პროექტის - "ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის" პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, 14-18 წლის ახალგაზრდებისათვის, საინიციატივო ჯგუფმა პროექტი - "ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის" პირველი ეტაპი წარმატებით განახორციელა.

პროექტის მიზანია:

1. ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობა;

2. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება კონფლიქტებზე და მათი არაძალადობრივი გზით მოგვარების ტექნიკებსა და საშუალებებზე;

3. ახალგაზრდების მოტივირება ღიად ისაუბრონ კონფლიქტურ სიტუაციებზე და კვალიფიციური ფსიქოლოგისგან მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.

პრო2

პირველ ტრენინგზე პროექტის მონაწილეები გაეცვნენ კონფლიქტის არსს, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაწყვეტის გზებს. განხილულ იქნა ფრიდრიხ გლასლის კონფლიქტის ესკალაციის 9-ფაზიანი მოდელი.

 

ტრენინგის მსვლელობის დროს შესრულდა ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები; ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრეს მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, გააზიარეს პირადი ისტორიები და კონფლიქტები, რომლებიც გადაწყვიტეს არაძალადობრივი მეთოდებით.

 

პროექტის შესახებ უფრო დეტალურად FirstNews.ge-ს პროექტის ხელმძღვანელი ივეტა შალამბერიძე ესაუბრა.

 

„აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ქ. ქუთაისში მცხოვრები სხვა და სხვა სკოლისა და უნივერსიტეტის, 14-18 წლის, ახალგაზრდები.

 

პროექტი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველ ეტაპზე ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ვორკშოპები შემდეგ თემებზე: კონფლიქტები, კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები; ბულინგი და კიბერბულინგი; კონფლიქტების მოგვარება არაძალადობრივი მეთოდებით.

 

მეორე ეტაპზე იგეგმება შიდა კონკურსი ახალგაზრდული პროექტების შესარჩევად, რომელსაც ახალგაზრდები თავად განახორციელებენ თავიანთ სკოლებში. გამოვლინდება საუკეთესო პროექტი და განმახორციელებელი გუნდი მიიღებს ფასიან საჩუქარს.

 

პროექტის დასასრულს კი ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი,“- განაცხადა ივეტა შალამბერიძემ.

 

მეორე ტრენინგზე განხილულ იქნა კიბერბულინგი, კიბერბულინგში ჩართულ სუბიექტები, კიბერბულინგის გავრცელების ძირითადი არხები, კიბერბულინგისგან თავდაცვის მექანიზმები. შეხვედრაზე შესრულდა ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები, რამაც ახალგაზრდების დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

პროექტის მონაწილეების აზრით, ამგვარი ტრენინგები ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას, საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს განივითარონ კრიტიკული აზროვნება და ასევე, შეიძინონ ბევრი ახალი მეგობარი.

პრო3

როგორც ტრენერი თეონა ფურცხვანიძე FirstNews.ge-თან საუბარში აცხადებს, ვორკშოპები ტარდება კონფლიქტებზე და კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებზე. მისი თქმით, ეს თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია ახალგაზრდებისთვის.

 

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ  შევქმნათ კეთილსაიმედო გარემო, რათა მოზარდებს საშუალება ჰქონდეთ  გააზიარონ თავიანთი მაგალითები და ერთად დავსახოთ გზები კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით გადასაწყვეტად. ზოგადად უნდა ითქვას, რომ სასწავლო მოდული ეფუძნება არაფორმალური განათლების მეთოდებს, ეს არის სწავლა-სწავლების პროცესი, რომლის დროსაც თეორიული ცოდნასთან  ახალგაზრდები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებასაც,“ - განმარტავს თეონა ფურცხვანიძე.

 

მესამე შეხვედრა გაიმართა ფსიქოლოგთან თემაზე - კონფლიქტები და მათი მართვა არა ძალადობრივი მეთოდებით. განხილულ იქნა კონფლიქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები; კონფლიქტის მართვის სტრატეგიები; კონფლიქტის ესკალაციისა და კონფლიქტის მოგვარების გზები. შეხვედრას უძღვებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი იაგორ ბალანჩივაძე.

 

„ძალიან კარგი პროექტია. ახალგაზრდები ყველა აქტივობაში აქტიურად არიან ჩართულები. სამწუხაროდ კონფლიქტები ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია და ვფიქრობ, რაც უფრო ადრეული ასაკიდან გვეცოდინება, როგორ ვითარდება, როგორ ხდება მისი ესკალაცია და სად უფრო ადვილია დეესკალაციის გაკეთება, -  სამომავლოდ ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო ზემოთ და ზემოთ ავალთ ესკალაციის საფეხურებზე, კიდევ უფრო რთულია ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს ახალგაზრდებს დაეხმარება, რომ გააცნობიერონ საკუთარი ქცევა და მარტო პოზიცია არ იყოს წამყვანი. ასეთი ტრენინგები დაეხმარებათ მათ, რომ ნაკლებად მოუვიდეთ კონფლიქტი და შედარებით ადვილად მართონ ეს სიტუაცია. არ ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება შეძლონ,“- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ფსიქოლოგმა იაგორ ბალანჩივაძემ.

პრო4

ახალგაზრდებთან შეხვედრას ესწრებოდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ლანა სვანიძე, რომელმაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

 

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველწლიურად უჭერს მხარს ახალგაზრდულ საჭიროებებზე და ინიციატივებზე მორგებულ პროექტებს.

 

„პროექტი ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერის პროექტის ფარგლებში და გულისხმობს ახალგაზრდებისათვის მშვიდობიანი თანაცხოვრების სწავლას, როგორ უნდა მართონ კონფლიქტები, ემოციები. მოგეხსენებათ ახალგაზრდული ასაკი ისეთი ასაკია, როდესაც ემოციები ჭარბობს.  ახალგაზრდებს სჭირდებათ იმის მიმართულება, თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი ემოციები. დღევანდელი შეხვედრა სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებშია და გულისხმობს ამ ადამიანებისათვის სწავლებას, თუ როგორ უნდა იცხოვრონ შეთანხმებულად ადამიანებთან. პროექტი ძალიან საინტერესოა და მსგავს ინიციატივებს მომავალშიც, ქუთაისის მერია მხარს დაუჭერს,“- აღნიშნა FirstNews.ge-თან საუბარში ლანა სვანიძემ.

პრო5

შეგახსენებთ, რომ პროექტს ახორციელებს საინიციატივო ჯგუფი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში.

საინიციატივო ჯგუფის სახელით, დიდ მადლობას ვუხდით ქუთაისის უნივერსიტეტს სატრენინგო სივრცის უსასყიდლოდ დათმობისთვის და თანამშრომლობისთვის.

წაკითხვა 876 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 16 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.