დეპოპულაცია და “ფილტრაცია” - რა ბედი ელით რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს
უკრაინული მედია “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე” დაყრდნობით იუწყება, რომ რუსმა ოკუპანტებმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 10 ათასამდე უკრაინელი ბავშვი გადაიყვანეს.
ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში აცხადებენ, რომ რუსებს ბავშვები სკოლა-ინტერნატებიდან გამოჰყავთ და არ აბრუნებენ. ისინი იტაცებენ არამარტო ობლებს, არამედ მშობლებთან ერთად მცხოვრებ ბავშვებსაც. “ისინი გადაჰყავთ რუსეთში ბავშვთა ბანაკებში და მშობლებთან აღარ აბრუნებენ. ამით კრემლი ცდილობს, აიძულოს მშობლები, წავიდნენ რუსეთში შვილებთან და დატოვონ სახლები”, - აცხადებენ ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში. მათივე ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ადამიანები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რადგან რუსებმა საომარი მდგომარეობა შემოიღეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დეპოპულაცია და “ფილტრაცია” - რა ბედი ელით რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს.
“ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება მორიგი სამხედრო დანაშაულია. “ჩვენ ვაგრძელებთ მასობრივი სისასტიკის ფაქტების და რუსული ძალების მიერ უკრაინიდან ბავშვების სისტემატური გატაცების შესახებ ცნობების აღმოჩენას. თუ დადასტურდება, ეს კიდევ ერთი ომის დანაშაული იქნება. დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს”, - აღნიშნა ბორელმა. საგარეო საკითხების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ეს არის დეპოპულაცია. მისივე თქმით, ეს ადამიანები ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან, რაზეც პუტინმა და მისმა გარემოცვამ პასუხი აუცილებლად უნდა აგოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს არის ჩვეულებრივი ტრეფიკინგი და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით აკეთებენ. მერე კაცმა არ იცის ეს ხალხი სად მოხვდება. ეს არის მოსახლეობის დეპოპულაცია, ანუ უკრაინის დაცლა. ამასთან, იქ არის ადამიანების ნაწილიც, რომელებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ, არიან რუსები და რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილნი, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე პროცენტი. ძირითადად კი რუსებს გაჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა თავისივე ნების წინააღმდეგ, რომელთაც ტრეფიკინგის მსხვერპლად იყენებენ. რა ბედი ეწევათ ამ ადამიანებს არავინ იცის. არაერთი მსგავსი ისტორია გახდა ცნობილი, ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების შესახებ, რომლებსაც სხვადასხვა არაადამიანურ შრომას აიძულებენ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ პუტინმა და მისმა რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს კაცობრიობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე, აქ ამ ადამიანების ბედიც მოიაზრება”, - აცხადებს გამოცემოს კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“ცნობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციამ “ჰიუმან რაითს უოჩმა” უკრაინელი სამოქალაქო პირების რუსეთის ფედერაციაში გადაყვანის შესახებ შეაგროვა მასალები და გამოიკვლია ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში იძულებით გადაყვანის პრობლემა. ასევე, გამოიკვლია რუსეთისა და მასთან დაკავშირებული ძალების მიერ ჩადენილი სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში, სახელწოდებით - “ჩვენ არჩევანი არ გვქონდა: ფილტრაცია და უკრაინელი სამოქალაქო პირების რუსეთში იძულებითი გადაყვანის დანაშაული” - ორგანიზაციამ მსხვერპლთან 54 ინტერვიუს შემდეგ დოკუმენტირებული ასეთი ტიპის არაერთი შემთხვევა აღწერა. “ჰუმან რაითს უოჩის” განცხადებით, ეს შემთხვევები ომის კანონების სერიოზული დარღვევაა, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს და შესაძლოა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია ჰქონდეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამასთანავე, უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთმა ან მასთან დაკავშირებულმა ძალებმა ათასობით უკრაინელი მოქალაქე იძულებით, სადამსჯელო და ღირსების შემლახავ უსაფრთხოების პროცედურებს დაუქვემდებარეს, სახელად “ფილტრაცია”. ცნობილია, რომ ორგანიზაცია “ჰუმან რაითს უოჩმა” რუსეთში “ფილტრაციის” გზით ჩასული უკრაინელები გამოკითხა. ეს ადამიანები ან თვითონ იყვნენ ამ გზით გაყვანილი რუსეთში, ან მათი ოჯახის წევრი ან მეგობარი ჩაიყვანეს რუსეთში ან ისინი დაეხმარნენ იმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთიდან გაქცევას ცდილობდნენ. ამათგან უმრავლესობა მარიუპოლის რაიონიდან იყო, რამდენიმე კი რუსეთში ხარკოვის რეგიონიდან ჩაიყვანეს. ამ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ასევე ჩაწერა ათობით უკრაინელი, რომლებიც საომარი ზონებიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე გაიქცა “ფილტრაციის” გავლის გარეშე”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"