"ნათელი ხდება, თუ რა უნდა პუტინს“ - Deutsche Welle Use print
რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას ეხება გერმანული „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ახლა უკვე ნათელი ხდება, თუ რა უნდა პუტინს“ (ავტორი - კონსტანტინე ეგერტი, პოლიმიმომხილველი).
„რუსეთის პრეზიდენტი ნატოსთან და აშშ-სთან უკრაინის საკითხში კომპრომისის მიღწევას კი არ ცდილობს, არამედ მას უნდა, რომ დასავლეთმა კაპიტულაცია მოახდინოს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. „ჯო ბაიდენთან 30 დეკემბერს ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, მისმა მრჩეველმა იური უშაკოვმა და აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა მიანიშნეს, რუსეთი ისე დიდხანს არ გააგრძელებს მოლაპარაკებებს, როგორც ამას მოსკოვი „ცივი ომის“ დროს აკეთებდა. რუსეთს სწრაფად სურს მიიღოს პასუხი თავის მოთხოვნებზე, განსაკუთრებით ნატოს გაფართოების შეწყვეტაზე და ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიუღებლობაზე.
რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინს მშვენივრად ესმის, რომ ნატო ასეთ უკანდახევაზე არ დასთანხმდება, ასეთი რამ არასოდეს არ მოხდება. ნატო რომ ნამდვილად უარი თქვას დავის დაპირებაზე, რომელიც ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაშია ჩაწერილი (მართალია, სადაო შინაარსის, მაგრამ მაინც), მაშინ გამოდის, რომ რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება ეძლევა, რაც ნატოს დასასრულს ნიშნავს.
აშკარაა, რომ აშშ და დასავლეთი ცდილობს უკრაინის [და საქართველოს] ნატოში მიღება გააჭიანუროს, კიევს [და თბილისს] დამატებით მოთხოვნებს უყენებს (კორუფციის ალაგმვა, დემოკრატიის გაღრმავება და ა.შ.), რაც რუსეთის წინაშე გარკვეულ კომპრომისზე წასვლასაც ნიშნავს. ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შემტევ იარაღს არ განალაგებს და შესაძლოა თეორიულად ისიც ვივარაუდოთ, რომ სამხედრო თანამშრომლობაც შეაზღუდოს (რაც კონგრესს არ მოეწონება, მაგრამ მაინც). ანუ მოკლედ, რომ ვთქვათ, ჟენევის 10 იანვრის შეხვედრის წინ, ამერიკა გარკვეულ დათმობაზე უკვე წავიდა. მაგრამ რატომ აგრძელებს ზეწოლას ვლადიმერ პუტინი? რუსეთის ლიდერმა ხომ კარგად იცის - ნატო თავის დეკლარაციას პირდაპირ არ გააუქმებს, მაგრამ მზადაა „შეარბილოს“.
საქმე იმაშია, რომ რუსეთის ლიდერი თვლის - სწორედ ახლაა ხელსაყრელი ზეწოლის განხორციელება, როცა დასავლეთი პანდემიის პრობლემით არის დაკავებული, როცა ეკონომიკა კრიზისშია. ჯო ბაიდენმა შეცდომა დაუშვა, რომ პუტინთან მოლაპარაკებაზე დათანხმდა - ამით პუტინმა დაინახა, რომ ამერიკას სუსტი წერტილები აქვს და რომ ამერიკა მზადაა „ვაჭრობა დაიწყოს“ უკრაინის საზიანოდ: მთავარია, რომ რუსეთი ჩინეთს მოშორდეს და მოსკოვმა ვაშინგტონს პეკინთან ბრძოლაში ხელი არ შეუშალოს.
ზოგადად, თუ ევროპისა და აშშ-ის მდგომარეობას გავაანალიზებთ, ვლადიმერ პუტინის ხელში შემდეგი „კოზირებია“:
გერმანიის მდგომარეობის სახით - მართალია, ქვეყნის მთავრობა კოალიციურია, მაგრამ მასში ძირითადად სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები შედიან, ანუ იმ პარტიისა, რომელიც რუსეთის მიმართ ტრადიციულად მეგობრულადაა განწყობილი. კაცმა რომ თქვას, კანცლერ ოლაფ შოლცს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერება არ აწყობს;
საფრანგეთის მდგომარეობის სახით - პარიზი საარჩევნო კამპანიით არის გართული, თანაც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყნის ნატოდან გასვლასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვს;
აშშ-ის სახით - ამერიკაში ქვეყნის საჭესთან ისეთი ადამიანია, რომლის ასაკი 90 წელს უახლოვდება, მისი გუნდის შიგნით კი განხეთქილებაა: ერთნი მოითხოვენ, რომ „ჩინეთი უპირველეს ყოვლისა“, მეორენი კი - „ჩვენ ჯერ რუსეთზე უნდა ვიფიქროთ“;
უკრაინის სახით - კიევი ამჟამად დასუსტებულია: ერთი მხრივ, ქვეყანა პოლიტიკურად ვერა და ვერ მშვიდდება, მეორე მხრივ - მთავრობა პანდემიას ვერ აკონტროლებს.
კიდევ ერთი მომენტი: როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ ჯარების ასეთი დიდი რაოდენობის გადაადგილება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და თუ ამას მაინც აკეთებს, არა მარტო სატელეფონო საუბრის მისაღწევად აშშ-ის პრეზიდენტთან, არამედ უფრო სხვა კონკრეტული მიზნისათვის. მან კარგად იცის, რასაც სჩადის. მისთვის უპირველესი მიზანი უკრაინასთან ბრძოლაა. ასე რომ, დაივიწყეთ ნიკიტა ხრუშჩოვისა და ჯონ კენედის სამიტები ან ლეონიდ ბრეჟნევის შეხვედრები რიჩარდ ნიქსონთან, სიტუაციის განმუხტვისთვის რომ ხდებოდა. პუტინის რუსეთი უფრო უკიდურესად გაბედული და შეუპოვარია, ვიდრე იმ დროის ყველა ერთად აღებული ლიდერის დროს. პუტინის რუსეთი უფრო თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში, ვიდრე ოდესღაც საბჭოთა კავშირი იყო“, - ნათქვამია „დოიჩე ველეს“ პუბლიკაციაში (წყარო: https://p.dw.com/p/452fk).
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო