„დასავლეთს ეგონა, რომ ავღანეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით შეძლებდა იმის გაკეთებას, რაც მანამდე ვერავინ შეძლო"
„ავღანეთში დასავლეთის ფიასკო შეიძლება აიხსნას იმით, რომ აშშ-ისა და მის ნატოელ მოკავშირეთა გადაწყვეტილებებში მხოლოდ იდეოლოგიური ფაქტორი დომინირებდა, გეოგრაფია კი საერთოდ დავიწყებული იყო“, - ამბობს ლიონის უნივერსიტეტის პროფესორი, ახლო აღმოსავლეთის პრობლემების კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი ფაბრის ბალანში გაზეთ „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) კორესპონდენტთან ეჟენი ბუალესთან საუბრის დროს. ინტერვიუს ტექსტი გაზეთში გამოქვეყნებულია სათაურით „აშშ-ის კრახი ავღანეთში: გეოგრაფიის შურისძიების ნიმუში“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„ავღანეთი მთებისა და დაბლობების ქვეყანაა, ციცაბო ფერდობებით, ღრმა ხეობებით და უღელტეხილებით ერთი რეგიონიდან მეორეში გადასასვლელად. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა ბლოკებად არის დაყოფილი. ცხადაია, მთიანი რელიეფი დიდ პრობლემას ქმნის იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც ავღანეთში შეღწევას დააპირებს. ასეთი ლანდშაფტის მქონე ქვეყნის გაკონტროლება უკიდურესად რთულია“, - აღნიშნავს ფაბრის ბალანში.
„ავღანეთის ბლოკებად დაყოფას თავისი ადამიანური, სოციალური მხარე აქვს: დაბლობებში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები - პუშტუნები, უზბეკები, ტაჯიკები ცხოვრობენ. ეს ეთნიკური ჯგუფები კი, თავის მხრივ, კლანებად და ტომებად იყოფიან, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან. საინტერესოა, ქაბულში მყოფი ცენტრალური ხელისუფლება ვერცერთ პერიოდში - ვერც მონარქების დროს და ვერც ე.წ. „რესპუბლიკების“ პერიოდებში - ქვეყნის მთელ ტერიტორიას [და მის მოსახლეობას] ვერასოდეს ვერ აკონტროლებდა. (...)
მსგავსი ფიზიკური რეალობა და მსგავსი ეთნიკური დაქუცმაცება მნიშვნელოვან ასპექტებად ითვლებიან ქვეყნის ხასიათის გასაცნობიერებლად. ისინი ერთმანეთთანაც არიან დაკავშირებულნი: ავღანეთში ხალხთა ტომებს, ტერიტორიის კონკრეტული ნაწილის ფიზიკური გეოგრაფიის წყალობით, შეუძლიათ თავიანთი ინდივიდუალობა შეინარჩუნონ. დავაზუსტებ, რომ გეოგრაფია ორ შემადგენელს შეიცავს - ფიზიკურ საკითხს და ადამიანურს, ქვეყნის კულტურულ სპეციფიკას. დასავლელი ლიდერები ვერ ხედავდნენ, ან არ სურდათ ამის დანახვა. საბოლოო ჯამში, ამ ასპექტებისა და ფაქტორების იგნორირებამ ისინი ფიასკომდე მიიყვანა“, - თვლის პროფესორი.
ამერიკელებმა ავღანეთის ეთნიკური და ტომობრივი სიჭრელის გაცნობიერება ვერ შეძლეს. საერთოდ, ეს დასავლეთის სახელმწიფოებისსათვის პრობლემატური საკითხია. მათ „რეჟიმების ცვლა“ დემოკრატიის, ადამიანის (განსაკუთრებით, ქალების) უფლებების გატარებით სურთ, მაგრამ ამ დროს ისინი ყურადღებას არ აქცევენ ავღანური საზოგადოების სპეციფიკას, ავღანურ კონსერვატიზმს, ანუ ქვეყნის რეალურ მდგომარეობას. პროსაბჭოთა ლიდერებს ბარაქ ქარმალს და მოჰამად ნაჯიბულასაც თავის დროზე ქვეყნის მოდერნიზაცია სურდათ, მართალია, კომუნისტური მანერით, მაგრამ მაინც... ისინიც პრობლემებს შეეჯახნენ. დასავლეთმა ზუსტად იგივე შეცდომა გაიმეორა“, - აღნიშნავს ინტერვიუში ლიონის უნივერსიტეტის პროფესორი.
„დასავლეთს ეგონა, რომ ავღანეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით შეძლებდა იმის გაკეთებას, რაც მანამდე ვერავინ შეძლო. მაგრამ სამწუხაროდ, მთვარეზე ადამიანის სიარული არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ავღანეთში ჰინდუყუში გადალახეთ და ჰიმალაებში მოხვდით. ავღანეთში შეიძლება კოსმოსიდან თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის პირობებში გულის ოპერაცია განახორციელოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ადამიანთა მენტალიტეტი შეცვალეთ, რასაც დიდი დრო და ყოველდღიური ძალისხმევა სჭირდება. (...)
მოდით მეტაფორას სახით ჭადრაკის თამაში გამოვიყენოთ: ვთქვათ, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჭადრაკის ფიგურები სხვადასხვა პიროვნებებს და ქვეყნებს წარმოადგენენ, მაგრამ საჭადრაკო დაფაც, რომელზეც ვთამაშობთ, ისიც გარკვეულ დინამიკას ფლობს: მისი კვადრატები ერთნაირი არ არის. სწორედ ესაა გეოგრაფიის ფაქტორი: არსებობს განსხვავება კვადრატებში, რომლებიც რელიეფსა და ადგილობრივ კულტურას უკავშირდება“. (...)
„ის ადამიანები, რომლებიც პარიზის, ლონდონისა და ვაშინგტონის ოფისებში სხედან, ამ ყველაფერს ივიწყებენ, ან არ იციან. ცხადია, ანალიზი ფიქრს და დროს მოითხოვს, რაც მათ „არ აქვთ“. გეოგრაფია მათ თავის არსებობას ისეთ სიტუაციებში შეახსენებს ხოლმე, როგორიც ავღანეთშია. შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ ავღანეთი გეოგრაფიის შურისძიების ნიმუშს წარმოადგენს: რელიეფი, რომლის გაკონტროლება რთულია; მოსახლეობა, რომლის მენტალიტეტის შეცვლა შეუძლებელია. დასავლეთის ქვეყნებისათვის ავღანეთში ძალიან ბევრი ნეგატიური ფაქტორი არსებობს“, - თვლის ლიონელი გეოგრაფიის პროფესორი.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში ავღანეთზე გავლენა იმანაც იქონია, რომ მის გარშემო არსებულ ძველ ფაქტორებს ახლებიც დაემატა: ძალა მოიკრიბეს მისმა მეზობელმა ქვეყნებმა - რუსეთმა, ჩინეთმა, ირანმა, პაკისტანმა. რუსეთი სირიაში სამხედრო ინტერვენციის წარმატებით გაძლიერდა, ჩინეთი - ეკონომიკური ინციატივების წარმატებული რეალიზების წყალობით. გარდა ამისა, ზოგიერთები ჩუმ-ჩუმად ცდილობდნენ თალიბებისთვის იარაღის მიწოდებას და „ხელის მოთბობას“, ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ. ისინი თავიანთ ინტერესებს ახორციელებდნენ და სურდათ, ამერიკა რაც შეიძლება მალე წასულიყო ქვეყნიდან. მაგრამ ამის მიუხედავად, გეოგრაფიულ რეალობას არც ისინი არ ითვალისწინებდნენ“.
„ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, როგორითაც ბოლო დრომდე დასავლეთი მუშაობდა, ავღანეთში „რეჟიმის ცვლა“ ვერ მოხდება. დემოკრატიას თითების ერთი გატკაცუნებით ვერ დაამყარებ. (...). დიახ, იქმნებოდა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, იქმნებოდა კანონები ადამიანთა უფლებების დაცვისათვის, ხდებოდა აქტივისტთა მომზადება, მაგრამ ეს ყველაფერი მიმდინარეობდა რეალობისა და სინამდვილის გაუთვალისწინებლად, სადღაც შორს რეალური ცხოვრებიდან. დასავლეთს ილუზია გაუჩნდა, რომ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ვერ ამჩნევდა იმას, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი და აქტივისტი „წარმატებებს“ ბერავდა, აზვიადებდა, ისინი დაფინანსების გაგრძელებით იყვნენ დაინტერესებულნი, სამსახურის შენარჩუნებით, ვიზების მიღებით ევროპაში თუ ამერიკაში“, - აანალიზებს ავღანურ სიტუაციას პროფესორი.
დასავლურმა დიპლომატიამაც სამოქმედოდ მსგავსი სტრატეგია აირჩია - ის ილუზიების ტყვეობაში მოექცა. ჰოდა, სრულიად ბუნებრივად მოხდა, რომ ავღანეთში დასავლური წარმატების ვიტრინა - ქაბული - ორიოდე საათში თავზე დაემხოთ“.
ერაყი, ლიბია, სირია და ავღანეთი ერთი და იგივე პრობლემის არსებობას მოწმობს: სტრატეგიებს ისეთი ადამიანები ქმნიან, რომლებიც ამისთვის მომზადებულნი არ არიან. ხშირად ხდება, რომ ადამიანებს ისეთი ამოცანების შესრულებას ავალებენ, რომლებსაც რეალურ სიტუაციაზე წარმოდგენა არ აქვთ, ან პირიქით, ჰგონიათ, რომ შეასრულებენ. მათ განათლება პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში მიიღეს, მაგრამ გეოგრაფიასა და მის რეალიებში საერთოდ ვერ ერკვევიან. მათ არ იციან ქვეყნების მოსახლეობა, არ იციან ცალკეული ტერიტორიების სპეციფიკა, ოფისებიდან გარეთ არ გასულან... უფრო მეტიც - ისინი არ ენდობიან ადგილობრივ მცხოვრებ ადამიანებს და იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადგილობრივთა ინტერესებს ეწინააღმდეგება. ყველა ეს მიზეზი ერაყში, ლიბიაში სირიაში, და ახლა ავღანეთში განცდილი კრახის საფუძველს წარმოადგენს“, - ვარაუდობს ფაბრის ბალანში.
„დღეს დასავლეთი ომს ორით ნულზე აგებს. დასავლეთი იხედება ტვიტერში, აკეთებს სოციალური ქსელების სკანირებას, მაგრამ არ ერწყმის ქსელების განწყობას. თალიბებს კი, რომლებიც მთის თავიანთ ხეობებში სხედან, ტვიტერი არ აქვთ! დასავლეთი ინტერნეტში ეძებს ფიგურებს, რომლებსაც შემდეგ ადგილობრივ გავლენიან მოთამაშეებად წარმოსახავენ - აბა, რა, ინგლისური იციან და გამომწერებიც ბევრი ჰყავთ. მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ისეთ „ელიტას“ წარმოადგენენ, რომლებიც ადგილობრივი სინამდვილისაგან შორს დგანან. ნამდვილი მოთამაშეების ძიება დასავლეთმა არ იცის. ისინი კი პერიფერიებიდან, ხეობებიდან მოდიან“, - ასეთ რეზიუმეს აკეთებს პროფესორი ინტერვიუს დასასრულს.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო