"ოკუპანტებმა მარიუპოლი გადააქციეს შუა საუკუნეების გეტოდ"- მარიუპოლის მერი
რუსეთის სამხედრო ძალების ალყაში მყოფი მარიუპოლის მერი და საქალაქო საბჭო აცხადებენ, რომ გაუსაძლისმა პირობებმა და ავადმყოფობამ, წლის ბოლომდე შესაძლოა, 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. საქალაქო საბჭოს ტელეგრამ-არხზე დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამჟამად მარიუპოლში იმყოფება 150 000-170 000 ადამიანი.
ქალაქის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა მარიუპოლი გადააქციეს შუა საუკუნეების გეტოდ. ბოიჩენკო წერს, რომ მედიკამენტების, სამედიცინო დახმარების და წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების აღდგენის გარეშე, ქალაქში ეპიდემია დაიწყება.
მერის ინფორმაციით, ქალაქში დარჩენილთა დიდი ნაწილი მოხუცები და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები არიან და შესაბამისი პირობების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ბოიჩენკო აცხადებს, რომ აუცილებელია მარიუპოლში მყოფთა სრული ევაკუაცია.
ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია რამდენჯერმე განხორციელდა. მათ შორის, მაისის დასაწყისში, გაეროს და "წითელი ჯვრის" მონაწილეობით ქალაქიდან გაიყვანეს რამდენიმე ასეული ადამიანი. ევაკუირებულთა შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც ორი თვის განმავლობაში თავს აფარებდნენ მეტალურგიული გიგანტის, "აზოვსტალის" გვირაბებს.
ვითარება ისევ უკიდურესად მძიმეა "აზოვსტალის" რაიონში, რომელსაც ორ თვეზე მეტია იცავენ უკრაინელი მებრძოლები. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
