ევროკავშირი დონბასში დასახლებული პუნქტების მისამართით ცეცხლის გახსნას გმობს

ევროკავშირი დონბასში დასახლებული პუნქტების მისამართით ცეცხლის გახსნას გმობს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში და მის გარშემო შეიარაღებული ძალების მობილიზება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ უკრაინის საზღვრების სიახლოვიდან სამხედრო ძალების არსებითად გაყვანით.

 

„ესკალაციას ახლა ემატება ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში შეხების ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევების მზარდი რაოდენობა. ევროკავშირი გმობს მძიმე შეიარაღების გამოყენებას და სამოქალაქო რაიონებს მისამართით ცეცხლის განურჩევლად გახსნას, რაც წარმოადგენს მინსკის შეთანხმებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევას. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას მიმდინარე პროვოკაციების წინაშე და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივას სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობის განსამუხტად და მოუწოდებს ჯგუფის ყველა მონაწილეს, მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ძალისხმევაში არსებული ვითარების დიპლომატიურად დარეგულირებისთვის.

 

„ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია, რომ ინსცენირებული მოვლენები, როგორც ეს უკვე აღინიშნა, შესაძლოა, გამოყენებული იყოს, როგორც საბაბი შესაძლო სამხედრო ესკალაციისთვის. ევროკავშირი ასევე ხედავს აღნიშნული მიზნების მხარდასაჭერად ინფორმაციით მანიპულაციის ძალისხმევის გაძლიერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს ეუთო-ს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, რომელთა დამკვირვებლები საკვანძო როლს ასრულებენ დეესკალაციის ძალისხმევაში.

 

ევროკავშირი უსაფუძვლოდ მიიჩნევს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი რაიონებიდან გაჟღერებულ ბრალდებებს უკრაინის მხრიდან შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით.

 

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, დიპლომატიაში, გამოიჩინოს თავშეკავებულობა და მოახდინოს დეესკალაცია.

 

„როგორც აქამდე განვაცხადეთ, ნებისმიერ სამხედრო აგრესიას რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, საპასუხოდ მოჰყვება მასიური შედეგები და სერიოზული საფასური, მათ შორის პარტნიორებთან კოორდინირებული შემზღუდავი ზომები. ევროკავშირი ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

წაკითხვა 331 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.