როგორია პუტინის “გეგმა ბ” - “ტოქსიკური სარტყელი” უკრაინის გარშემო და ქვეყნის ეკონომიკური მოგუდვა
“რუსეთი ამ დრომდე ირწმუნება, რომ უკრაინაში ომს არ აპირებს და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა დასავლეთი და თავად უკრაინა დეესკალაციის რეალურ ნაბიჯებს ვერ ხედავენ.
ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს განიხილავენ. ერთი ვერსიით, რუსეთს სწრაფი სამხედრო ინტერვენციის გეგმა ჩაუვარდა და ახლა შეეცდება მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს უკრაინა - ხანგრძლივი დროით დატოვოს ჯარები მის საზღვართან, შექმნას მის გარშემო ერთგვარი “ტოქსიკური სარტყელი”და საბოლოოდ, თანდათანობით ეკონომიკურად მოგუდოს უკრაინა და ამ გზით დაამყაროს მასზე კონტროლი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორია პუტინის “გეგმა ბ” - “ტოქსიკური სარტყელი” უკრაინის გარშემო და ქვეყნის ეკონომიკური მოგუდვა.
“უკრაინის ხელისუფლება აცხადებს რომ ქვეყანა ყველანაირი სცენარისთვის მზადაა, ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ოთხშაბათს ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით ათასობით მოქალაქე კიევის ქუჩებსა და ცენტრალურ სტადიონზე შეიკრიბა, ქვეყნის ყველა დასახლებულ პუნქტში უკრაინის სახელმწიფო დროშები აღმართეს. ერთიანობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის რადაში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. “დიდი ქვეყნის დიდო ხალხო, დილა მშვიდობის! დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ყველა ჩვენთაგანის ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული ნიჭის, განსხვავებული ცოდნის, რელიგიის, მაგრამ ჩვენ ერთი სურვილი გვაერთიანებს: ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, ერთ ოჯახად, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად და ჩვენ გვაქვს ამ ყველაფრის სრული უფლება, რადგან სახლში ვართ, ჩვენ ვართ უკრაინაში და არავის არ შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი”, - ასე მიმართა ზელენსკიმ უკრაინელებს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სამშაბათს გვიან ღამით საგანგებო მიმართვა გაავრცელა. თეთრი სახლის ლიდერი მიესალმება რუსეთის განცხადებას, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით ამის მტკიცებულება აშშ-ს არ დაუფიქსირებია და შესაბამისად, უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობაც ისევ რჩება. “უკრაინა არ ემუქრება რუსეთს. არც აშშ-ს და არც ნატოს არ გააჩნიათ რაკეტები უკრაინაში. ჩვენ არ გვაქვს მათი იქ განთავსების გეგმები. ჩვენ არ გვყავს მიზანში ამოღებული რუსეთის მოსახლეობა. ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას. რუსეთის მოქალაქეებო, თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი. არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ეს იქნება ომი მიზეზის გარეშე. პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის რუსებისადმი მიმართვას თუმცა, ეს რუს ხალხზე უფრო დიდი შთაბეჭდილებასმოახდენდა, თუ ამერიკელი ლიდერის გამოსვლა „რუსეთის წინააღმდეგ მუქარის გარეშე იქნებოდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“მოუხედავად კრემლის განცხადებებისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ქართველი და უცხოელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პუტინის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება და სიტუაცია ნებისმიერი სცენარით შეიძლება განვითარდეს. საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ანალიტიკური ინსტიტუტის, კარნეგის ფონდის მკვლევარი ალექსანდრ ბაუნოვი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაზე კონტროლის დამყარების სწრაფი გეგმა ჩაეშალა, ახლა კი სხვა ტაქტიკაზე გადადის. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია ამ სცენარს რეალისტურად მიიჩნევს. “ახლა როლები შეიცვალა. სხვა დროს რუსული პროპაგანდა საინფორმაციო პანიკას ტეხდა და ახლა დასავლეთმა დაასწრო. საინფორმაციო კამპანიის მთავარი მიზანი ის იყო, რომ რუსეთისთვის ომის გაჩაღებაში რაღაცნაირად ხელი შეეშალათ. ისეთი საინფოირმაციო ფონი შექმნეს, რომ თუ რუსეთი ომს დაიწყებდა, ეს მის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა და რუსული პროპაგანდა აღარ იმუშავებდა. აქედან გამომდინარე, მოსკოვი ამ თვალსაზრისით რთულ მდგომარეობაში აღოჩნდა. ახლა ვეღარ დააბრალებენ, რომ უკრაინამ ომი დაიწყო, ან დონბასში შეჭრას აპირებს”, - განაცხადა კაკაჩიამ. მისივე თქმით, სხვა სცენარებთან ერთად კარნეგის ფონდის მკვლევარის სცენარიც რეალობას მოკლებული არაა”, - დასძენს გამოცემა.
“ეს სცენარიც არაა გამორიცხული. თუმცა პუტინს რა გეგმები აქვს, არავინ არ იცის. შესაძლოა სხვადასხვა ვარაუდები გამოითქვას და მათ შორის ამ ვარაუდსაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ რუსების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ უკრაინაზე ფსიქოლოგიური და პლიტიკური ზეწოლა მოახდინონ, რათა რაღაცნაირად ე.წ. ნორმანდიის ფორმატში მონაწილეობაზე დათანხმდეს და ფაქტიურად კაპიტულაცია გამოაცხადოს. როცა უკრაინის ხელისუფლებასა და მოსახლეობას ყოველდღე ესმის, რომ რუსები დღეს-ხვალ შეიჭრებიან, ესაა სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ოლიგარქი გაიქცა ქვეყნიდან. ასეთ დაძაბულ ვითარებაში ხალხი ასე თუ ისე პანიკაშია, ეს კი უკვე ნერვების ომიცაა. ინვესტიციების ჩადების რისკია, რადგან ხალხს ნდობა შეერყა, ომის საფრთხეა და გარბიან. ეს მთლიანად მაგაზეა გათვლილი, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდეს, დასავლეთსაც ესმის ეს და ამიტომაც ამდენი მილიარდის გამოყოფას აპირებენ”, - თვლის კაკაჩია, რომლის აზრით, “სავარაუდოდ, დასავლეთს ეს სცენარიც აქვს გათვალისწინებული, მაგრამ ერთადერთი რისიც ეშინია, ესაა სამხედრო შეჭრა, რადგან ამ დროს ის პირდაპირ ფიზიკურად ვერ დაეხმარება”, - წერს სტატიის ავტორი.
“როგორც ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხე ისევ დიდია, თუმცა უკრაინელი ხალხი რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხის ფონზე ერთიანია. “კიევიდან ახლახანს წამოვედი, დღეს უკრაინაში ერთობის დღეა. იმ შესაძლო აგრესიის ფონზე, რომლითაც რუსეთი უკრაინას ემუქრება, ეს უკრაინელი ხალხის ძალიან სამაგალითო ჟესტი იყო. იყო პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლაც. უკრაინელი ხალხი ერთიანია. ერთიანია როგორც მოწინააღმდეგის შეფასებაში, ისე სამშობლოს დაცვაში. დღეს ამ ერთიანობის დემონსტრირების დღე იყო. შეჭრის საფრთხე დიდია და არ გადაუვლია. საქართველოს ყველაზე მეტი საფუძველი აქვს არ სჯეროდეს იმ საუბრები, რაც ჩვენ ახლა მოსკოვიდან გვესმის”, - ამბობს ფხალაძე. მისივე თქმით, "ჯერ ერთი, იმ ადამიანის ზეპირი განცხადების როგორ უნდა გჯეროდეს, რომელიც ხელმოწერილ შეთანმებას არღვევს", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“ორ ფაქტს გაგახსეენებთ. როცა სამხედრო წვრთნები “კავკაზ 2008” დამთავრდა და რუსეთმა თქვა, რომ მისი სამხედრო შენაერთები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ, სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ არავინ არსად არ დაბრუნებულა და საქართველოში შემოჭრისთვის მზად იყვნენ. ცოტა კიდევ უფრო ადრინდელი ფაქტი, 1998 წელი რომ გავიხსენოთ, რუსეთმა ვითომდა აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკა გაიყვანა და ზუსტად იმ მძიმე ტექნიკით სოხუმს ბომბავდნენ. ასე რომ, ამ ქვეყნის და პუტინის სიტყვაზე ნდობა ნამდვილად არ შეიძლება. როცა მართლა გაბრუნდებიან და ამას საერთაშორისო მონიტორინგი დაადასტურებს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ საფრთხე მინელდა. თუმცა აქ მხოლოდ არმიის შეჭრის საფრთხეზე არაა საუბარი, აქ სხვა ტიპის საფრთხეებიც განიხილება. 15 თებერვალს უკრაინაზე ძალიან სერიოზული კიბერთავდასხმა განხორციელდა. ასე რომ, წერტილოვანი დარტყმების, არეულობის, დივერსიის, ტერაქტის მოწყობის და ა.შ. სცენარები განიხილება. საფრთხე დიდია. ვიცით, რომ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. დამოუკიოდებლობის აღიარების მოთხოვნით რუსეთის პრეზიდენტს სამშაბათს დუმამ ოფიციალურად მიმართა. ასეთი მზაკვრული სცენარების საფრთხე არსებობს. ამიტომ ძალიან ნაადრევია საფრთხის მინელებაზე საუბარი”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო