რუსეთის ჯარები უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებიან, ჩვენ კი მის ლიდერს ვეფერებით - გაზეთი „თაიმსი“

დიდი ბრიტანეთის გაზეთი „თაიმსი“ («The Times») რუსეთ-უკრაინის დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებას ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთის ჯარები უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებიან, ჩვენ კი მის ლიდერს ვეფერებით“ (ავტორი - როდ ლიდლი).

„დიპლომატების გაძევება და ეკონომიკური სანქციები რუსეთის აგრესიულ ქცევას ვერ შეაჩერებს, ამიტომაც დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს სამარცხვინო წუწუნი და გაბედულად მოქმედება დაიწყოს“, - აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, დასავლეთის ქვეყნები ისე ამშვიდებენ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, როგორც ამას 1938 წელს გერმანიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის მიმართ აკეთებდნენ. საბოლოო ჯამში კი ასეთმა „თავზე ხელის გადასმამ“ მსოფლიო მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა.

 

„დონეცკი და ლუგანსკი - შეიძლება თუ არა ისინი სარაევოდ ჩავთვალოთ, უკრაინა კი პოლონეთად მეორე მსოფლიო ომის წინ? ალბათ, არა, თუ იმ ბევრ ექსპერტებს დავუჯერებთ, რომლებიც თვლიან (ახლახან წავიკითხე!), რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ასი ათასი ჯარისკაცის თავმოყრა მიზნად მხოლოდ კიევის შეშინებას ისახავს და მას ომი არ მოჰყვება. ამ ექსპერტების აზრი ძალიან ჰგავს 1938 წლის პოლიტიკოსების პოზიციას, რომლებიც თითქმის იგივეს ამბობდნენ ადოლფ ჰიტლერის მიმართ, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის საზღვრებთან ვერმახტის თავმოყრა დაიწყო: „არაფერი სერიოზული არ ხდება, უბრალოდ, გერმანელები იარაღს აჟღარუნებენ, რომ პრაღა შეაშინონო“, - აღნიშნავს როდ ლიდლი.

 

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მიეჩვივნენ დასავლეთის შემწყნარებლობას, ამიტომაც „დაუსჯელად მოქმედებენ და სულ უფრო ხშირად იქცევიან ტირანულად, კლავენ და წამლავენ არასასურველ ადამიანებს“.

 

„როცა ჩვენს წინაშე საშიში და დაუნდობელი ოპონენტები დგანან, წუწუნი და ჩივილი ვერაფერს გვიშველის. განა რაიმე შედეგი გამოიღო ჩვენმა ჩივილმა, როცა ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ანექსია განახორციელა? ან როცა საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა? ან როცა სი ძინპინმა ჰონკონგს თავისუფლების უფლება წაართვა და სინძიანში ადგილობრივ უიღურებს გენოციდი მოუწყო?“, - წერს ავტორი.

 

ჟურნალისტი ასევე თვლის, რომ ამერიკაც სისუსტეს იჩენს რუსეთის წინაშე, როცა ჯო ბაიდენმა უარი თქვა შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე. როდ ლიდლის აზრით, რუსეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ვაშინგტონი თავის ჯარისკაცებს არ გაწირავს იმ ქვეყნის საშველად, რომლის სახელი და მდებარეობა ამერიკელთა უმეტესობამ არც კი იცის.

 

„მაგრამ პრობლემა შემდეგშია: ადამიანები დროებითი დაზავების დროსაც იღუპებიან, ჩვენ კი თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ვერ ვხვდებით, რომ ასეთი მდგომარეობა მხოლოდ დროებითია. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრე თუ გვიან მგელი ან დათვი ჩვენი საკუთარი სახლის კართანაც გამოჩნდება“, - აფრთხილებს დასავლურ საზოგადოებას ავტორი.

 

წყარო: https://www.thetimes.co.uk/article/rod-liddle-troops-pour-over-a-border-and-we-appease-their-leader-stop-me-if-youve-heard-this-one-before-jwr3c8f22

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

წაკითხვა 605 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.