კრემლის მორიგი ბარბაროსობა - რატომ ურტყამენ რუსები საცხოვრებელ კორპუსებსა და მშვიდობიან მოსახლეობას
“14-15 იანვრის ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროში მომხდარი ტრაგედია უკვე შეფასდა, როგორც ომის დაწყების შემდეგ რუსების მიერ ჩაგენილი ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი სამხედრო დანაშაული.
ღამით რუსული “ხ-22” ტიპის ზებგერითი რაკეტა დნიპროში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ანალიტიოკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ბარბაროსული დარტყმებით რუსები ცდილობენ აიძულონ მოწინააღმდეგე, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები საცხოვრებელი კვარტლების დასაცავად გადაისროლონ. ამის პარალელურად, ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ სოლედარია, რაზედაც ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქზე კონტროლი მოიპოვეს, თუმცა უკრაინა ამას უარყოფს და ამბობს, რომ ქალაქის დაახლოებით 10%-ს, რკინიგზის სადგურს და მარილის ერთ საბადოს აკონტროლებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრემლის მორიგი ბარბაროსობა - რატომ ურტყამენ რუსები საცხოვრებელ კორპუსებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.
“როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა სოლედარში აქტიური ბრძოლები მიდის და ძნელია გაარკვიო უკრაინა რა ტერიტორიას აკონტროლებს, თუმცა, მათი ცნობით, უკრაინის ჯარი სოლედარიდან ჯერ არ გამოსულა, რაც ნიშნავს, რომ რაღაც ნაწილს მაინც აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ცნობებს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქალაქში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე კონტროლი დაამყარეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქალაქი ხუთშაბათს საღამოს აიღეს. ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე კი იგივე ინფორმაცია “ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმაც გაავრცელა. ოღონდ მისი მტკიცებით ქალაქი მისმა დაქირავებულმა მებრძოლებმა აიღეს და არა რუსეთის რეგულარულმა არმიამ. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სოლედარისთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, პარალელურად ბახმუტზეც შეტევა გრძელდება. ახლა, ბერიძის თქმით, მთავარია უკრაინელებმა რუსებს იმის შესაძლებლობა არ მისცენ, რომ ალყაში მოაქციონ. გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი აცხადებს, რომ სოლედარში შეტაკებები ძირითადად ჩრდილოეთით და ჩრდილო დასავლეთითაა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დღეს ძალიან ძნელია გაერკვიო ვინ რას აკონტროლებს, მაგრამ მე მაქვს ინფიორმაცია, რომ სოლედარში ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დღეს და გუშინ არა, მაგრამ წინა დღეებში რუსებს თავიდან გარკვეული წარმატება და წისვლა ჰქონდათ, თუმცა, მე როგორც ვიცი, სოლედარისთვის ბრძოლები მიმდინარეობს და არ დამთავრებულა. რუსები სოლედარს ბოლომდე მაშინ გააკონტროლებენ, როცა უკრაინელები გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რამდენადაც ვიცი, ამის შესახებ გადაწყვეტილება განიხილებოდა. ჩემი ვარაუდით, უკრაინელები ჯერ ცდილობენ, რომ შემდეგი ზღუდე შესაბამისად მოამზადონ და უკვე მერე გამოიყვანონ. ახლა ამ ხაზს ინარჩუნებენ, რომ ბოლომდე იბრძოლონ. მემგონი სოლედარმა თავის ამოცანა შეასრულა. რუსების შეტევა ბახმუტზეც გრძელდება, მათ ჯერჯერობით წარმატება არ ჰქონიათ, ძირითადი ძალა უფრო სოლედარზე გადაიტანეს. ეს რუსული ბრძოლის მეთოდია, რომ ჯერ გარშემო შემოუარონ და მერე შეტევა უფრო გაუადვილდეთ. ახლა მთავარია ბახმუტის დამცველებმა რუსებს შესაძლებლობა არ მისცენ, რომ ქალაქს ორი, ან სამი მხრიდან შემოუარონ და უკრაინელებს ამოცანა გაურთულონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
„ჩემი აზრით, დაბომბვების მხრივ საკმაოდ რთული პერიოდი გველოდება. რუსების დაბომბვას ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა. უკრაინის ტერიტორია ძალიან დიდია. კიევი შედარებით კარგადაა დაცული, თუმცა ყველაფერს ვერ დაიცავენ და უკვე სხვადასხვა ქალაქების დაბომბვა დაიწყეს. რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების დაბომბვა იმიტომ დაიწყეს, რომ უკრაინელებმა საკვანძო ობიექტები აღარ დაიცვან და თავდაცვის საშუალებების დეკონცენტრაცია მოხდეს. სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ ასეთი სარაკეტო დაბომბვები კიდევ იქნება, შესაძლოა ინტენსივობამ მოიმატოს კიდეც, იანვრის ბოლომდე და თებერვლის შუა რიცხვებამდე წინ რთული პერიოდი გველოდება”,-დაასკვნის ლაშა ბერიძე.
“ვინ რამდენად აკონტროლებს არ ვიცი, მაგრამ სოლედარის ჩრდილოეთით, რკინიგზის სატვირთო სადგურ სოლიზე შეტაკებებია. სოლედარის განაპირას ჩრდილო-დასავლეთით მეშვიდე მაღაროა, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ. რაღაც წინააღმდეგობის კერები ალბათ ჯერ კიდევ იქნება. მარიუპოლისთვის ბრძოლა რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით იგივე ამბავია. უკრაინელები შიგნით ქალაქში არიან და რაღაც ნაწილს რა თქმა უნდა გააკონტროლებენ. მთავარია ეს როგორ დამთავრდება, გამოიყვანენ თუ ალყაში მოექცევიან. რაც შეეხება დაბომბვებს, მსგავსი ტიპის შეტევების ინტენსივობის ზრდაზე ეჭვი მეპარება, რადგან რუსეთი თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. მას რომ შეეძლოს, დიდი ხანია გაზრდიდნენ. ვეჭვობ, რომ მსგავს დარტყმებს კიდევ გააგრძელებენ, ეს მათი ხელწერაა, რითაც მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება გრძელდება. ასეთ დარტყმებს რუსები მანამდეც ახორციელებდნენ და არავითარი მორალური კათარზისი მათ არ განუცდიათ, რომ ასეთი რაღაცეების კეთება შეწყვიტონ. არასამხედრო სტრუქტურებზე დარტყმა რა თქმა უნდა ომის დანაშაულია. ერთი ფაქტია, რომ ისინი ამას მიზანმიმართულად ახორციელებენ, მეორე ფაქტი კი ისაა, მათ შეიარაღება ზუსტი არაა და არაა გამორიცხული, რომ სამხედრო ობიექტზე გამიზნული ბევრი დარტყმა სამოქალაქო ობიექტს მოხვდეს, რაზეც ძალიან არ წუხან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"