აზერბაიჯანი: ეკლიანი გზა სომხებთან შერიგებისაკენ, მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების შემდეგ
ბრიტანულ ჟურნალ „ნიუ სთეითსმენ”-ში («New Statesman») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აზერბაიჯანი: ეკლიანი გზა სომხებთან შერიგებისაკენ, მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების შემდეგ“. პუბლიკაციის ავტორი იდო ვოკი, ევროპელ ჟურნალისტებთან ერთად, აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ოფიციალურად იყო მიწვეული ბაქოში ომის შემდგომი სიტუაციის გასაცნობად, მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვების ფონზე.
რამდენად ობიექტურად დაწერა ჟურნალისტმა აზერბაიჯანის შესახებ?
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით.
„ჩვენ, ფრანგ და ბრიტანელ ჟურნალისტთა ჯგუფი, აზერბაიჯანის მთავრობამ სპეციალურად მიგვიწვია ბაქოში, რათა საკუთარი თვალით გვენახა გათავისუფლებული ტერიტორიები, გავსაუბრებოდით ლტოლვილებს, გვენახა ის, თუ როგორ არის დაცული სომხური კულტურის ძეგლები და ა.შ. (...)
აზერბაიჯანში, რომელიც ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და კასპიის ზღვის ნაპირზე, რუსეთსა და ირანს შორის მდებარეობს, დღეს თითქმის ყველაფერი ჰეიდარ ალიევის სახელთან არის დაკავშირებული: ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში დავეშვით, აეროპორტიდან სასტუმროში - ჰეიდარ ალიევის პროსპექტითმივედით, იქვეა ჰეიდარ ალიევის მუზეუმი, ჰეიდარ ალიევის სასახლე და ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი...
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანს ათი წელი მართავდა. 2003 წელს იგი გარდაიცვალა. იმ დროიდან ქვეყნის უცვლელი პრეზიდენტი მისი შვილი ილჰამ ალიევია, რომელიც არჩევნებში ხმების 80% იღებს. ამ ხნის განმავლობაში მან ზღაპრული სიმდიდრე დააგროვა და თავისი პიროვნებისა და ოჯახის კულტი შექმნა. უფრო მეტიც - 2017 წელს ილჰამ ალიევმა თავისი ცოლი მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუს“-მა აზერბაიჯანს მსოფლიოს ყველაზე არათავისუფალ და არადემოკრატიულ ქვეყნებს შორის მე-11 ადგილი მიაკუთვნა - იემენსა და რუსეთზე წინ. (...)
მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების შემდეგ ილჰამ ალიევს მოსახლეობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს, ქვეყანა ეიფორიითაა მოცული: ყველგან პრეზიდენტის ფოტოებია მოჩანს, ილჰამ ალიევია გამოსახული ლოზუნგებზე და პლაკატებზე „მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანია“ და ა.შ. სტალინური ეპოქის საბჭოურ მონუმენტურ შენობებზე აზერბაიჯანის დროშები ფრიალებენ თურქულთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანისადმი პატივისცემის ნიშნად (...)
აზერბაიჯან-სომხეთის ომის პარადოქსი იმაში გამოიხატება, რომ 1990-იანი წლებში სომხების მიერ მიყენებული დამარცხებით გამოწვეული სულიერი ჭრილობები ძალიან ღრმაა. იმდენად ღრმა, რომ დღეს აზერბაიჯანში ომის საწინააღმდეგო ხმები არ ისმის, ჩუმად არის ოპოზიცია, ჩუმად არიან ის დისიდენტებიც, რომლებსაც ადრე მთავრობა უმოწყალოდ დევნიდა. ყველაზე მეტად პოზიცია შეიცვალა დისიდენტმა ჟურნალისტმა ჰაჯიჯა ისმაილოვამ, საერთაშორისო პრემიების ლაურეატმა, რომელსაც წინა წლებში ილჰამ ალიევის მთავრობა აშინებდა, დევნიდა, მას უთვალთვალებდნენ, ბინაში ჩუმად კამერა დაუყენეს და მისი სექსუალური კონტაქტის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელებში ჩაუშვეს, მაგრამ ჰაჯიჯა მაინც შეუპოვრად აკრიტიკებდა პრეზიდენტს და მთავრობას. ახლა კი იგი საოცრად არის გარდაქმნილი და შეიძლება ითქვას, ჰაჯიჯა მთავრობის პრეს-მდივნის მოვალეობას ასრულებს. მის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მხარდამჭერი მასალები ქვეყნდება. დღეს ისე გამოდის, რომ დისიდენტი მთავრობის ავტორიტეტის განმტკიცებას ემსახურება.
