რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება

“სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო - პროცესის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღსადგენად კი ჯანდაცვის ექსპერტები პედაგოგთა სრულ ვაქცინაციას უწევენ რეკომენდაციას და საჭიროდ თვლიან 12 წელს ზემოთ ბავშვთა ვაქცინაციის შესახებ კანონის სწრაფ მიღებას.

ინფექციონისტები აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლის განახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ სკოლის პერსონალი სრულად იქნება ვაქცინირებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სკოლის პერსონალის სრული და 12-წლიდან ბავშვების ვაქცინაცია - რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება.

 

“ეპიდემიოლოგი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ახალი სასწავლო წლის შენობში განახლება რისკის შემცველია ბავშვებისთვის, ვინაიდან “დელტა” შტამი მცირეწლოვან ასაკშიც სწრაფად ვრცელდება და მწვავედ მიმდინარეობს. “წინასწარ რთული სათქმელია როგორ წარიმართება ახალი სასწავლო წელი პანდემიის პირობებში, თუმცა, რისკის შემცველი ნამდვილად არის, ვინაიდან “დელტა” შტამი ბავშვებში საკმაოდ აქტიურად ვრცელდება. უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია სკოლის პერსონალის სრული ვაქცინაცია და ჰიგიენური ნორმების დაცვა. ამასთან, კარგი იქნება და შესაძლოა 4 ოქტომბრამდე საშუალებაც მოგვეცეს, რომ 12 წელს ზემოთ ბავშვთა ვაქცინაცია მოვახერხოთ”, - განაცხადა გოგინავამ. ანალოგიური შეხედულება აქვს ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძესაც, მისი თქმით, როგორც კი შესაბამისი კანონი იქნება მიღებული, ბავშვთა ვაქცინაცია უნდა მოხდეს მაქსიმალურად, რათა სწავლება უსაფრთხო გარემოში გაგრძელდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“არ ვიცი როგორ მოახერხებენ, თუმცა, სწავლის შენობებში განახლების შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა მოხდეს ბავშვების ერთმანეთისგან დისტანცირება, მკაცრად გაკონტროლდეს პირბადეების ტარება და სკოლაში მომუშავე პერსონალის ვაქცინაცია. ამასთან, როგორც კი გამოვა კანონი 12 წლიდან აცრის შესახებ, სასურველია ყველა ბავშვი მაქსიმალურად იყოს აცრილი” - თვლის ხმალაძე. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემაც. მისი თქმით, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში დასაწყებად პედაგოგთა და სკოლის თანამშრომელთა სრული ვაქცინაციაა აუცილებელი”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“სასწავლო პროცესის დასაწყებად ვაქცინაცია აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია, იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის პედაგოგი, სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ სხვა სასწავლებლის ლექტორი - ნებისმიერ შემთხვევაში, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს. პირადად, მასწავლებელთა მხოლოდ 80%-ის აცრას არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ პედაგოგები და სკოლის თანამშრომლები სრულად უნდა იყვნენ აცრილი. ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის გადამცემები. თუ პედაგოგი არ იქნება აცრილი და ის საკლასო ოთახში შევა, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის სოციალურად საშიშია საზოგადოებისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. „დელტა" ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვირუსია, რომელიც საბოლოოდ, ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება”, - განაცხადა ტაბიძემ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელო კი მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყებს ულოცავს. მისი თქმით, წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია და სწავლის შენობებში განახლებსთვის საჭიროა რეკომენდაციების დაცვა ყველას მხრიდან. მინისტრი აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბერს შენობაში სწავლა იმ ქალაქებსა და სოფლებში განახლდება სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%”, - დასძენს გამოცემა.

 

“მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, სრულიად აკადემიურ სივრცეს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია. დღეს ფუნქციონირებას იწყებს “ტელესკოლის” უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას. იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში. აქ მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების აცრის საკითხს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში”, - აღნიშნა ჩხენკელმა. მან ყურადღება გაამახვილა, პირველკლასელებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზეც. მისი თქმით, პირველი კლასის მოსწავლეები სასკოლო სწავლებას ბუნებრივ პირობებში დაიწყებენ”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“ჩვენ ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირველკლასელებთან დაკავშირებით. პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელებს თავიანთი პირველი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები”, - თქვა ჩხენკელმა. სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს გამოაცხადა, ამასთან, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩეს სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობაც”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

“სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, - განაცხადა 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 512 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 16 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.