"წარმატების მიღწევა ამ სფეროში ძალიან რთულია" - მარინა გოგუა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებისთვის სამოსს ქმნის
დიზაინერი მარინა გოგუა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებისთვის სამოსს ქმნის, რომლითაც ისინი ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოდიან. წელს, პარიზში, ოლიმპიადაზე მისი კოსტიუმებით, ჯგუფურ მხატვრულ ტანვარჯიშში გამოდიან საფრანგეთის, ისრაელისა და ავსტრიის სპორტსმენები.
მისი თქმით, წარმატების მიღწევა ამ სფეროში ძალიან რთული და შრომატევადია. ყოველთვის ჰქონდა საკუთარი სტილი და ახლის შექმნასაც ცდილობდა. ახლა კი მისი სტილით, მსოფლიოში, ბევრი მხატვარი მუშაობს.
“თავიდან ბოლომდე ქართველი ვარ, არანორმალური ქართველი. ვგიჟდები ჩემს სამშობლოზე. როდესაც საქართველოს ვახსენებ, თვალები ცრემლებით მევსება. ეს რაღაც არანორმალური მონატრებაა,” – ამ სიტყვებს ისეთი ემოციით ამბობს, რომ უბრალოდ გულგრილად ვერ ხვდები, უეცრად ტანში ჟრუანტელი გივლის და გბურძგლავს.
მისი ცხოვრების გზა აფხაზეთში დაიწყო, ბედნიერი ბავშვობით და სკოლის უამრავი წარმატებით. ხელოვნებისა და ხატვის სიყვარულმა კი ის ცნობილ დიზაინერად აქცია. „დედის დაჭრილი ფარდები, სუფრები, ყვავილებისგან დამზადებული კაბები,“ - ამბობს, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. დღეს სწორედ ის ადამიანია, ვის შექმნაზეც წლები იმუშავა და იწვალა. სწორედ ეს არის მისი წარმატების ფორმულაც - „დაუღალავი შრომა“.
საკუთარ ცხოვრებისეულ გზაზე, იმ პატარა დეტალებზე, რომლებმაც მისი მომავალი საფუძვლიანად შეცვალა და მსოფილო მასშტაბის წარმატება მოუტანა FirstNews.ge- ს დიზაინერი მარინა გოგუა ესაუბრა.
- როგორი იყო გზა აფხაზეთიდან დღემდე?..
- აფხაზეთის ულამაზესი კუთხის, ოჩამჩირის რაიონ სოფელ კოჩარაში დავიბადე და გავიზარდე. აფხაზეთის ომის შემდეგ ძალიან მძიმე, რთული და შრომატევადი გზა დაიწყო. წარმოიდგინეთ თვალები ახვეული გაქვთ, მიდიხართ და წინ ღმერთი მიგიძღვით! უბრალოდ მიდიხართ ამ გზაზე. მაშინ ცუდზე არ ვფიქრობდი, არაფრის მეშინოდა, რადგან ყველანი ცოცხლები ვიყავით. დღევანდელი გადასახედიდან კი ვფიქრობ, რომ საშინელი გზა ყოფილა. იყო თავდაუზოგავი ბრძოლა და სურვილი ახალი, უკეთესი ცხოვრების. თუმცა გზა აფხაზეთიდან დღემდე საკმაოდ რთული იყო.
- როგორ მიაღწიეთ ამ წარმატებას? რა გზა გაიარეთ?
- უკვე 6 ოლიმპიადაა, რაც სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებს ვაცმევ. 2004- დან 2024 წლამდე ჩემს კოსტიუმებში გამოდიოდნენ: ესპანეთის, ისრაელის, იაპონიის, საფრანგეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნის სპორტსმენები. სხვადასხვა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ბევრჯერ (სპრიდ სარტზე) სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები, თუ ჩაიცვამდნენ ჩემს კოსტიუმს აუცილებლად საპრიზო ადგილს მიიღებდნენ. ეს უკვე ტრადიციად გახდა. ასეთი წამატებები ჰქონდა ჩემს კოსტიუმებს.
- როდის და როგორ დაიწყეთ თანამშრომლობა სპორტსმენებთან?
- გზა იყო ერთადერთი - სიყვარულის. შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან რთული და შრომატევადი იყო.
ბევრჯერ მეკითხებიან ჟურნალისტები როგორ მივაღწიე? მახსოვს ერთხელ ასე ვუპასუხე და გავიმეორებ კიდევ - თვალდახუჭული მივდივარ ამ გზაზე, წინ კი ღმერთი მიდის. სწორედ ამიტომ ჰქვია ამ გზას სიყვარულის გზა. თქვენ წარმოგიდგენიათ ოლიმპიადაა და შენ გირჩევენ მხატვრად - ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შენ გენდობიან - ეს წარმოუდგენელია, ფანტასტიკაა.
- რამდენად რთულია კონკურენციის გაწევა თქვენს სფეროში და როგორ ახერხებთ ამას?
- უკვე 30 წელია რაც ვმუშაობ ამ სფეროში. მახსოვს პატარა რადიო მქონდა სამზარეულოში ყოველთვის მუშაობდა,ვერც გამორთავდი და ვერც ჩართავდი. სწორედ რადიოდან გავიგე, რომ სჭირდებოდათ სადღაც მხატვარი. გულში ჩავიხუტე ჩემი ნახატები და წავედი იქ. იმ დღესვე მიმიღეს. ძალიან მოეწონათ ჩემი ნამუშევრები.
ვხატავდი კოსტიუმებს: მომღერლებისთვის, სამეჯლისო ტანსაცმელებს ცირკის მსახიობებისთვის, სპორტსმენებისთვის და ა.შ. მქონდა ჩემი სტილი, არავის არ ვუყურებდი მინდოდა, ყოველთვის ახალი შემექმნა. დღესაც ყოველთვის მინდა, რომ ახალი შევქმნა, ყოველთვის ამას ვცდილობ. ახლა კი, მსოფლიოში ბევრი მხატვარი ჩემი ტექნოლოგით მუშაობს. მართლაც ბევრი რაღაც მოვიგონე, ბევრი გავაკეთე მხატვრულ ტანვარჯიშში. რა თქმა უნდა, დღეს კონკურენტი ძალიან ბევრია. ბევრი ნიჭიერი მხატვარი მუშაობს ამ სფეროში. კონკურენტები ჩემი იმუნიტეტია, ძალიან ვაფასებ მხატვრებს, ვინც მუშაობს და რაღაცას ახალს ქმნის. ისინი მაძლევენ ძალას, რომ ერთ ადგილას არ ვიყო.
ყველა კონკურენტთან, ვინც ცნობილია მსოფლიოში ყველასთან ვმეგობრობ. ყველას ვაფასებ, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ მე ხომ ჩემს სახელოსნოში, ჩემს სამყაროში ვარ. ზოგჯერ არც ვიცი ვის რა აცვია, როგორი მოდაა. ჩემს მოდას მე ვქმნი და ამ სფეროში სრულიად თავისუფალი მხატვარი ვარ.
ავტორი: ანანო ხუჯაძე
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი