"ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია" - სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია. ამის შესახებ მან რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება. მე არ ვისურვებდი, რომ ახლა, როდესაც რისკები მართლაც ძალზე არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად გაიზარდოს. ამის მსურველი კი ცოტა არ არის“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ასეთი ომის დაწყებისკენ ნაბიჯად კი მან უკრაინაში დასავლური ქვეყნების ჯარების შესაძლო გაგზავნა დაასახელა.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ ზელენსკისა და მისი გუნდის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც ითხოვენ ლამის ნატო-ს ჯარების შეყვანას უკრაინის ხელისუფლების დასაცავად. და ყველა ყოველთვის ამბობს, რომ ისინი მისცემენ შეიარაღებას, რაც, რა თქმა უნდა, ასევე ასხამს ცეცხლზე ნავთს. მათ სურთ ამ შეიარაღების მიწოდებით აიძულონ უკრაინელები, ეომონ რუსეთს ბოლო ჯარისკაცამდე, ოღონდ კი ეს კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ოღონდ კი, როგორც ისინი იმედოვნებენ, რუსეთი მისგან უფრო და უფრო დაზარალდეს“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ დასავლური ქვეყნები თითქოს მოსკოვსა და კიევს შეთანხმების საშუალებას არ აძლევენ.
„ჩვენ მტკიცედ ვიცით, რომ არც აშშ და არც დიდი ბრიტანეთი არ ურჩევენ ზელენსკის, დააჩქაროს მოლაპარაკებები, არამედ ყოველ ჯერზე გაამკაცროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ მარტის ბოლოს სტამბოლში გამოცხადებული საკუთარი პოზიციისგან უკან დაიხია. რუსი მინისტრის ცნობით, ამ მოლაპარაკებებზე ერთადერთხელ შეინიშნებოდა წინსვლა. ლავროვის მტკიცებით, უკრაინამ რუსეთს შეთავაზებების სია გადასცა, რომლის შეთანხმების საფუძვლად ასაღებად მზად იყო რუსეთი. თუმცა, მისივე თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პოზიცია შეიცვალა.
„მაშინ მათ წარმოგვიდგინეს თავიანთი კონტრიდეები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც გაკეთდა სტამბოლში. უზარმაზარი ნაბიჯი უკან“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ამასთან მან განაცხადა, რომ საბოლოოდ მხარეები რამე შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
„როგორც ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც გამოიყენება შეიარაღებული ძალები, ყველაფერი შეთანხმებით დასრულდება. თუმცა, მისი პარამეტრები განისაზღვრება სამხედრო მოქმედებების იმ სტადიით, რომელზეც ეს შეთანხმება რეალობად იქცევა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ინტერვიუში.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო