნგრეთის დიდი პრიზი) 2015 წ. სომბათჰეი, უნგრეთი;
მესამე ადგილი (85კგ) ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი (ემრეს მემორიალი) 2016 წ, სტამბოლი, თურქეთი;
მესამე ადგილი (85კგ) ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საერთაშორისო ტურნირი - 2017 წ, სტამბოლი, თურქეთი
ასევე, მონაწილეობა მივიღე: ბაქოს ევროპის თამაშებში, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატში (გემანია-დორტმუნდი), 2015 წელს - მსოფლიო ჩემპიონატში - ლასვეგასში.
ასევე, 2017 წელს მონაწილეობა მივიღე ირანში ქალაქ მეშხედში გამართულ „ტახტის თასზე“ . ოლიმპიური ჩემპიონის გოლამრეზა ტახტის რიგით 37-ე ტრადიციული საერთაშორისო თასი გუნდური პრინციპით ჩატარდა. სადაც 98 კგ კატეგორიაში ვიღებდი მონაწილეობას.
- FirstNews.ge თქვენს საქმიანობაში წარმატებას გისურვებთ.
- დიდი მადლობა.
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- 14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- დიდი დაპირისპირება პუტინის გარემოცვაში - კადიროვმა გავლენიან დაღესტნელ სენატორს და დუმის ორ დეპუტატს “მოსისხლე მტრობა” გამოუცხადა
- დღეს "საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის" პირველი ტურის დასკვნითი თამაში გაიმართა
- "თუკი დღეს ივანიშვილს ვინმეს ეშინია, ეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა“ - ვერ გაგვაჩერებენ" - სოფო ჯაფარიძე