სეპარატიზმის ეპიდემია: ევროპიდან აფრიკამდე

რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სათაურით „სეპარატიზმის ეპიდემია: ევროპიდან აფრიკამდე“ განხილულია სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ტრადიციები მეთოდები, თუმცა, კავკასიისა და აფრიკის რეგიონებში მომხდარი ბოლო მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა შეიარაღებული ძალის გამოყენებას (ავტორი - იური სიგოვი).

 

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

 

„არაღიარებული ტერიტორიების“, ანუ ოდესღაც ერთიანი სახელმწიფოსაგან გამოყოფილ-ჩამოშორებული ტერიტორიების რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით ორ ათეულს აღწევს. არიან ისეთის სახელმწიფოები, რომლებიც ერთი შეხედვით, ტერიტორიულ მთლიანობას ინარჩუნებენ, მაგრამ მათი რეგიონები, შტატები თუ ფედერალური ოლქები ცენტრთან მუდმივ მტრობაში არიან: ისინი ფართო ავტონომიას ითხოვენ და სხვადასხვა საბაბით, დამოუკიდებლობის გამოცხადებით იმუქრებიან. „გამოცალკევებისბაცილით“ დაავადებულნი არიან არა მარტო აზიისა და აფრიკის ქვეყნები, არამედ თითქოსდა მტკიცე და მყარი საფუძვლის მქონე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიც.

 

რა თქმა უნდა, მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მდებარე პოსტსაბჭოური რესპუბლიკებიც: სულ ახლახან გადაიგრიალა მთიანი ყარაბაღის ომმა, უფრო ადრე კი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. დონბასსა და დნესტრისპირეთში არსებული სიტუაციაც იმას მოწმობს, რომ თავის დროზე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებისაგან გამოყოფილ ტერიტორიებს სრულიად შეუძლიათ დამოუკიდებელობა გამოაცხადონ.

 

რამდენად შესაძლებელია ასეთი კოლიზიების მოგვარება მშვიდობიანი მეთოდებით, ანუ ისე, რომ სამხედრო მოქმედებები არ განვითარდეს? თეორიულად - კი, მაგრამ ეს მაშინაა შესაძლებელი, თუ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება ძლიერია და ძალოვან სტრუქტურებს, კანონის ფარგლებში, წესრიგის დამყარება დროულად შეუძლიათ. ანდა ცენტრალურმა მთავრობამ ისეთი დიპლომატიური მიდგომები უნდა გამოამჟღავნოს, რომ „ბუნტოვშიკების“ დამშვიდება შეძლოს და შთააგონონ მათ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა ფართო ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მიზნით საზიანო იქნება როგორც მათთვის, ისე მოსახლეობისათვის (კატალონიისა და ბასკთა ქვეყნის მაგალითები ესპანეთში).

 

„დამოუკიდებლობის მოთხოვნა-გამოცხადების“ სერიალიდან ბოლო მაგალითს წარმოადგენს ეთიოპიის პროვინციაში - ტიგრაიში მომხდარი ამბები, სადაც ადგილობრივმა ლიდერებმა „დემოკრატიული“ ფართო ავტონომია მოითხოვეს. ადის-აბებიდან ცენტრალური ხელისუფლების რეკომენდაციის მიუხედავად („კორონავირუსის პანდემია ბობოქრობს, რა დროს არჩევნების ჩატარებაა“),  „ტიგრაის გათავისუფლების ეროვნულმა ფრონტმა“ არჩევნები მაინც ჩაატარა და ცხადია, ადგილობრივ პარლამენტში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. იგრძნო რა საკუთარი ძალა, ფრონტმა ცენტრისაგან მეტი თავისუფლება (ავტონომია) მოითხოვა. ადის-აბებამ არჩევნების შედეგები გააუქმა და „ავტონომისტებს“ სიმშვიდისაკენ მოუწოდა, შემდეგ კი, სიტუაციის გამწვავების კვალობაზე, ტიგრაიში ჯარი გაგზავნა, წინასწარ კი პროვინციას ყველანაირი საკომუნიკაციო საშუალება (ინტერნეტი, ტელეფონი და ა.შ.) გაუთიშა.

 

არავინ ზუსტად არ იცის, რა მოხდა ტიგრაიში დაწყებული ბრძოლების დროს, მაგრამ ზოგიერთი რამ მაინც ცნობილი გახდა: მოსახლეობა მეზობელ ერიტრეიში და სუდანში გაიქცა, სამთავრობო ჯარებმა პროვინციის მთავარი ქალაქი მეკელე დაიკავეს, ფრონტის ლიდერმა დებრეციონ გებერმაიკლმა კი პარტიზანული ბრძოლის დაწყება გამოაცხადა ფედერალური ჯარების წინააღმდეგ (რაც ძალიან ჰგავს ჩრდილოეთ კავკასიის მოვლენებს 1990-იანი წლების შუახანებში). საინტერესო ამ ამბებში ისიცაა, რომ ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბია აჰმედი, რომელმაც ტიგრაიში არმია გაგზავნა, ნობელის პრემიის ლაურეატი გახლავთ მშვიდობის დაცვის საქმეში (მეზობელ ერიტრეასთან სიტუაციის მოგვარებასთან დაკავშირებით). გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეთიოპიის არმიის პირადი შემადგენლობის 20% წარმოშობით სწორედ ტიგრაელები არიან.

 

რა არის ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი და მიმანიშნებელი? უპირველესად ის, რომ ყოველი სეპარატისტული მოძრაობა, როგორი დემოკრატიული ლოზუნგებით არ უნდა იყოს „შენიღბული“, შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც ცენტრალური ხელისუფლება ძალიან სუსტია და რეალურად ქვეყნის ტერიტორიას მტკიცედ ვერ აკონტროლებს. და თუ ხელისუფლება ძლიერია, მას არ შეეშინდება სამხედრო ძალის გამოყენებისა. სხვათა შორის, ეთიოპიის მთავრობას მომხრეებიც გამოუჩდნენ (იგივე მეზობელი ერიტრეა) და მოწინააღმდეგეებიც. ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი პრემიერ-მინისტრი აბია აჰმედი გააკრიტიკა - ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს ტიგრაიში ჯარი არ უნდა გაეგზავნა და „მშვიდობიანი სახალხო პროტესტების“ ჩასახშობად ბრძოლები არ უნდა დაეწყოო. მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპელ კრიტიკოსებს არ აქვთ გათვალისწინებული ის, რომ მათ მიერ წაქეზებული „დემოკრატიული სეპარატიზმის“ შედეგად ათასობით ეთიოპელი ლტოლვილი შეიძლება ევროპული ქალაქების ქუჩებში აღმოჩნდეს...“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.ng.ru/vision/2020-12-21/6_8045_vision.htm

წაკითხვა 444 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.