ქუთაისში სკოლა-ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, სადაც იმერეთის სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტების გამოფენა მოეწყო
ქუთაისში სკოლა-ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, სადაც იმერეთის სკოლების მიერ წარმოდგენილი პროექტების გამოფენა მოეწყო.
კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ უფროსკლასელ მოსწავლეებს და მათ მიერ შექმნილი პროექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამ დღისათვის მოსწავლეებმა არაერთი ინიციატივა მოამზადეს, რომელიც ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათ წინაშე არსებული საჭიროებების გადაჭრას ისახავს მიზნად.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ბიზნესის როლზე საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმეში. მათ დამსწრე აუდიტორიას გააცნეს საკუთარი კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები.
პროექტის შესახებ FirstNews.ge-ს მისი ერთ-ერთი მონაწილე, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიკა მიქაბერიძე ესაუბრა:
"ჩვენი პროექტის სახელწოდებაა „სპორტული ქალაქი 2“. ჩვენი პროექტის მიზანია მოსწავლეების ინტერესი გავაღვივოთ სპორტისადმი და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ.
მინდა აღვნიშნო, რომ ასეთ ღონისძიებაზე პირველად ვარ და ცოტა ვღელავ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი გამოცდილებაა, რადგან ყველაზე დიდი განვითარება სწორედ გამოცდილებაშია და ეს პროექტი ამისათვის საუკეთესო საშუალებაა.
მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი პროექტისათვის „თაობათა დიალოგს“,- განაცხადა ლიკა მიქაბერიძემ.
ფორუმს ასევე დაესწრო ჯონ პენელი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი.
"მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ღონისძიებაზე ვიმყოფები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურ ბიზნეს ფორუმს ემთხვევა და ქუთაისში იმართება.
პირველად ვარ ქუთაისში და ძალიან მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.
ჩვენ დღეს საქართველოსთან თანამშრომლობასა და პარტნიორობას აღვნიშნავთ, რომელიც უკვე 30 წელია გვაკავშირებს. ჩვენ მასწავლებლებთან და კერძო სექტორთან ვთანამშრომლობთ და რაც მთავარია ეს ორიენტირებულია იმაზე, რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს თავიანთი იდეების განხორციელებაში.
USID სამოქალაქო განათლების პროგრამა სწორედ ახალგაზრდებს ეხმარება შეიძინონ ისეთი უნარ-ჩვევები, რითაც მეტად განვითარდებიან. რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულად გაძლიერებაში.
ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში 650 სკოლას ვფარავთ და ძალიან მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცა,"- განაცხადა Firstnews.ge - თან საუბარში ჯონ პენელმა.
ცნობისათვის, აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" წარმოადგენს პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო