"რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი" - ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ხალხს მიმართავს
ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო, შეეჩერებინა უკრაინისა და ევროპის ისტორია. რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე თავდასხმა უპრეცედენტო ტერორია.
„ჩვენ ვიბრძვით ძლიერი მტრის წინააღმდეგ, რომელიც აღგვემატება რიცხობრივად, ტექნიკით, თუმცა, ათასი სინათლის წლით შორს არიან ნორმალური ადამიანებისგან, რომელთაც ღირსება აქვთ. უკრაინელებო, ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინისა და ევროპის ისტორია შეეჩერებინა. რუსეთის ჯარი თავს დაესხა ევროპაში ყველაზე დიდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. მხოლოდ ეს სადგური უდრის ექვს ჩერნობილს. რუსმა ტანკებმა იცოდნენ, რას ბომბავდნენ. მათ პირდაპირი ცეცხლი გაუხსნეს სადგურს. ეს არის უპრეცედენტო ტერორი. უკრაინაში 15 ბირთვული ბლოკია და როგორც ჩანს, რუს სამხედროებს ჩერნობილის გლობალური ტრაგედია აღარ ახსოვთ.
რუსო ხალხო, მინდა, მოგმართოთ, ნუთუ ეს შესაძლებელია? 1986 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად. უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული დამწვარი გრაფიტი, მსხვერპლი. თქვენ უნდა გახსოვდეთ განადგურებული ელექტროსადგურის თავზე ნათება. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ევაკუაცია პრიპიატიდან და 30-კილომეტრიანი ზონიდან. ნუთუ აღარ გახსოვთ? და თუ არ დაგავიწყდათ, მაშინ ამოიღეთ ხმა. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იგი მთელი ღამის განმავლობაში ესაუბრებოდა საერთაშორისო პარტნიორებს გლობალური რეაგირების აუცილებლობაზე. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ამ თავდასხმის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს იწვევს და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ 24-საათიანი ინციდენტებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უნდა აამუშაოს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავზე ცა აუცილებელად და სასწრაფოდ უნდა დაიხუროს.
„აუცილებელია, რომ ბირთვული ტერორისტი-სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციები დაუყონებლივ გამკაცრდეს. ცა უკრაინის თავზე აუცილებელად და სასწრაფოდ უნდა დაიხუროს, რადგან ატომურ ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს მხოლოდ ეს შეაფერხებს“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ეროვნულ გვარდიას, რომელიც იცავდა სადგურს და მაშველებს, რომლებმაც ცეცხლი ჩააქრეს.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგოდარის მოსახლეობას მიმართა:
„ბევრი რამ არის დამოკიდებული ენერგოდარის რიგით მოსახლეობაზე. თქვენ ყველაზე კარგად გესმით საფრთხე, თქვენ იქ ცხოვრობთ და თქვენ ხართ დამპყრობლების პირისპირ. განდევნეთ ისინი. გააგებინეთ, რომ ენერგოდარი უკრაინაა, რომ უკრაინაში ბირთვული ფერფლის ადგილი არ არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი