გაჭიანურებული ომის ქრონიკები - კიევის ალყისთვის ემზადება, რუსები კი მთავარი შეტევის მიმართულებებს ცვლიან

“უკვე მესამე კვირაა, რაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და რამდენიმე დღის შედარებითი სიმშვიდის შემდეგ, სამხედრო ანალიტიკოსები შეტაკებათა ინტენსივობის ზრდას პროგნოზირებენ.

მათი აზრით, რუსული სარდლობა სტრატეგიას ცვლის და ძირითადი დარტყმები აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებითაა მოსალოდნელი. თუმცა, ძირითადი ქალაქები კვლავ უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინაში იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა უკრაინაში უკვე გადაისროლეს რამდენიმე ათასი სირიელი მებრძოლი. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ცნობები, სხვა ყველაფერთან ერთად, რუსების მიერ ახალი შეტევების მზადებაზე მიუთითებს. პარალელურად გააქტიურებულია რამდენიმე დიპლომატიური არხი ომის შესაჩერებლად. ასევე პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ონლაინ-მოლაპარაკება უშუალოდ მებრძოლი მხარეების წარმომადგენლებს შორის, თუმცა ანალიტიკოსები შეთანხმების პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაჭიანურებული ომის ქრონიკები - კიევის ალყისთვის ემზადება, რუსები კი მთავარი შეტევის მიმართულებებს ცვლიან.

 

“კვირას რუსულმა ძალებმა ლვოვთან მდებარე სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე რვა რაკეტით საჰაერო დარტყმა განახორციელეს. შედეგად 35-მდე პირია გარდაცვლილი, დაშავებულია სულ მცირე 134 ადამიანი. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ამას ტერორისტულ თავდასხმად აფასებს და აცხადებს, რომ ცენტრში უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობდნენ. ქალაქ ნიკოლაევში რუსების მიერ განხორციელებულ ავიადარტყმას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, რუსულმა ავიაციამ გაზის ტურბინების სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსი “ზარია” დაბომბა. ლუგანსკის რეგიონის ქალაქებში - ლისიჩანსკსა და პოპასნაიაში რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად გაზსადენები დაზიანდა. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად სვიატოგორსკის ლავრა დაზიანდა, სადაც 520 დევნილი, მათ შორის 200 ბავშვი აფარებდა თავს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირებიც. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპრუდსკის მერი გაიტაცეს. მელიტოპოლის მოსახლეობა კი უკვე გატაცებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედეროვის გათავისუფლებას ითხოვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“კიევი ბლოკადისთვის ემზადება. ქალაქი სურსათის ორკვირიანი მარაგით შეივსო იმ 2-მილიონიანი მოსახლეობისთვის, რომელიც ქალაქში დარჩა. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო “ტელეგრამის” საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრინაშია და სარდაფში ზის. მან კადიროვს მიმართა რომ ის “უნდა გამოჩნდეს და ვირთხასავით სარდაფში არ უნდა იმალებოდეს”. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს, მესამე რაუნდი კი 7 მარტს ანტალიაში. მეოთხე რაუნდის გამართვის ზუსტი დრო ჯერ უცნობია”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“როგორც კი შემუშავდება სამართლებრივი ფორმატები, დაინიშნება შეხვედრა - მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ. ახლა მოლაპარაკებების მაგიდაზე არის სხვადასხვა წინადადებები, არის ათობით წინადადება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი. ახლა ვცდილობთ ამ საკითხების ლეგალურ ფორმატში ჩასმას”, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძრვანელი მიხაილო პოდოლიაკი. მანვე რუსულ “კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მეომარ მხარეებს შორის მოლაპარაკება ონლაინ ფორმატში პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოდოლაკის ინფორმაციით, კიევი და მოსკოვი მოლაპარაკებების პროცესში “კომპრომისისკენ მიდიან”. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით კი, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს იერუსალიმში პირისპირ შეხვედრა შესთავაზა”, - დასძენს გამოცემა.

 

“გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბარი 75 წუთს გაგრძელდა. ლიდერებს შორის მოლაპარაკებები წარმოადგენდა უკრაინაში ომის შეწყვეტის საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილს. ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ მოუწოდეს... ჯიპა-ს ასოცირებული პროფესიორი და საგარეო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ რაზედაც პოდოლიაკი საუბრობს, ესაა მოლაპარაკებების ერთი მხარე, რომელიც უსაფრთხო კორიდორებს და ტყვეების გაცვლას გულისხმობს. რაც შეეხება მოლაპარაკებების მეორე მხარეს, შესაძლოა პოლიტიკური მოლაპარაკებები შედგეს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტა ჯერჯერობით მიუღწეველი საკითხია”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“რაზედაც ახლა პოდოლიაკი ლაპარაკობს, ჩვენი საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს, ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჩვენი ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი, სადაც ძირითადად რამდენიმე თემაა. ესაა ჰუმანიტარული კორიდორი, რომ ელემენტარულად ბავშვებმა და ქალებმა გამოსვლა მოახერხონ, რასაც სამწუხაროდ რუსეთი არ ასრულებს და არღვევს. ასევე საუბარია ცხელ ხაზზე, ასევე საუბარია ტყვეების შესაძლო გაცვლაზე, გვამების გადასვენებაზე. რაც შეეხება მოლაპარაკებების მეორე მხარეს, რომელშიც შესაძლოა პოლიტიკური მოლაპარაკებები შედგეს, შუამავლობას ბევრი მხარე ცდილობს. ეს ის არაა, რასაც პოდოლიაკი ლაპარაკობს. აქ უკვე შუამავლობას პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

 

“შაბათს ევროპელ ლიდერებს პუტინთან საუბრის მცდელობა კიდევ ერთხელ ჰქონდათ. ზელენსკიმ იერუსალიმში შეხვედრა შესთავაზა, თუმცა აქაც ისრაელის პრემიერ მინისტრის განცხადება იყო მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუკი მხარეები, ამ შემთხევაში რუსეთი, რაიმე სერიოზული წინადადებით მივა. დღეს, სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ვერ ხედავს თავისივე თავი და ქვეყანა რა მძიმე რეალობაში ჩააყენა. ამიტომაც არ მგონია, რომ ამისთვის ისინი მზად იყვნენ, თუმცა, დამერწმუნეთ, რომ ძალიან მალე იმ ძალიან მძიმე ვითარებას დაინახავენ, რაც რუსეთშია და რაც მომავალში ემუქრება. რუსეთი მოლაპარაკებებზე მაშინ ჯდება, როცა ხვდება, რომ აგებს. დღეს პუტინი, სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდება მიუხედავად იმისა, რომ მას პერსპექტივა ნამდვილად არ აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“რეალობას არაადეკვატურად აღიქვამენ და ცდილობენ, რომ უკრაინას მაქსიმალურად დიდი ზარალი მიაყენონ. ლვოვთან დარტყმები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთის მიზანი მთლიანად უკრაინის დაპყრობა იყო. იმიტომ არ მჯერა, რომ ახლა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე სერიოზულად დაილაპარაკებს. ცის დახურვა ძალიან რთული თემაა, ძალიან სერიოზული უსაფრთხოების რისკებია, მათ შორის იმისა, რომ ეს ომი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანში გადაიზარდოს და ამიტომ ხდება თავის შეკავება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ცის დახურვა იმაზეა დამოკიდებული, თუ რუსეთი რამდენად ადეკვატური ან აარაადეკვატური იქნება. მან თუ არაადეკვატური ქმედებების გააგრძელა და არეალი გააფართოვა, მაშინ პასუხიც და რეაგირებაც კიდევ უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე დღესაა”, - დაასკვნის ფხალაძე.

 

“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სამდღიანი დუმილის შემდეგ რუსულმა მხარემ ახალი გეგმა აამუშავა, შექმნა ფსიქოლოგიური ომის წარმოების ახალი სტრატეგია და როგორც ჩანს, ინფორმაცია მოიპოვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ლოკაციების თაობაზე. “ბოლო სამი დღეა საოკუპაციო ძალები საკმაოდ პასიურობდნენ. შევამჩნიე, რომ რუსებმა ამავე დროში ერთიანი საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის წარმოების ცენტრი შექმნეს, ყველა რუსული ქსელი ფაქტიურად ერთი და იგივე ინფორმაციას გადასცემს. ახლა ეს დარტყმები ძალიან ცუდად მენიშნა. როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურებს, სამწუხაროდ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და გარკვეული ჯგუფების ადგილმდებარეობის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია გააჩნიათ. უკრაინის სპეცსამსახურებმა ამას საკმაოდ დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ”, ამბობს მაისაისა, რომლის აზრით “ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მეხუთე კოლონისა და რუსული აგენტურის მუშაობა მიდის, რადგან ზუსტი დაბომბვა მოახდინეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

“პოლონეთიდან რამდენიმე კილომეტრში დარტყმები - ეს ერთგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაცაა. თან გააპიარეს, რომ ნატოს ინსტრუქტორები დავბომბეთო. წინა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა კოლონა, რომელსაც უკრაინისთვის შეიარაღება გადააქვს, პირდაპირი დარტყმის ობიექტები იქნებიან. მოსალოდნელია, რომ მსგავსი ბაზები დაბომბონ, რადგან რუსების სპეცსამსახურებმა პირდაპირი დავალება მიიღეს, რომ ასეთი ტიპის კოლონებზე ნადიობა დაიწყონ. ასევე იმ სტრატეგიულ რეზერვებს დაარტყან, რომელიც დასავლეთ უკრაინაში ზელენსკის განკარგულებით შეიქმნა და საკმაოდ სერიოზულია. რუსების მთავარი მიზანია, რომ ბოლომდე გაანადგურონ ის სამხედრო აეროდრომები, რომლებიც დასავლეთ უკრაინაშია და საიდანაც უკრაინის ჯერ კიდევ არსებული სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები რუსული საოკუპაციო ძალებზე ეფექტურ შეტევებს ახორციელებენ. არ გამოვრიცხავ რუსებმა მეორე ეშელონის შემოყვანაც დაიწყონ. ასადის რეჟიმის მხრიდან რამდენიმე ათასი ჯარისკაცი უკვე ჩასულია და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი დაეთანხმა ეს ტრანზიტი გაეტარებინა. თუმცა რამდენად მართალია, არ ვიცი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“რუსები უკვე ახალ მოდელზე გადადიან. ისინი ცდილობენ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ფლანგური შემოვლა გააკეთონ, ქალაქი ნიკოლაევი ალყაში მოაქციონ და განავითარონ შეტევა ოდესის მიმართულებით. მეორე მათი მნიშვნელოვანი და აუცილებელი მომენტია, რომ სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების გაერთიანებით კრამატორსკის გარშემო რკალი შექმნან და უკრაინელთა საარმიო ჯგუფი “თავისუფლება” ალყაში მოაქციონ, რომელიც უკრაინის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანია შენაერთია. ეს შენაერთი 50 ათას ადამიანს მოიცავს, რუსების მიზანია, რომ ეს ალყაში მოაქციონ და თუ მოაქციეს, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე სერიზოულ გავლენას მოახდენს. ეს ძალები ხარკოვის, დონეცკის და მარუპოლის მიმართულებასაც აკავებენ. უკრაინის გენშტაბი ამ ჯგუფს ოპერატიულ რეზერვად იყენებს, რადგან, მაგალითად, მათი ნაწილი კიევის მიმართულებით გადაისროლეს, რომლებმაც ბუჩის მიდამოებში რუსების შეტევა შეაჩერეს. ახლა რუსეთი ცდილობს, რომ შეტევა აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით განავითაროს”, - განმარტავს მაისაია.

წაკითხვა 331 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.