"ევროპის ფარული მარგალიტი" - რას წერენ უცხოური გამოცემები ბათუმზე

ბათუმზე სტატიებს Conde Nast Traveler, Forbes, Euronews და სხვა პოპულარული გამოცემები აქვეყნებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმი, როგორც ევროპის ფარული მარგალიტი, ცნობილი მედიაპლატფორმების ყურადღების ქვეშ მოექცა.

 

Conde Nast Traveler Spain, Forbes USA, Forbes Brazil, Euronews და Yahoo France იმ 10-მდე გამოცემას შორისაა, რომლებიც პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის European Best Destination რეიტინგს ეხმაურებიან და ევროპის ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ბათუმზე სტატიებს აქვეყნებენ.

 

Forbes USA მილიონობით მკითხველს ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, ისტორიასა და კულტურაზე ესაუბრება.

 

„მდიდარი ისტორიით, მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებით და ევროპის ყველაზე თამამი არქიტექტურით, ბათუმი ასევე საინტერესო მიმართულებაა გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის“, – წერს გამოცემა.

 

ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საზღვაო-სამთო ტურისტულ პროდუქტებს აცნობს მკითხველს პოპულარული გამოცემა Condé Nast Traveler.

 

„როცა ჭამის და დალევის დრო დგება, ბათუმი გაგაოცებთ ისეთი კერძებით, როგორიცაა აჭარული ხაჭაპური, ბადრიჯანი, ხინკალი ან ჩიხირთმა. და რა თქმა უნდა, ვერ დატოვებთ ბათუმს კარგი ქართული ღვინის დაგემოვნების გარეშე“, – წერს გამოცემა.

 

„აღმოაჩინე შავი ზღვის რეგიონი, სადაც სანაპიროები და თოვლიანი მწვერვალები ერთმანეთს ერწყმის“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Euronews. სტატიაში ჟურნალისტი რეგიონის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებსა და ტურისტულ პროდუქტებზე საუბრობს. „გადაეშვი აჭარის მრავალფეროვან პეიზაჟებში და აღმოაჩენ, რომ საქართველოს ეს ისტორიული რეგიონი სავსეა უძველესი არქიტექტურული მარგალიტებით, თვალწარმტაცი ბუნებითა და მღელვარე თავგადასავლებით – რომ აღარაფერი ვთქვათ ღვინის კულტურაზე, რომლის შესახებ იუნესკო-ც კი მოწმობს“, – აღნიშნავს გამოცემა.

 

ბათუმის კლიმატსა და აჭარის ეროვნულ პარკებზე ამახვილებს ყურადღებას Forbes Brazil. „სუბტროპიკული და რბილი კლიმატიდან გამომდინარე, ბათუმის მონახულება მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. რეგიონის ეროვნული პარკები იუნესკო-ს სიაში შევიდა, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლები“, – წერია პუბლიკაციაში.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, European Best Destination-ის რეიტინგში ბათუმის, როგორც ევროპის საუკეთესო ფარული მარგალიტის გამოვლენის შემდეგ, სამოგზაურო პლატფორმის გვერდზე გაიზარდა ინტერესი ბათუმის მიმართულებით. როგორც EBD-ს წარმომადგენლები აცხადებენ, დუბლინის, ათენის, ფუნჩალის, ნოტინგემის გვერდით, მომხმარებლები აქტიურად ჯავშნიან ბათუმის მიმართულებას.

წაკითხვა 727 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.