“კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური პარტიის არცერთი ნიშანი არ აქვს, რადგან ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური კომიტეტი” - გია ვოლსკი

ყველა ადამიანს შეუძლია, გადაშალოს და ნახოს, რომ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონი არ შეცვლილა 1995 წლიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა.

„იყო მცირედი ცვლილებები, მაგრამ რამდენიმე ფუნდამენტური პოსტულატი დარჩა მყარად, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიის არსს, რომ არ შეიძლება, პოლიტიკური პარტია არსებობდეს, რომელიც მოუწოდებს და კონკრეტულ ქმედებებს სჩადის იმისათვის, რომ კონსტიტუციური წესწყობილება ძალით შეცვალოს და პროცესი განავითაროს ისეთი, რომელიც გამოიწვევს დაპირისპირებას, ნგრევას, დაკარგავს ტერიტორიებს და მთელი ჩამონათვალია, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია.

 

2012 წლის შემდგომ რაღაც მცირე პერიოდი იყო შესვენება, თორემ იქიდან მოყოლებული და 2016 წლის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობდა მცდელობა დამხობის, რევოლუციის მოწყობის, იყო არაერთი ფიზიკური დაპირისპირება და არაერთი ასე ვთქვათ, ტერორისტული აქტი. სამართლებრივ ფორმულირებას არ ვამბობ, მაგრამ როდესაც იყენებ მომაკვდინებელ რესურსს, როგორიც არის პიროტექნიკა და დამიზნებით ესვრი ადამიანს, ან ესვრი მოლოტოვის კოქტეილს, წვავ ადამიანს და შენობებს, შეჯახებების ინსპირირებას ახდენ და ასე შემდეგ, რასაკვირველია, ეს შეიძლება, ჩაითვალოს ყველა პუნქტის დარღვევად, რომელიც არის ამ კანონში“.

შეკითხვაზე, რა შეიცვლება პოლიტიკურ ველზე ამ სამი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ველზე დღეს დე ფაქტო არა, მაგრამ დე იურე არსებობს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა არცერთი ნიშანი არ აქვს პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური სუბიექტის, რადგან ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური კომიტეტი.

 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გახარიას პარტიასთან დაკავშირებით სხვა მოცემულობაა.

 

„გახარიასთან დაკავშირებით განცხადებები გავაკეთეთ და იცით ჩვენი დამოკიდებულება, იქ ჩორჩანას საკითხი იქნება, თუ გადადგომის საკითხი და ამ არეულობის ხელშეწყობა, ეს ეხება ერთ პიროვნებას, ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, თუნდაც, შს მინისტრის პოზიციიდან ჩადენილ ქმედებებს. მთელ პარტიას არ ჩაუდენია ის, რისი აკრძალვაც წერია იმ კანონში, რომელიც ჯერ კიდევ 1995 წლიდან მოქმედებს“.

წაკითხვა 124 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.