ორმა ჩვენმა ჟურნალისტმა მოისურვა პირადად შეხვედროდნენ ჰაჯიჯა ისმაილოვას, მაგრამ მათ მიზნის შესრულება ვერ მოახერხეს: გიდმა, რომელიც [ნერვიულობისაგან] სიგარეტს ზედიზედ ეწეოდა, მათ უთხრა, რომ ტაქსის გამოძახება და მგზავრობის უფლება არ გაქვთო და რომ ამგვარი გადაადგილება „პროტოკოლს ეწინააღმდეგება“.
ჩვენ როგორღაც მაინც მოვახერხეთ ადამიანის უფლებათა დამცველთან, ადვოკატ რასულ ჯაფაროვთან შეხვედრა, რომელიც „სინდისის პატიმარი“ იყო - 2015 წელს მთავრობამ ციხეში ჩასვა და რამდენიმე ხნის შემდეგ გაათავისუფლა. იგი აპროტესტებს ომის მეთოდებს, მაგრამ ეთანხმება ომის მიზნებს (ანუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას). კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა სომხებს და აზერბაიჯანელებს ერთად ცხოვრება, იგი პასუხობს: „ალბათ, ათი ან ოცი წლის შემდეგ... და ეს მთავრობის წარმმართველი როლის გარეშე არ მოხდება“. (...)
ჩვენს გიდს მივყავართ ბაქოს ცენტრში მდებარე საბჭოთა დროის სკოლაში, სადაც ლტოლვილები ცხოვრობენ. შესასვლელი დანაგვიანებულია, ჭუჭყიანი, შენობის შიგნით დერეფნები ჩახერგილია მრავალრიცხოვანი კარადებით, გაფენილია სარეცხი... მე შევეცადე გიდს ცოტა ხნით მოვშორებოდი და 66 წლის ლტოლვილს ჰაფიზაბაირამოვას გავესაუბრე. მისი პატარა ოთახი ნათესავების სურათებით და თურქულ-აზერბაიჯანული დროსებითაა მორთული. იგი ჰყვება, თუ როგორ კარგად ცხოვრობდა ზანგელანის რაიონში, ირანის საზღვართან, 1993 წელს კი სომხების სწრაფი შეტევის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ სრულიად ხელცარიელები გადასულიყვნენ ირანში, იქიდან კი ბაქოში. „მე ყოველთვის მჯეროდა, რომ სომეხი ბანდიტების მიერ წართმეულ მიწას დავიბრუნებდით. ოცნება ამისრულდა. მალე ჩემს მშობლიურ ადგილებში დავბრუნდები“, - ამბობს ჰაფიზა ბაირამოვა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აქებს. კითხვაზე, თუ რამდენად შეუძლია მას სომხებთან გვერდი-გვერდ ცხოვრება და შერიგება, თანაუგრძნობს თუ არა მათ, რომლებიც ახლა ლტოლვილებად იქცნენ, იგი პასუხობს: „არა“.
ჩვენ მთიანი ყარაბაღისაკენ მივდივართ. ბაქოდან გამოსვლისას ირგვლივ ნავთობის მომპოვებელი კოშკურები ჩანს. მეორე მსოფლიო ომის დროს აზერბაიჯანში საბჭოთა ნავთობის ორი მესამედი მოიპოვებდნენ. ადოლფ ჰიტლერი კავკასიის ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, მაგრამ იოსებ სტალინის წითელმა არმიამ მას უკან დაახევინა. დღეს კასპიის ზღვის ენერგონედლეული აზერბაიჯანის უდიდესი სიმდიდრის წყაროა, რომელიც, მართალია, საზოგადოებაში უთანაბროდ ნაწილდება, მაგრამ მაინც. ნავთობით მიღებული ფულით ფინანსდება სამხედრო სფეროც, რომლის ბიუჯეტი ბოლო წლებში საოცრად იზრდებოდა... და 27 სექტემბერს სომხეთთან ომიც დაიწყო.
ტერიტორიის ბრძოლით დაბრუნება მაინცდამაინც რთული არ ყოფილა, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას საქმე სომეხ მოსახლეობასთან აქვს, რომლებიც მთიან ყარაბაღში ჯერ კიდევ არიან (რუს სამშვიდობო ძალებთან ერთად). „ჩვენ მათ აზერბაიჯანის მოქალაქეებად ვთვლით და მათ ისეთივე კონსტიტუციური უფლებები აქვთ, როგორიც აზერბაიჯანელებს“, - გვეუბნება პრეზიდენტის მრჩეველი ჰიქმეთ გაჯიევი, მაგრამ ოფიციალური განცხადებები ბევრი სომეხისთვის დამაჯერებელი არ არის.
ჩვენი პრეს-მგზავრობა აზერბაიჯანში ისე იყო დაგეგმილი, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მთიან ყარაბაღში მდებარე სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისადმი აზერბაიჯანის ხელისუფლების ძალისხმევაც გაეშუქებინა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აზერბაიჯანის პოლიტიკის ლეგიტიმაციისთვისაც. ამიტომაც იმედი გვქონდა, რომ ვნახავდით სომხურ მონასტერ დადივანქს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ აზერბაიჯანს გადაეცა. ჩვენს თხოვნაზე მთავრობამ ჯერ უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ იქ არასტაბილური სიტუაციაა, ვაითუ რაიმე ინციდენტი მოხდეს, ადგილი დანაღმულიაო, შემდეგ კი - გზები თოვლით არის დანამქრული, მოძრაობა შეწყვეტილიაო. ასევე არ დააკმაყოფილეს ჩვენი თხოვნები „გათავისუფლებული“ შუშის მონახულების მიზნით. მის ნაცვლად წაგვიყვანეს აღდამში, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობას უფრო აწყობდა. ბაქოდან აღდამში წასვლისას თან ლტოლვილები გაგვაყოლეს, რომლებსაც მშობლიური ადგილების ნახვა სურდათ. „აქ ყველაფერი დანგრეულია ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ომის შედეგად. მაგრამ ჩვენ მაინც გვინდოდა გვენახა. მადლობა ჩვენს მთავრობას, ჩვენს სამხედროებს და უფალს“, - ამბობს 78 წლის შაფიკა რუსტამოვა, აღდამელი ლტოლვილი (...)
მოკლედ, აზერბაიჯანმა ომი მოიგო, მაგრამ მშვიდობის მოგება უფრო ძნელია. ნაციონალისტური ეიფორია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს იმედგაცრუებით, როცა ასობით ათასი ლტოლვილი აზერბაიჯანელი მთიან ყარაბაღში დაბრუნდება. იქ ბევრი რამ ხელახლაა ასაშენებელი და მოსაწყობი, აუცილებელია განაღმვის სამუშაოების დაწყება, რასაც წლები დასჭირდება. სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებას წინ დიდი პრობლემები ექნება სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის მხრივ, რომელთა მიმართ ათეული წლები ეთნიკური სიძულვილის პოლიტიკა ტარდებოდა. ბაქოს მოუწევს მათი სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კულტურული ავტონომიის სტატუსის შემუშავება.
სხვათა შორის, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო იმ პირების დაკავება, რომლებიც სომხების - ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ - დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი. ასეთი მოქმედება მკვეთრ კონტრასტშია იმ პოლიტიკასთან, რაც ადრე ტარდებოდა. მაგალითად, 2012 წელს აზერბაიჯანელმა ოფიცერმა რამილ საფაროვმა ბუდაპეშტში სომეხი ჯარისკაცი ნაჯახით მოკლა, სამშობლოში კი მას ისე შეხვდნენ, როგორც გმირს...
კითხვა - შეძლებენ კი სომხები აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებას - სხვა უფრო მნიშვნელოვან პრობლემასაც ეხება: თუ აზერბაიჯანში დემოკრატია არ დამყარდება, თუ იქ დემოკრატიული რეფორმები არ გატარდება, სომხები აზერბაიჯანში არ დაბრუნდებიან - ანუ იმ ქვეყანაში, სადაც სხვა ეროვნების ადამიანი თითქმის არანაირად არაა დაცული, სადაც ოპოზიციის ლიდერებს ხელისუფლებაში ბალოტირება აკრძალული აქვთ. მეჰმან ჰუსეინოვი, რომელიც ხელისუფლებას კორუფციის გამო აკრიტიკებს, ამბობს: „მთავრობა მეც კი სომეხად მთვლის კრიტიკის გამო და როგორ იცხოვრებენ ნამდვილი სომხები აზერბაიჯანში?“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო