"ვინ არიან, საიდან მოდიან, რომ არ აქვთ თანაგრძნობა, მათ შორის, არც ბავშვების მიმართ"
რუსეთმა კიევიდან და კიევის მიმდებარე ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანა არა იმიტომ, რომ როგორც პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, მათ მოლაპარაკებებისთვის კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნა სურდათ, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის არმიამ მათ უკან დაახევინათ და დამატებითი რესურსები სჭირდებათ დონბასში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს აქვს საკუთარი გეგმები, უკრაინას თავისი, ხოლო ბრძოლის შედეგები ბრძოლის ველზე გადაწყდება.
ამასთან, დმიტრო კულებამ მოუწოდა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, დროულად დაეხმარონ უკრაინას.
„ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის ქვედანაყოფების გადანაწილებას უკრაინის ჩრდილოეთიდან და უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უკრაინის აღმოსავლეთში. რეალურად, ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, დონბასისთვის მიმდინარეობს ბრძოლა, რომელსაც მაქსიმალური მასშტაბებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ ყოველდღიურად უმძიმესი შეტაკებები მიმდინარეობს უკრაინის ამ ნაწილში. დონბასისთვის ბრძოლა გაგახსენებთ მეორე მსოფლიო ომს, დიდი ოპერაციებით, ათასობით ტანკის, ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავების, არტილერიის მონაწილეობით. რუსეთს აქვს საკუთარი გეგმები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები და ამ ბრძოლის შედეგები ბრძოლის ველზე გადაწყდება. ამიტომაა ასე სასწრაფო, რომ მოკავშირეებმა კვლავ არ გვითხრან, რომ ისინი ჯერ კიდევ ფიქრობენ და მათ უნდა შეასრულონ ყველა პროცედურა, რომ კიდევ ბევრი საკითხია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შესრულდეს. ან ახლა დაგვეხმარეთ, ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე, ან თქვენი დახმარება დაგვიანდება. ბევრი ადამიანი დაიღუპება, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგავს სახლებს, ბევრი სოფელი განადგურდება ზუსტად იმიტომ, რომ ამ დახმარებამ დაიგვიანა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გაკვირვებულია რუსი სამხედრო ძალების ქმედებებით, რომლებიც არ ინდობენ არც მშვიდობიან მოსახლეობას.
„მოლაპარაკებებზე საუბრისას უკვე ვთქვი, რომ სამწუხაროდ, ბუჩას ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ აისბერგის წვერია. ჩვენ მარიუპოლის ანგარიშებიდან უკვე ვხედავთ, რომ მარიუპოლში ყოველმხრივ ბევრად უარესია. ორ საკითხე მინდა, ყურადღება გავამახვილო – პირველ რიგში, მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს რუსებთან, ვინ არიან ისინი, საიდან მოდიან, რომ არ აქვთ გრძნობა და თანაგრძნობა არც ბავშვების მიმართ, რომლებსაც აუპატიურებენ, ქალების, გოგონების მიმართ, რომლებსაც აუპატიურებენ და კლავენ, არც მშვიდობიანი მოსახლეობის, ხანდაზმულების მიმართ, თუნდაც შინაური ცხოველების მიმართ. ისინი შინაურ ცხოველებსაც კი კლავენ. არ მესმის, ვინ არიან ეს ხალხი. მე მესმის, რომ მეტი ბუჩას თავიდან ასარიდებლად, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და ვნახოთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი. თუმცა, ცხადია, რომ დელეგაციების პოზიციები მოლაპარაკებებში განისაზღვრება შესაბამისი ჯარების წარმატებებით ბრძოლის ველზე და რუსეთზე დაწესებული სანქციების გავლენით. ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც აძლიერებს ან ჩვენს, ან მათ პოზიციებს მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ, რომ უფრო ძლიერები ვიყოთ და საბოლოოდ გავიმარჯვოთ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო