საარტილერიო შეტევის განახლებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ შეტევა განაახლა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, არამ ტოროსიანის თანახმად, გასული ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანის არმია უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებდა სომხეთის ქალაქ ჯერმუკთან, თუმცა, სხვა მიმართულებებით რაიმე არსებითი ინციდენტები არ ყოფილა, დღეს დილიდან კი, მოწინააღმდეგე არტილერიის, ნაღმმტყორცნების და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით უტევს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, განსაკუთრებით, ჯერმუკსა და ვერინ შორჟას. ტოროსიანის თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები შესაბამის, საპასუხო ზომებს მიმართავენ.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასულ ღამით და დღეს დილით დაარღვია სომხეთის არმიამ. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო დანადგარების და ნაღმმტყორცნების გამოყენებით დაცხრილა აზერბაიჯანის არმიის პოზიციები ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებში, რასაც საჭირო ზომებით უპასუხეს.
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან საბრძოლო მოქმედებები 12 სექტემბერს, ღამიდან განახლდა. ერევანი ბაქოს ადანაშაულებს „სუვერენული სომხეთის ტერიტორიის წინააღმდეგ აგრესიაში", ხოლო ბაქო ერევანს - "ფართომასშტაბიან პროვოკაციაში". როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს შორის არსებული რაიონები და გზები, ამ აქტების აღსაკვეთად აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ მიღებულ ზომებს კი, მოჰყვა ბრძოლა და დანაკარგი ორივე მხრიდან.
ოფიციალური მონაცემებით, პირველ დღეს დაიღუპა 50 აზერბაიჯანელი სამხედრო. სომხეთმა დაადასტურა 49-ის დაღუპვა. 13 სექტემბერს, რუსეთმა განაცხადა, რომ მისი შუამავლობით, დილის 9 საათიდან ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების გამო, საფრანგეთმა მოიწვია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. ევროკავშირმა სომხეთსა და აზერბაიჯანში სასწრაფოდ მიავლინა სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დიალოგის განახლებას. 13 სექტემბერს, ბაქოში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი ფილიპ რიკერი, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკების ხელშეწყობა. ამერიკელი დიპლომატი სომხეთსაც ეწვევა.
მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის შემოდგომაზე განახლდა. ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი". კონფლიქტის ზონაში სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოშიც.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი