May 2, 2024

პროექტი „ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ მეორე ეტაპი წარმატებით განხორციელდა

29  ივნისს, პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ მეორე ეტაპი დაიწყო, რაც შიდა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას მოიცავდა.

ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: „მშვიდობის ელჩები ქუთაისიდან." სტუდენტი ნიტა არეშიძის ლიდერობით, პრეზენტატორები იყვნენ გიორგი მაჩაიძე, ნუკა მიშვიძე და ლუკა არსენიძე.

შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა განიხილეს მშვიდობის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის;  კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები და მისი მოგვარების გზები.ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ  ჩართული ტრენინგის მსვლელობის დროს. უმრავლესობა პირველად ესწრებოდა ამგვარი ტიპის შეხვედრას და გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო ხშირად მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში;

შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდებმა სიმბოლურად გაუშვეს მშვიდობის მტრედები, რითაც მშვიდობა უსურვეს მსოფლიოს.

 

პროექტის შესახებ FirstNews.ge-თან უფრო ვრცლად ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიტა არეშიძემ ისაუბრა :

 

"ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში ჩვენ განვახორციელეთ პროექტი - "მშვიდობის ელჩები ქუთაისიდან" . ტრენინგებზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან გამოგვადგა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. ვისაუბრეთ კონფლიქტებსა და  მისი გადაჭრის მშვიდობიან ხერხებზე, ასევე, პირადი  მაგალითები გაუზიარეთ ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს.  დისკუსიის დროს მეგობრებმა გავცვალეთ ინფორმაცია და შეხვედრის დასასრულს გავუშვით მშვიდობის მტრედები. მსოფლიოს ვუსურვეთ მშვიდობა,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში სტუდენტმა ნიტა არეშიძემ.

 

Screenshot 1222

 

ასევე, 29 ივნისს, ქ. ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა ახალგაზრდული ინიციატივა სახელწოდებით „ერთად დავძლიოთ კონფლიქტი".

ინიციატივა ეკუთვნოდათ ახალგაზრდებს: ნინი სირაძეს, ლიკა კუტალაძეს, თეონა იობაშვილს, თათია პატარიძეს და მარიამ ცერცვაძეს.

პროექტი ითვალისწინებდა ფართო აუდიტორიის წინაშე ტრენინგის ჩატარებას კონფლიქტის თემაზე. ახალგაზრდული ინიციატივის ავტორებმა ტრენინგების მანძილზე დაგროვილი ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს თანატოლებს, ჩაატარეს სახალისო, შემეცნებითი და საინტერესო ჯგუფური აქტივობები.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ ის შესაძლო სირთულეები, რაც კონფლიქტის გამწვავებას ახლავს თან,  ამავდროულად თავიანთი მეგობრებისთვისაც ესწავლებინათ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება.

 

33333357714393 157014844056241 731355700114870125 n

 

4 ივლისს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი განხორციელდა. ინიციატივა „კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტა“ ერთ-ერთია, რომელიც პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა. ახალგაზრდებმა ტრენინგზე განიხილეს კონფლიქტის ესკალაციის და დეესკალაციის ფაზები, ასევე თანატოლ-განმანათლებლებმა მონაწილეებს გააცნეს მოგება-მოგება და წაგება-მოგების სიტუაციები, განიხილეს აქტიური მოსმენის ბარიერები;

შეხვედრის მსვლელობის დროს ჩატარდა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები, რომლებიც მოიცავდა გუნდებად დაყოფას და კონფლიქტის ესკალაციის 9-ფაზიანი მოდელის მიხედვით  სურათების თანმიმდევრულად დალაგებას, კონკრეტულ ქეისებზე/შემთხვევებზე მუშაობას, მოგება-მოგება სიტუაციების  განხილვას და სხვ.

ახალგაზრდებმა ღიად ისაუბრეს მათთვის მნიშვნელოვან თემებზე, ჯგუფში გააზიარეს თავიანთი ისტორიები კონფლიქტთან დაკავშირებით და აქტიურად ჩაერთნენ სწავლა-სწავლების პროცესში.

ტრენინგის ბოლოს ახალგაზრდებს გადაეცათ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.ახალგაზრდული პროექტის იდეის ავტორები და განმახორციელებლები იყვნენ: ანნა კოხრეიძე, ანანო მელქაძე, საბა სოფრომაძე და მარიამ ჩიქოვანი.

 

Screenshot 1444

 

ამავე თემაზე შემდეგ შეხვედრას უძღვებოდნენ: ელენე ქოქოსაძე, ნიკოლოზ ჩაჩხიანი, თებეა ძოწენიძე და ნაილი ბოხუა. 

შეხვედრა იყო ინტერაქციული და არაფორმალური განათლების მეთოდებზე დაფუძნებული. მონაწილეებმა გააზიარეს თავიანთი პირადი მაგალითები და ღიად ისაუბრეს იმ გრძნობებზე, რაც მათ განუცდიათ კონფლიქტის დროს;

ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა აქტიური მოსმენის სავარჯიშო და როლური თამაში, რომელიც ეფუძნებოდა სტერეოტიპების შედეგად წარმოქმნილ კონფლიქტს, რომლის მოგვარებასაც „მედიატორები" შეეცადნენ.

 

Screenshot 1555

 

ასევე,  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის N3 საჯარო სკოლაში განხორციელდა ახალგაზრდული პროექტი სახელწოდებით “შევაჩეროთ ბულინგი“. პროექტი მიზნად ისახავდა ბულინგის თემაზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას. კერძოდ, ინიციატივის მთავარი მიზანი გახლდათ ბულინგის პრევენცია, მსხვერპლზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებაზე და გადაწყვეტის გზების ძიებაზე დაფიქრება;

პროექტს ხელმძღვანელობდნენ: ნინი ჯეჯეია, მარიამ იობაშვილი, ნინი კლდიაშვილი და ლევან როხვაძე.

ბულინგი საკმაოდ სენსიტიური თემაა და იმისათვის, რომ მოზარდებისთვის შეგვექმნა საიმედო გარემო გაეზიარებინათ თავიანთი ისტორიები, შეხვედრა ყინულის ლღობის და გუნდის ფორმირების აქტივობებით დაიწყო;

კონფლიქტებსა და ბულინგზე ცნობიერების ამაღლების მიზნით მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს ბულინგის სხვადასხვა ფორმები: სიტყვიერი ბულინგი, ფიზიკური ბულინგი, სოციალური ბულინგი, კიბერბულინგის ხელშემწყობი ფაქტორები და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები.

ბულინგის და მისი სახეების მიმოხილვისას ვისაუბრეთ ბულინგის მსხვერპლის და ბულერის ქცევით და ემოციურ მახასიათებლებზეც. გარდა ამისა, შესრულდა აქტივობა შიდა და გარე წრეები. ამ აქტივობის საფუძველზე მონაწილეებმა გაიაზრეს მოსმენის მნიშვნელობა და აუცილებლობა განსაკუთრებით კონფლიქტისა და ბულინგის დროს.

 

Screenshot 1665

 

პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის’’ ფარგლებში, 7 ივლისს ქუთაისის ახალგაზრდობის პარკში განხორციელდა ახალგაზრდული ინიციატივა „უკონფლიქტო მონოპოლი.“

პროექტს უძღვებოდნენ: ნუცა ორჯონიკიძე, ნანიტა ხონელიძე, ლიზი იოსელიანი, მარიამ ვარამაშვილი და ანანო დიანოსაშვილი.  შეხვედრის პროგრამა ორგანიზატორთა ჯგუფმა რამდენიმე ეტაპად გაანაწილა და სახალისო გზებით გადაწყვიტა თანატოლების ინფორმირება.

პირველი ეტაპი მოიცავდა გაცნობის სავარჯიშოს და ენერჯაიზერს;

მეორე ეტაპზე მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი თემები: რა არის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, რას ნიშნავს საზოგადო კონფლიქტი,როგორ აღმოვფხვრათ სწორად და არაძალადობრივად ნებისმიერი სახის კონფლიქტი. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს კონფლიქტის დადებით და უარყოფით მხარეებსა და შედეგებზე;

მესამე ეტაპი უშუალოდ მონოპოლის თამაშს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა 10 შეკითხვას გასცეს პასუხი. ყოველი სწორად გაცემული პასუხის შემდეგ ახალგაზრდები წინა რიგში ინაცვლებდნენ და უახლოვდებოდნენ ფინიშის ხაზს;

მეოთხე ეტაპი კი მეტად სახალისო აღმოჩნდა. მონაწილეებს ჰქონდათ გამოყოფილი 20 წუთი სიმბოლური პრიზის საპოვნელად, რომლის პროცესიც ძალიან მხიარულად წარიმართა;

დღე დასრულდა უკუკავშირით. როგორც მონაწილეების, ისე პროექტის ორგანიზატორების მხრიდან გუნდის წევრებმა დადებითი შეფასებები მიიღეს;

 

78

 

პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ მეორე ეტაპი FirstNews.ge-თან საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა  ნინი გორგოძემ შეაფასა:

"პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. შიდა საგრანტო კონკურსში გამარჯვებული იდეები წარმატებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში უამრავმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა საინტერესო ტრენინგებსა და აქტივობებში. მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სწორედ იმ თაობის წარმომადგენლებში, რომლებშიც პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის. საკმაოდ მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების სიმრავლე ახალგაზრდებისთვის და მათი განვითარებისთვის. საბოლოოდ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას მსგავს საინტერესო პროექტებში ჩართულობისკენ, რადგან სწორედ ეს ეხმარება მათ პიროვნულ ზრდასა და წარმატებაში,"- განაცხადა ნინი გორგოძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პროექტს "ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის" ახორციელებს საინიციატივო ჯგუფი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში.

წაკითხვა 508 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 11 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.